შაფაქიძე, გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის ახლო მეგობარი და თანასოფლელია. კოლეგები ჭკვიან არქიტექტორად და კარგ პიროვნებად ახასიათებენ, თუმცა, მის მიმართ დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს _ ლაშა შაფაქიძეს მკვლელობის თანამონაწილეობაში დღისით, მზისით, ძმის თვალწინ მოკლული ვანიკო ქილიფთარის დედა და ახლობლები ადანაშაულებენ. სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, შაფაქიძე, იმ 14 ადამიანს შორის იყო, რომლებთან შელაპარაკების დროს ვანიკო ქილიფთარი დაიღუპა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
10 წლის წინ, სოფელ შემოქმედში 16 წლის ახალგაზრდა, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგიტა სურგულაძე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. როგორც ოჯახის წევრები პირად საუბრებში ამბობენ, გოგიტამ მეზობელ სოფელში მცხოვრებ პიროვნებას ფული მოუგო და ბოლოს სწორედ მასთან მისული დააფიქსირეს. მას შემდეგ, 16 წლის, დედისერთა ბიჭის ასავალ-დასავალი არავინ იცის.
როგორც შემოქმედში გვიყვებიან, სურგულაძის ძებნაში მთელი სოფელი ჩაერთო. ჩვენი წყაროს თქმით, გოგიტა სურგულაძეს, მოგებული ფულის ამოღებაში ე. წ. “ძველი ბიჭები” ეხმარებოდნენ. თუმცა, დღემდე დაუდგენელია, აიღო თუ არა ეს ფული სურგულაძემ, რადგან მოგებიდან მალევე გაუჩინარდა, მის ძებნაში კი პოლიციასთან ერთად “შავი სამყარო” და “გავლენიანი” ხალხი ჩაერთო.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სურგულაძის გაუჩინარებამ შემოქმედელი ახალგაზრდები ორ ბანაკად დაყო და მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.
ამ ბანაკის ერთ მხარეს კი სწორედ ქილიფთარებს ასახელებენ. ამას ისიც დაემატა, რომ გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის ქორწილიდან წამოსულ ქილიფთარების ბიძაშვილს მანქანაში გოჩა ჩიტაიშვილი და მისი მეუღლე ჩაუსხდნენ. გზაში მათ შელაპარაკება მოუვიდათ და გაბრაზებული ჩიტაიშვილი მეუღლესთან ერთად მანქანიდან გადავიდა. სწორედ ამ საკითხის “გარჩევა” მოხდა მეორე დღეს სოფლის ცენტრში. ვანიკო ქილიფთარს, მეგობართან და ძმასთან ერთად, ქალაქში ბიძაშვილის ამოსაყვანად გადაუწყვეტია წასვლა. სოფლის ცენტრში მისულებს თანასოფლელმა ახალგაზრდებმა მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. მანქანიდან პირველად ვანიკოს ძმა, კახა ქილიფთარი გადმოვიდა, რომელიც ბიჭებმა “გვერდით” გაიყვანეს. ძმას ვანიკოც გადმოყვა და დაიწყო შელაპარაკება, რომელსაც რამდენიმე წუთში გასროლის ხმა მოჰყვა.
_ ბიჭო, მომკლეს, _ ეს იყო ვანიკო ქილიფთარის ბოლო სიტყვები.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ვანიკოს მკვლელობის მომენტში, სოფლის ცენტრში 14 ადამიანი იდგა, უშუალოდ მკვლელობის ადგილზე კი _ 6. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ეს ადამიანები სოფლიდან გაუჩინარდნენ.
როგორც მოგვიანებით სასამართლო პროცესზე ავტომანქანის მძღოლმა და ქილიფთარების მეგობარმა კობა სიხარულიძემ თქვა, მას არ დაუნახავს, ვინ ესროლა ვანიკოს. მკვლელის ვინაობა არც კახა ქილიფთარს დაუსახელებია.
ძმის მკვლელობიდან ძალიან მალე კახა ქილიფთარი დააკავეს და ბრალად იარაღის უკანონო შენახვა-ტარება წაუყენეს, თუმცა, არსებობდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქილიფთარის დაპატიმრება ბევრის ინტერესში შედიოდა, რადგან მან კარგად იცოდა ძმის მკვლელის ვინაობა და შურისძიებას აპირებდა. უფრო მეტიც, არსებობს მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ ოზურგეთის პოლიციის იმდროინდელ უფროსს ზაზა ჩუბინიძეს ტელეფონით ვიღაც დაუკავშირდა და უბრძანა, სასწრაფოდ დაეკავებინათ კახა ქილიფთარი იარაღის უკანონო ტარებისთვის. მითითებული იყო დაკავების ადგილი, დრო და ისიც, თუ სად უნდა “ენახათ” იარაღი სამართალდამცველებს. კახა ქილიფთარი ამ ზარიდან ერთ საათში სოფელ წითელმთაში დააკავეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განაჩენით, ქილიფთარი დამნაშავედ ცნეს სსკ-ის 236 მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, პროკურატურა საპროცესო გარიგებაზე წამოვიდა და მას 3 წელი პირობითი სასჯელი მისცეს. დამატებითი მსჯავრის სახით 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
პოლიციელები, რომლებიც იმ დროს ამ საქმეს იძიებდნენ, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ქილიფთარისთვის უფრო დიდი სასჯელი იყო განკუთვნილი, მაგრამ მტკიცებულებათა არარსებობის გამო ვერ მიუსაჯეს.
მალევე პოლიციამ, ვანიკო ქილიფთარის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მკვლელად გოჩა ჩიტაიშვილი დაასახელა. საქმეში ჩიტაიშვილის აღიარებითი ჩვენებაც დევს, სადაც ნათქვამია, რომ იარაღი ქილიფთარს მან ესროლა. თუმცა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ვანიკოს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. დღემდე დაუდგენელია, ვის მიერ მოქნეული დანა მოხვდა ვანიკო ქილიფთარს.
ამ ამბიდან 2 წელიწადში, საკუთარ ეზოში მოკლეს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე კახა მენაბდე, რომელიც ლაშა შაფაქიძის სიძე იყო. პოლიციის ვერსიით, მენაბდე სნაიპერის ტყვიით მოკვდა. საქმე დღემდე გაუხსნელია. თავიდან ეჭვი კახა ქილიფთარზე მიიტანეს, თუმცა, მას საკმაოდ მყარი ალიბი აღმოაჩნდა _ მენაბდის მკვლელობის ღამეს იგი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსის, შოთა ჭანუყვაძის სახლში იმყოფებოდა, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია.
ამ დიდმა ტრაგედიამ სოფელი შეძრა… ორ მხარეს ორი ვერსია აქვს. თუმცა, ფაქტია, რომ ერთი მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია, მეორე შემთხვევაში ოჯახი დარწმუნებულია, რომ დამნაშავე არ დასჯილა, მესამე შემთხვევას კი ახსნა არ აქვს _ არავინ იცის, სად გაქრა გოგიტა სურგულაძე. სურგულაძის დედ-მამა, ქილიფთარის და მენაბდის მკვლელობებს მისი შვილის დაკარგვას არ უკავშირებს. საჯარო კომენტარზე არ გვთანხმდებიან და ამბობენ, რომ არაფერს აზრი არ აქვს. სურგულაძის მამა, ჩვენთან საუბარში ბოლო დაკითხვას იხსენებს:
_ როცა კახა მენაბდე მოკლეს, პოლიციამ დამკითხა, თითქოს რაღაც კავშირს ეძებდნენ ამ მკვლელობასა და ჩემი შვილის გაუჩინარებას შორის, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს. მას შემდეგ არაფერი ყოფილა. მოვიდოდა გამომძიებელი, დასვამდა ერთი და იგივე შეკითხვებს და მიდიოდა. ეს იყო და ეს, საქმე წინ ვერ წაიყვანეს, _ გვიყვება დაკარგულის მამა.
ეს ტრაგედიები დღემდე ახსოვთ სოფელში. პირად საუბრებში ბევრ საინტერესო დეტალს გვიყვებიან, ხმამაღლა საუბარი კი არავის სურს. აღსანიშნავია, რომ კახა ქილიფთარის თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში ოზურგეთში და სოფელ შემოქმედში ის ადამიანები, რომლებიც ვანიკო ქილიფთარის მკვლელობის დროს სოფლის ცენტრში იყვნენ, არ ჩამოდიოდნენ. მათ შორის იყო ლაშა შაფაქიძეც.
თუმცა, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა _ 2009 წელს, კახა ქილიფთარი კიდევ ერთხელ გაასამართლეს და ციხეში 14 წლით და 6 თვით გაუშვეს.
საბრალდებო დასკვნით, კახა ქილიფთარს ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა ქურდობა _ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ.
საქმის მასალების მიხედვით, პირობითი მსჯავრის დროს, 2008 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) ქილიფთარმა, ამავე სოფელში მცხოვრებ ზ. ს.-სთან და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, განიზრახა შემოქმედის კულტურის სახლის შენობიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა თუნუქის სახურავის ე.წ. “გოფრირებულ” ფირფიტებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ამავე ღამეს ქილიფთარმა ზ. ს.-თან და დაუდგენელ პირებთან ერთად, კულტურის სახლიდან მოიპარა 50 ცალი ფირფიტა, საიდანაც ზ. ს,-მ, 2008 წლის 29 ივნისს, 5 ცალი, ჩააბარა სოფელ შემოქმედში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში. საქმის მასალების მიხედვით დარჩენილი ფირფიტები კახა ქილიფთარმა სახლში მიუტანა და მიყიდა თანასოფლელ ზ. გ.-ს.
ამ ქურდობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
ამავე საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის 10 ივლისს, ქილიფთარმა ისევ ზ. ს,-თან და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, 58 ცალი ფირფიტა კიდევ მოიპარა და მისი ნაწილი ისევ ზ. გ,-ს მიყიდა. ამით ოზურგეთის გამგეობას 464 ლარის ზიანი კიდევ მიადგა.
2008 წლის 6 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ კახა ქილიფთარს, სასამართლოზე დაუსწრებლად, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და მისი ძებნა იმავე დღეს გამოცხადდა. ქილიფთარი 2008 წლის 11 სექტემბერს დააკავეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ნუცუბიძემ 2009 წლის 8 იანვარს, კახა ქილიფთარი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის II ნაწილის ა ქვეპუნქტით; ამავე მუხლის III ნაწილის ა ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის II ნაწილის ა ქვეპუნქტით და ამავე მუხლის III ნაწილის ა ქვეპუნქტით. ეს მუხლები შეიკრიბა და ქილიფთარს 14 წელი და 6 თვე, დამატებით სასჯელთან _ 8 000 ლარის გადახდასთან ერთად მიუსაჯეს.
ეს ყველაფერი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით. საქმისა, რომლის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო დეტალი, რომელიც ქილიფთარის უდანაშაულობას ამტკიცებდა, სასამართლომ არ გაიზიარა.
დავიწყებთ იმით, რომ კახა ქილიფთარს წინასწარ გამოძიებაში და მოგვიანებით სასამართლოზე ბრალი არ უღიარებია. ქურდობაში მის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა ზ. ს., რომელიც ქურდობის ფაქტს ადასტურებდა, თუმცა, აღნიშნავდა, რომ მასში მონაწილეობა კახა ქილიფთარს არ მიუღია.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ მოპარული ფირფიტების რაოდენობა მხოლოდ დათვალიერებით გაარკვია. გამგეობის წარმომადგენელი, თ. გვარჯალაძე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ქურდობის შესახებ შეიტყვეს, სახურავის დასათვალიერებლად, პოლიციელებთან ერთად ავიდა. თუმცა, მეორე შემთხვევაში, როცა პოლიციამ დაადგინა, რომ კიდევ 50 ცალი ფირფიტა იყო მოპარული, ფირფიტები არ დათვლილა.
_ სახურავი ავარიული იყო და იქ ასვლა არ შეიძლებოდა, _ აღნიშნულია გვარჯალაძის ჩვენებაში.
როგორც ოქმიდან ირკვევა, პოლიციელები ზერელე დათვალიერების შემდეგ, გუმანით მიხვდნენ, რომ შემოქმედის კულტურის სახლს, კიდევ 50 ცალი ფირფიტა აკლდა.
ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც სასამართლომ ქილიფთარის 14 წლით და 6 თვით ციხეში გამოსაკეტად იკმარა, ის ფაქტია, რომ ამ უკანასკნელმა ცხენის ურიკით ერთ ღამეში, ორჯერ მიიტანა თუნუქის ფირფიტები ზ. გ.-სთან.
ქილიფთარის, ზ. ს.-ს და ზ. გ.-ს ჩვენებით, რომელიც ერთმანეთის იდენტურია, ირკვევა, რომ ზ. ს.-მ გასაყიდი თუნუქის შესახებ ქილიფთარს ინფორმაცია მიაწოდა. ქილიფთარს კი გაახსენდა, რომ თუნუქის ყიდვა ზ. გ.-ს უნდოდა და მეგობრის დასახმარებლად ორი რეისი გააკეთა, რადგან იმ რაოდენობის სახურავს ერთად ვერ მიტანდა.
კიდევ ერთი მტკიცებულება ქილიფთარის სატელეფონო საუბრების ჩანაწერია. გამოძიებამ ვერ დაადგინა, ვისთან საუბრობდა კახა ქილიფთარი. საუბრის შინაარსიდან კი მხოლოდ იმის გარკვევაა შესაძლებელი, რომ მოხდა ქურდობა და მხოლოდ ერთხელ. ამავე საუბრიდან მტკიცდება, რომ ქურდობა ზ. ს.-მ ჩაიდინა და არა ქილიფთარმა, თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.
ქილიფთარი უცნობ პიროვნებას იმასაც ეუბნება, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას მძიმე სასჯელი ელის და აღნიშნავს, რომ თუ ციხეში მყოფმა ზ. ს.-მ ჩვენებაში მისი ქურდობაში თანამონაწილეობა დააფიქსირა, საქმე ცუდად წაუვა.
გამოძიებამ და სასამართლომ ჩათვალა, რომ ქილიფთარი უცნობ პიროვნებას მოუწოდებდა, ზეწოლა მოეხდინა ზ. ს.-ზე, რათა არ დაესახელებინა იგი. თუმცა, არ გაითვალისწინა ერთი საყურადღებო დეტალი _ როცა აღნიშნული საუბრის ჩაწერა მოხდა, ზ. ს.-ს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის რამდენიმე ჩვენება ჰქონდა მიცემული და ყველა მათგანში აღნიშნავდა, რომ ქილიფთარს ქურდობაში მონაწილეობა არ მიუღია.
უნდა ითქვას ისიც, რომ საუბრების ჩანაწერი არაკანონიერი გზით არის მოპოვებული. მტკიცებულებების თანახმად, მოსამართლემ საუბრის ჩაწერაზე ბრძანება გვიან, მას შემდეგ გასცა, რაც პოლიციას ქილიფთარის მოსმენები დაწყებული ჰქონდა. სასამართლომ არც ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.
განაჩენი უცვლელად დატოვა ძალაში, როგორც საოლქო, ისე უზენაესმა სასამართლომ.
განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში კი ოზურგეთში ყველა ის ადამიანი დაბრუნდა, რომელთა მიმართაც ვანიკო ქილიფთარის მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა. მათ შორის ლაშა შაფაქიძეც.
დაბრუნებიდან მალევე, შაფაქიძეს მნიშვნელოვანი თანამდებობა მისცეს და მოგვიანებით დააწინაურეს კიდეც.
ვანიკო და კახა ქილიფთარების დედა, ნაზი ქილიფთარი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს:
_ უტყუარი ვერსიაა, რომ ლაშა შაფაქიძე ვანიკოს მკვლელობის დროს იქ იყო. მას დიდი ცოდვები მიუძღვის. მაგის მფარველი ვალერი ჩიტაიშვილი იყო და არის დღემდე. დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია სამართალი, მე რომ ვნახო? _ გვითხრა ნაზი ქილიფთარმა.
_ ქალბატონო ნაზი, თქვენს შვილს, კახას 14 წელი და 6 თვე წელი მიუსაჯეს და თქვენი თქმით, ამაში წვლილი იმ ადამიანებს მიუძღვით, რომლებიც ვანიკოს მკვლელობის დროს სოფლის ცენტრში იმყოფებოდნენ.
_ ამაში დიდი დამსახურება გუბერნატორ ჩიტაიშვილს და ლაშა შაფაქიძეს მიუძღვით. მათი მიზანი იყო, რომ კახა დიდი ხნით მოეშორებინათ და კარგი ცხოვრება ჰქონოდათ. სანამ კახას არ დაიჭერდნენ, შაფაქიძე აქ ფეხს ვერ ჩამოადგამდა და არც ჩამოსულა.
_ როგორც გვითხრეს, კახა ლაშა შაფაქიძეს ემუქრებოდა.
_ არა. სად ნახა, რომ დამუქრებოდა?!
_ ოფიციალურად ვანიკოს მკვლელობის საქმე გახსნილია და მკვლელი, რომელმაც იარაღიდან ისროლა, სასჯელს იხდის. მაგრამ დასკვნის მიხედვით, ვანიკოს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
_ საქმის მასალების მიხედვით, ყველაფერში ჩვენ ვართ დამნაშავე. თითქოს ამათ დაიწყეს ჩხუბი. მაგათგან დიდი ფული აიღო პროკურატურამ და საქმეშიც ის დევს, რაც მათ “აწყობდათ”. სასამართლოზე არც მე და არც ჩემი მეუღლე არ გამოვუძახებივართ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ მხარეს წარმოვადგენდით, _ ამბობს ნაზი ქილიფთარი.
მისივე თქმით, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი დამნაშავეებს მფარველობს:
_ თუ გინდათ, რომ სიმართლით დაიწყოთ და სიმართლით დაამთავროთ, ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლით _ ესენი ამდენი წელია გუბერნატორის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. ჩემი შვილი დაჭრილი რომ დატოვა სოფლის ცენტრში, ჩიტაიშვილის ეზოში იდგა შაფაქიძე, სუფრა იშლებოდა და ქეიფს აპირებდა ქორწილის მეორე დღეს. ამ დროს დაურეკა მათ შოთიკო ჭანუყვაძემ, რა ქენით, ვანიკო მოკალითო?! სწორედ ამ ზარის შემდეგ დატოვეს სოფელი.
_ ქალბატონო ნაზი, მკვლელობის მომენტში ხომ თქვენი მეორე შვილი იქ იმყოფებოდა? მას არ უთქვამს, რა მოხდა სინამდვილეში?
_ კახას ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. ორმოცის სუფრისთვის რომ ვემზადებოდით, ახლობელმა ჰკითხა, რა მოხდაო და არაფერი მახსოვსო, _ უთხრა კახამ. სანახევროდ ჭკუაზე არ იყო. კახა საჩხუბრად გვერდით გაიყვანეს, რომ არ დაენახა, როგორ კლავდნენ მის ძმას. კობა სიხარულიძემ ყველაფერი უარყო, ვითომ არაფერი დაუნახავს, რადგან ასე “აწყობდათ”. მისი ჩვენებით, ავტომანქანას საკეტი გაუფუჭდა, იმას აკეთებდა და თავდახრილს არაფერი დაუნახავს.
_ ჩიტაიშვილი ხომ იხდის ვანიკოს მკვლელობისთვის სასჯელს? თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ რეალურად სხვაა დამნაშავე?
_ არის საკმაოდ მყარი ვერსია _ ვანიკოს ხელები დაუკავეს და ისე მოკლეს. თუკი დამნაშავეები არ არიან, რატომ იმალებოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში? მართალი კაცი არასდროს დაიმალება და არც არაფრის ეშინია. ჩიტაიშვილს და შაფაქიძეს ჰგონიათ, რომ კახა 15 წელი იჯდება ციხეში. არ იქნება ეს ასე.
_ ისეთი ვერსიაც არსებობდა, რომ კახა მენაბდე თქვენმა შვილმა შურისძიების მიზნით მოკლა, თუმცა, მას ვერაფერი დაუმტკიცეს.
_ საბედნიეროდ, მენაბდის მკვლელობის მომენტში, კახა შოთიკო ჭანუყვაძესთან იმყოფებოდა სახლში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მართლაც რთული იქნებოდა სიმართლის დამტკიცება.
ამ თემაზე კომენტარს დღემდე არ აკეთებს ლაშა შაფაქიძე. ამბობს, რომ ეს მძიმე თემაა.
_ ვიცით, რომ მძიმე თემაა. ოჯახს ბევრი კითხვა აქვს ბატონო ლაშა… არ ფიქრობთ, რომ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეთ…
_ ძალიან ცუდად მესმის თქვენი ხმა…
_ ბატონო ლაშა, კახა ქილიფთარს სასამართლომ 14 წელი და 6 თვე მიუსაჯა. ოჯახი ეჭვობს, რომ ამაში თქვენი ხელი ურევია. ჩვენ გაქვს საქმის მასალები და მასში ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც ლოგიკურად ქმნის ეჭვს, რომ ეს ბრალდება თითიდან არის გამოწოვილი…
_ დავამთავროთ, ძალიან გთხოვთ, ეს საუბარი…
_ ფაქტია, რომ კახას თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში თქვენ ოზურგეთში არ გამოჩენილხართ და ეს არაფერს ნიშნავს? _ ამ კითხვაზე შაფაქიძემ პასუხი არ გაგვცა და ტელეფონი გაგვითიშა.
ჩვენ შევეცადეთ გუბერნატორის პოზიციაც გაგვეგო, მაგრამ ვალერი ჩიტაიშვილმა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.