ის ადამიანი, რომელმაც რომელმაც ბიძინა ივანიშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის უსაფუძვლო ბრალდებით გააჩერა. შემდეგ კი, ვიდეოკამერის დანახვისას, “მწვანე შუქი” აუნთო.
ძალოვანი და მაკონტროლებელი ორგანოების ჩართვა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, პირველი შემთხვევა არ გახლავთ, ამის დამადასტურებელი ფაქტები “გურია ნიუსმა” წინა არჩევნებზეც აღმოაჩინა.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და დღევანდელი მასალის გმირი ერთი და იგივე პიროვნება გახლავთ _ პაატა მანჯგალაძე, ცესკო-ს სწავლების ცენტრის ტრენერი.
“გურია ნიუსის” ვიდეო და ფოტო ობიექტივში დაფიქსირდა, 2012 წლის 20 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოწყობილ საღამოზე, პაატა მანჯგალაძე როგორ ისმენდა ყურადღებით რამაზ ნიკოლაიშვილის _ მინისტრისა და ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატის შემდეგი შინაარსის სამადლობელს: “მადლობა მიშკას, მადლობა მიშას!”
პაატა მანჯგალაძეს რამაზ ნიკოლაიშვილთან ძველი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ, როცა რამაზ ნიკოლაიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი პაატა მანჯგალაძე, ტრადიციულად, გურიაში, ცესკო-ს ეგიდით არჩევნების სამართლიანობას აკვირდებოდა.
“გურია ნიუსმა” დაადგინა, რომ ცესკო-ს სწავლების ცენტრის ტრენერი და წარმომადგენელი გურიაში, პაატა მანჯგალაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელია. ის, ამჟამად კვლავ კუთვნილი შვებულებით სარგებლობს და კვლავ გურიაში, კვლავ ცესკო-ს ეგიდით იმყოფება.
“გურია ნიუსი” აუდიტის სამსახურიდან შვებულებაში მყოფ პაატა მანჯგალაძეს ტელეფონით დაუკავშირდა.
_ ბატონო პაატა, ამ არჩევნებზე ისევ გურიის რეგიონში გამოჩნდით, ისევ არჩევნებზე დასაკვირვებლად და ისევ ცესკო-ს ეგიდით. რამდენიმე დღის წინ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად იმყოფებოდით სტუდენტების დასაქმების დახურვის საღამოზე… რამე კავშირშია ეს ყველაფერი არჩევნებთან?
_ ეს დამთხვევა იყო ნამდვილად, ამ ბავშვებს ვიცნობდი. ტრენინგები სადაც მიმდინარეობდა, იქ იყო მათი შეკრების ადგილი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დამთხვევა იყო. მე, ვმოქმედებ კანონის ფარგლებში.
_ თქვენ, ამ შეხვედრას ბოლომდე ესწრებოდით… შეხვედრას, რომელსაც მინისტრი და ვიცე-გუბერნატორი ესწრებოდა და აშკარად ხელისუფლების პიარ-ღონისძიება იყო…
_ თქვენ ვინც ეს გითხრათ, ვინც ეს მასალა შეაგროვა, ის იმასაც დაინახავდა, რომ შეხვედრაზე ადრე მოვედი და სხვა მანქანით გადავადგილდებოდი იმ დღეს.
მესმის, საიდანაც მოდის ეს კითხვის ნიშნები. მე, მომიწია თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში მუშაობა, როდესაც იქ რამაზ ნიკოლაიშვილი იყო მინისტრის მოადგილე. ნაცნობობა არის, მაგრამ, ვინაიდან წარმომადგენელი ვარ ცესკოსი და ვთქვათ, გავექცე ამ ურთიერთოებებს ამიტომ…
არ ჩამითვლია აგიტაციაში და პროპაგანდაში და მე, ამის უფლებაც არ მაქვს, კანონი არ მაძლევს ამის საფუძველს. მე თუ სხვას ვასწავლი კანონს და აქეთ მე დავარღვიე, აზრი არ ექნება ამას.
_ ბატონო პაატა, ისიც დამთხვევა ხომ არ არის, რომ დღესდღეობით, თქვენ ბრძანდებით კონტროლის პალატის, ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტის თანამშრომელი…
_ ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდათ?
_ ინფორმაციის გაგება არ არის ძნელი. ხომ ასეა? თქვენ ხომ კონტროლის პალატის თანამშრომელი ხართ?
_ დიახ, დაგიდასტურებთ, მაქ ისეთი არაფერი არ არის.
_ აჭარა-გურიის რეგიონის აუდიტის სამსახურის უწყებას წარმოადგენთ.
_ დიახ.
_ ცესკოს წარმომადგენელი, საოლქო კომისიების თანამშრომლების დატრენინგება აუდიტის სამსახურის თანამშრომლის მხრიდან, ცოტა უხერხული ხომ არ არის?
_ მაგაზე გვქონდა საუბარი, იყო ასეთი მომენტი. მე 2002 წლიდან ვაკეთებდი ამ საქმეს რეგიონში, გურიის რეგიონში განსაკუთრებული გამოცდილება მაქვს ამის კეთების, ჩავთვალე, რომ შვებულების აღება შემიძლია, ზაფხული იყო და შევიტანე საბუთები ამ კონკურსზე, მოხდა შერჩევა და აქა ვარ ახლა.
_ შერჩევით შეგარჩევდნენ, გამოცდილება დიდი გაქვთ, მაგრამ კონტროლის პალატაში შვებულება როგორ მოგცეს, თქვენ ხომ ცოტა ხნის წინ დაიწყეთ მუშაობა?
_ რამდენი ხანია არ დამიწყია მუშაობა, თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ მგონი, შვებულება ჯერ არ გეკუთვნოდათ.
_ რატომ არ მეკუთვნოდა, აბა მითხარით.
_ რამდენიმე თვეა რაც დაწყებული გაქვს მუშაობა და იმიტომ…
_ მაინც, რამდენი თვეა?
_ ყველაფერს მე ხომ არ გეტყვით? თქვენ თქვით, რამდენი თვეა რაც მუშაობთY და გეკუთვნოდათ თუ არა შვებულება?
_ რა თქმა უნდა, მეკუთვნოდა შვებულება, ორი აზრი არ არის. მე, 6 თვეზე მეტია ვმუშაობ. ეს მუშაკის უფლებაა, მოითხოვოს შვებულება და სამსახური წყვეტს, გაუშვას თუ არა. შესაბამისად, სამსახურმა გაითვალისწინა ჩემი სურვილი და მომცა შვებულება. მე, კანონის ფარგლებში ვმოქმედებ.
_ ბატონო პაატა, შემთხვევით კონტროლის პალატის მიერ მოწყობილ იმ მასობრივ დაკითხვებს თქვენც ხომ არ ატარებდით გურიაში?
_ არა, არა… ეგ არ დამაბრალოთ. ეს ჩემს სამსახურეობრივ ფუნქციაში ეგ არ შედიოდა. სხვა სამსახური აკეთებდა მაგ საქმეს
_ თქვენს სამსახურეობრივ ფუნქციაში რა შედის?
_ აუდიტის თანამდებობაზე ვარ იქ და აუდიტურ საქმიანობას ვეწევი ძირითადად, იურიდიული კუთხით.
_ ბატონო პაატა, არჩევნების წინ ცესკოს წარმომადგენლების დატრენინგება თქვენი ჰობია? წინა არჩევნებზე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდით და იქედან აიღეთ შვებულება.
_ მე კანონის ფარგლებში ვმოქმედებ. უბრალოდ, ჩართული ვარ ამ პროცესში დიდი ხანია, მიმუშავია უბანშიც, ვყოფილვარ ცესკოს წევრობის კანდიდატი…
_ ე.ი. მორჩებით არჩევნებს, დაატრენინგებთ ამ ხალხს და დაუბრუნდებით აუდიტის სამსახურს?
_ რა ვიცი, შეიძლება… ალბათ, ასე იქნება. მე ვიფიქრე, ამ ტრენინგების შესახებ მირეკავდით. ვიფიქრე, იკითხავდით, როგორ მიდის ტრენინგები, რამე ხარვეზები ხომ არ არის ამ რამე შენიშვნა.
_ მაგასაც ვიკითხავთ ბატონო პაატა, თუ რამეს გავიგებთ, აუცილებლად შეგაწუხებთ.
_კი ბატონო, თუ რამე საინტერესო იქნება, მე მზად ვარ, პასუხი გავცე თქვენს შეკითხვებს.
როგორც ფაქტი ცხადჰყოფს, ბატონი პაატა 20 აგვისტოს უკვე შვებულებაში იყო, საინტერესოა რამდენდღიან შვებულებებს გაუფორმებს აუდიტის სამსახური ცესკოში “მივლენილ” თანამშრომელს!