ბრძანების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა წინასწარ უნდა გადაიხადონ ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება. ასევე, საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
გენერალური აუდიტორის ბრძანება ბეჭდურ მედიაზეც გავრცელდა, თუმცა იმის დადგენა, კონკრეტულად რომელ მედიასაშუალებებს შეეხო აღნიშნული რეგულაციები, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ორი უწყებიდან რეგიონული მედიის ასოციაციამ ორი ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მიიღო.
12 აგვისტოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, სადაც გენერალური აუდიტორის ბრძანება ჯერ ისევ პროექტის სახით არსებობდა, რეგიონული მედიის ასოციაციას უთხრეს, რომ რეგულაციები ეხებოდა მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ბეჭდურ მედიას.
„ჯერჯერობით, ეს მხოლოდ პროექტია დ ა სხდომაზე 15 აგვისტოს გაგვაქვს. დოკუმენტი დევს ჩვენს ვებგვერდზე გამოტანილია საჯარო განხილვისათვის და თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ, შეგიძლიათ დაესწროთ სხდომას და შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინოთ ზეპირად ან წერილობით. წინასარჩევნოდ მხოლოდ იმ ბეჭდური პრესის რეგულირება მოხდება ,რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან,” – უთხრეს რეგიონული მედიის ასოციაციას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
ასოციაცია იმავე დღეს დაუკავშირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. პრესსამსახურმა შეკითხვა ჩაინიშნა, ტელეფონი ჩაიწერა და ასოციაციის წარმომადგნენელს დაპირდა, რომ თვითონ დაურეკავდა საკითხის გარკვევისთანავე.
„რა თქმა უნდა , აუცილებლად გაგირკვევთ, ოღონდ ზუსტად ჩამაწერინეთ რაში მდგომარეობს თქვენი შეკითხვა, ჩვენ თვითონ დაგირეკავთ, ეს ჩვენს ინტერესშიც შედის”-განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში.
ამასობაში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პროექტი დადგენილებად აქცია და საჯაროდ გამოქვეყნა. ვინაიდან გენერალური აუდიტორის ბრძანება არ ახდენდა ბეჭდური მედიის დიფერენცირებას დაფინანსების წყაროების მიხედვით, რეგიონული მედიის ასოციაცია კიდევ დაუკავშირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
”ტელეფონი დაგვიტოვეთ, შეკითხვას ჩავინიშნავთ და ჩვენ დაგირეკავთ, _ უპასუხეს რეგიონული მედიის ასოციაციას პრესსამსახურში. ასოციაციის წარმომადგენელმა პრესამსახურს აუხსნა, რომ ეს ეტაპი 4 დღის წინ გაიარა და ითხოვდა ზუსტ და კომპეტენტურ პასუხს.
მართლაც, 1 საათის შემდეგ, ასოციაციას აუდიტის პრესსამსახურის უფროსი ფატი მამიაშვილი დაუკავშირდა:
_ ქალბატონო ფატი, რეგიონული მედიის ასოციაციის 24 მედიაგამომცემელს აინტერესებს, ეხება თუ არა მათ ახალი რეგულაციები. მარეგულირებელში გვითხრეს, რომ მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პრესა ხვდება ამ სფეროში.
_ თქვენ გაეცანით ბრძანებას? ნახეთ, რა წერია და მერე რა ვერ გაარკვიეთ, ვერ ვხვდები? ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება დღეს განცხადება, რითაც საიას განცხადებასაც ვუპასუხებთ.
_ მარეგულირებელში გვითხრეს, რომ მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინასნებულ მედიას ეხება ეს რეგულაცია. ასეა თუ არა?
_ აქ წერია მაუწყებლები და გაზეთები, არ ვიცი, ეხლა მე კიდევ ვიკითხავ, აქ გასაგებად წერია ყველაფერი, აქ მითითებული არ არის ადაფინასნება .
_ ანუ ეხება ყველა მედიასაშუალებას?
_ ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ , წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინასნების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 7 აგვისტოს .
_ კარგით, ანუ ჩავთვალოთ, რომ ეს რეგულაცია ყველას გვეხება?
_ იცით რა არის? გაეცანით ამ წესს.
15 აგვისტოს, სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო დადგენილება რომლის მიხედვითაც წინასაარჩვენო რეგულაცია ეხება მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინასნებულ მედიასაშუალებებს. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ ბეჭდური გამოცემების სიაც, ვინ ვალდებულია, ახალ წესებს დაემორჩილოს.
დადგენილების თანახმად, მონიტორინგი იმ გაზეთებზე გავრცელება, რომლებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება,”_ ნათქვამია დადგენილებაში.
2012 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, საარჩევნო პროცესში კომისია ზედამხედველობას შემდეგ ბეჭდვურ გამოცემებს გაუწევს:
1. „ეგრისის მაცნე“; 2. „გურჯაანი“; 3. „გაზეთი ბოლნისი“; 4. „პრო–არტი“; 5. „მოდინახე“; 6. „ენციკლოპედია ქუთაისი“;
7. „ლიტერატურული მესხეთი“(ადიგენი); 8. „ჩემი აფხაზეთი“; 9. „ბიულეტენი“; 10. „ვრასტანი“; 11. „გურჯისტანი“;
12. „ონი News“; 13. “ახალი ხარაგაული”; 14. “ლიტერატურული მესხეთი” (ახალქალაქი).
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ თვლიან, რომ გარდა იმისა, რომ ახალი რეგულაციები უკანონოა და არღვევს როგორც მედიის, ასევე საარჩევნო სუბიექტის უფლებებს, ამავდოულად სახელმწიფო აუდიტის სამსახური სცდება საკუთარი კომპეტენციის საზღვრებს, რადგან მისი ფუნქცია მხოლოდ პარტიების ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის დადგენაა და არა მედიის ზედამხედველობა.
„ვფიქრობთ, გაუმართლებელია, ორი საჯარო დაწესებულება ერთდროულად ახდენდეს წინასაარჩევნო საკითხებზე მედიის მონიტორინგს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე დამატებითი ვალდებულების დაკისრება მძიმე ტვირთი იქნება მედიაორგანიზაციებისათვის. თავის მხრივ, მედიის მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში მაღალი სენსიტივობით გამოირჩევა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქცია უნდა შეითავსოს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ.
მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაუყოვნებლივ გააუქმოს მის მიერ ამა წლის 6 აგვისტოს მიღებული კანონსაწინააღმდეგო აქტი. ყველა საარჩევნო სუბიექტს, მაუწყებელსა და გაზეთს, რომელთაც ეხებათ აღნიშნული შეზღუდვები, უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობა. საია გამოთქვამს მზადყოფნას, განახორციელოს დაინტერესებული პირების წარმომადგენლობა სასამართლოში,”_ ნათქვამა საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისის 15 აგვისტოს დადგენილებით, ახალი რეგულაციები ვრცელდება შემდეგ მედიასაშუალებებზე:
ა) საზოგადოებრივ მაუწყებელზე;
ბ) სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელზე;
გ) საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირზე;
დ) საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელზე;
ე) სპეციალიზებული მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის იმ ლიცენზიის მფლობელზე
ან ავტორიზებულ პირზე, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას;
ვ) გაზეთებზე, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.