ამ "შეცდომის" "გამოსწორება" ნაციონალურმა მოძრაობამ იმავე საღამოს დაიწყო და 27 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე საგანგებო სხდომა მოიწვიეს ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში.
28 აგვისტოს კი თავმჯდომარის ხელახლა არჩევა მოხდა. რა თქმა უნდა, ნინო თავაძე თავმჯდომარედ აღარ აურჩევიათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზემო ნატანებში ჩატარებულ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმეორე არჩევნებს დიდი ინტერესი ჰქონდა _ სხდომას თავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი აკონტროლებდა ბეიჯით _ "ცესკოს წარმომადგენელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ მეტი სარგებელი ხალხს".
სხდომის დაწყებამდე, ზემო ნატანების საჯარო სკოლაში ჩვენთვის უცნობი ორი პირი გამოჩნდა _ მანუჩარ გამყრელიძე და ზაალ ზაალიშვილი. მანუჩარ გამყრელიძე, ცესკოს წარმომადგენელი ყოფილა აჭარა-გურიის რეგიონში. ის სხდომაზე სათანადო მოწმობის, ე.წ ბეიჯის გარეშე შევიდა. აღნიშნული ფაქტი არანაირ დარღვევად არ მიიჩნია #60 ოზურგეთის სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა. მოგვიანებით, სხდომიდან გამოსულ გამყრელიძეს საოლქოს წარმომადგენელმა კახა არობელიძემ დალუქული კონვერტი გადასცა _ სავარაუდოდ, იქ ბეიჯი იყო ჩადებული. სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძე შენობიდან ბეიჯით გამოვიდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა "გურია ნიუსთან" თავდაპირველად მანუჩარ გამყრელიძის სხდომაზე ბეიჯის გარეშე დასწრებას უარყო:
_ მანუჩარ გამყრელიძე სხდომაზე ბეიჯის გარეშე არ იმყოფებოდა.
_ როგორ არ იმყოფებოდა ბატონო ზვიად, ეს ხომ ვიდეოზე და ფოტოზე გვაქვს ასახული?
_ თქვენ არ გაქვთ დაფიქსირებული, რომ მანუჩარი ბეიჯით იყო? მე ვიცი, რომ გადაიღეთ.
_ ეს მაშინ, როცა სხდომიდან გამოვიდა, მას სხდომის დამთავრებისას მიუტანეს ეს ბეიჯი. თვითონ გამოვიდა სხდომიდან და შეხვდა საოლქოს წარმომადგენელს, რომელმაც დახურული კონვერტი გადასცა, რომელშიც ბეიჯი იყო. მთელი სხდომის განმავლობაში ის ბეიჯის გარეშე იმყოფებოდა…
_ მას ჰქონდა განკარგულება და პირადობის მოწმობაც, რომელიც, უბრალოდ, მანქანაში დარჩა.
_ ბატონო ზვიად, ასე შეიძლებოდა, რომ რომელიმე ჩვენგანსაც დარჩენოდა პირადობა სადღაც. რატომ არ შემოგვიშვით?
_ თქვენ რომ რეგისტირებული ყოფილიყავით, არ იყო პრობლემა _ ჩვენ ამის შესახებ ოფიციალურად გვეცოდინებოდა. ბეიჯი რომ დაგრჩენოდათ მანქანაში, მე ამის გამო ხელს არ შეგიშლიდით.
_ ბატონო ზვიად, შეიძლება თუ არა სხდომას დაესწრო ბეიჯის გარეშე?
_ ადამიანი სხდომას შეიძლება დაესწროს ბეიჯის გარეშე იმ შემთხვევაში, როცა ის ოფიციალურად დარეგისტირებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მანუჩარი კი დარეგისტრირებულია.
_ ბატონო ზვიად, ეს ქმედება კანონიერი იყო?
_ მანუჩარ გამყრელიძის სხდომაზე დასწრება იყო კანონიერი.
"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ზემო ნატანების საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს ნინო თავაძეს ესაუბრა, რომელიც გვითხრა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის მანუჩარ გამყრელიძე, არც მისი საბუთი უნახავს და არც არავის წარმოუდგენია.
_ არ იკითხეთ, ქალბატონო ნინო?
_ ჩვენ ყველანი ვართ საოლქოს წარმომადგენლები და კანონიერი უფლება გვაქვს დასწრებისო, ასე თქვეს. ჩემი ამბავი კი იცით, რაც გამიკეთეს _ ამირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ და მერე რაც მოხდა. სხდომა იყო ძალიან ტენდენციური და ეს მათ "აწყობდათ".
საოლქოს წარმომადგენლის მარინა სუნგულიას თქმით, მისთვის გაურკვეველია, ვინ იყო ის პიროვნება, რომელიც სხდომას ბეიჯის გარეშე ესწრებოდა.
"გურია ნიუსი" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცესკოს პრესსპიკერს, ეკატერინე არაზაშვილს დაუკავშირდა: _ აუცილებელი მოთხოვნა არის ის, რომ წარმომადგენელს, ყოველ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვინც არის უბანში შესვლაზე, მათ უნდა ჰქონდეს სპეციალური მოწმობები, ეგრეთ წოდებული ბეიჯები.
მისივე თქმით, ის კომენტარს ვერ გააკეთებს დანარჩენ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ _ #42 საუბნო კომისიაში ბეიჯის გარეშე შევიდა მანუჩარ გამყრელიძე, რის შემდეგ, რამდენიმე წუთში გამოვიდა და მას გადააწოდეს დახურული კონვერტი, სხდომის ბოლოს კი, ის, ცნობილი ილუზიონისტივით, ბეიჯით გამოვიდა გარეთ: _ ამაზე ვერ გიპასუხებთ. თუ გაქვთ დამადასტურებელი ფაქტები, გამოგვიგზავნეთ და ვიმსჯელებთ, _ გვითხრა არაზაშვილმა.