მისი თქმით, ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, რათა საზღვარგარეთ მყოფი მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე საარჩევნო პროცესს გამოეთიშოს. ემიგრანტების ონლაინ საკონსულო რეგისტრაციას იუსტიციის სახლის სამოქალაქო რეესტრი ახორციელებს, ემიგრანტები რეგისტრაციის დროს წარმოქმნილ ტექნიკურ შეფერხებებზე საუბრობენ.
„ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ონლაინ რეჟიმი საერთოდ დაიბლოკა, ვერავის ვერ ვარეგისტრირებთ და ამით ფაქტობრივად გააჩერეს მთელი ემიგრაცია. საგარეო საქმეთა მინისტრის 11 ივლისის ბრძანებით, რეგისტრაციისთვის ითხოვენ ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან. ეს ცნობა უნდა აიტვირთოს ონლაინ რეჟიმში. აღნიშნული ცნობის ატვირთვის შემდეგ, საქართველოს მხარე გვეუბნება, რომ სჭირდება ერთი თვე რათა მოხდეს დადასტურება , თუ რამდენად არის ჩვენს მიერ ატვირთული დოკუმენტი შესაბამისი უწყებისათვის მისაღები. მოგეხსენებათ, რას ნიშნავს 1 თვიანი ლოდინის რეჟიმი,“ – აცხადებს ნანა ელიოტი „გურია ნიუსთან“ საუბარში.
გარდა ონლაინ რეგისტრაციისა, ქაართველ ემიგრანტებს საშუალება აქვთ, რეგისტრაცია საქართველოს საკონსულოებში გაიარონ, რასაც ბევრი არიდებს თავს.11 ივლისის ბრძანებამ ემიგრანტებში შიში გამოიწვია, ისინი ფიქრობენ რომ საკუთარი საცხოვრებელი მისამართის გასაჯაროების შემთხვევაში, რეადმისიის შეთანხმების შეაბამისად, მათი დეპორტაცია განხორციელდება.
„საკონსულო რეგისტრაციის გარეშე ემიგრანტი ვერ მოხვდება საარჩევნო სიაში, ამიტომაც არალეგალები, ფაქტობრივად, ვერ მიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ლონდონში ქართველი არალეგალები, რა თქმა უნდა, არიან, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით მცირეა ამერიკასა და საბერძნეთთან შედარებით.
რეადმისიის შეთანხმებამ და განსაკუთრებით კი 11 ივლისის ბრძანებამ, გააძლიერა დეპორტაციის შიში. რაც შეეხებათ ლეგალურად მცხოვრებლებს, პრობლემები მათაც შეექმნათ, უბრალოდ ვერ ტვირთავენ დოკუმენტებს ონლაინ რეჟიმში,“_ აცხადებს ელიოტი „გურია ნიუსთან.“
„გურია ნიუსი“ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა მსურველს უპრობლემოდ არეგისტრირებენ და აქამდე პრობლემები არ შექმნიათ.
„სკაიპით დაგვირეკონ და გავუწევთ ტექნიკურ დახმარებას, როგორც ჩანს, რაღაცას ისე ვერ აკეთებენ, როგორც საჭიროა. აი, ზუსტად ამ წუთას დავაყენეთ ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე. დაგვიმატონ სკაიპის კონტაქტებში და დავარეგისტრირებთ,“_ აცხადებს იუსტიციის ცხელი ხაზის თანამშრომელი „გურია ნიუსთან“ საუბარში.
იუსტიციის სახლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სახლიდან გაუსვლელად, საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად საჭიროა ელექტრონული განცხადების შევსება და ბიომეტრიული ფოტოსურათის ატვირთვა. ამისთვის ემიგრანტი უკავშირდება დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში ადასტურებს ნებას, რომ სურს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა. რეგისტრაციას კი არც მეტი არც ნაკლები სრული 1 თვე სჭირდება.