მართლმადიდებელი მრევლი ამბობს, რომ ისინი სოფელში მეჩეთის აშენებას არ დაუშვებენ. მუსლიმანი მრევლის განმარტებით კი, მათ ლოცვაში ხელს უშლიან და არანაირი მეჩეთის აშენებას არ გეგმავენ. ამ საქმეში უკვე სხვებიც ჩაერთნენ: სახალხო დამცველის აპარატი, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, საზოგადოება, მათ შორის მოსწავლეები, საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტი… ერთი კვირის განმავლობაში მედიისთვის სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე დავა მთავარ თემად გადაიქცა.
სოფელ ნიგვზიანში აჭარიდან ჩასახლებული მუსლიმები და ქრისტიანები ათეული წელია ერთად ცხოვრობენ და მეზობლობა აკავშირებთ. სოფელ ნიგვზიანის მცხოვრებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მუსლიმან მლოცველებს ისინი ხელს არ უშლიან და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მეჩეთის მშენებლობას, რომელიც დაგეგმილი აქვთ ნიგვზიანში მცხოვრებ მუსლიმანებს:
_ სოფელ ჯუმათში შარშან აპირებდნენ მშენებლობას, მაგრამ ამის უფლება არ მისცა ხალხმა. მთელი ლანჩხუთი ფეხზე დადგა. ღამით ისინი აშენებდნენ, დღისით – მართლმადიდებლები აგრევდნენ. ჩვენ ყველას კარგად ვიღებთ, ძალიან კარგი ხალხი არიან, მაგრამ მეჩეთის აშენებას არავის ვაპატიებთ. ისე იყიდეს სახლი, რომ არავინ არაფერი შეგვეკითხა და თურმე მეჩეთის მშენებლობისთვის უნდოდათ. ყოფილი მთავრობა წინასაარჩევნოდ ეუბნებოდა, რომ ხმების მიცემის შემთხვევაში, დაგეხმარებითო. სხვა სოფლებშიც იყო მსგავსი პრობლემა, მაგრამ იქ ჩაახშეს სიტუაცია და ახლა ნიგვზიანში აპირებენ ამის გაკეთებას; ზემოთ – სამლოცველო და ქვემოთ კიდევ მუსლიმანური სკოლა უნდა იყოს. მე, მართლამადიდებელი ვარ, შეიძლება ეკლესიაში არ დავდიოდე ხშირად, მაგრამ სახლში ვლოცულობ ჩემთვის კუთხეში. ეს სახლი თურქეთის მოქალაქეს აქვს შესყიდული და ბიზნესი აქვთ მოწყობილი; 5 ლარი ყოფილა შესაწირი, ამდენი მანქანა და ხალხი მოდის, ააწყვეს ბიზნესი. ლხინში და ჭირში ჩვენთან იყვნენ, მაგრამ ვიღაც თურქი ეროვნების პიროვნება ჩამოვიდა და შემდეგ გახდნენ მორწმუნეები.
“გურია ნიუსთან” საუბარში, არჩილ კახაძემ, რომლის საცხოვრებელ სახლში ტარდება ლოცვა, თქვა, რომ 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა არ უნდა იდგეს. მისი თქმით, არანაირი თანხა არ არის ლოცვისთვის გადასახდელი. მათ სამლოცველოში დგას შესაწირი და ეს თანხა, საჭიროებისამებრ ხმარდება საქმეს:
_ მათ მოთხოვნებს ვერ გავიმეორებ, იცით, რატომ? მათი მოთხოვნის არსი რაში მდგომარეობს, ვერ გავიგე. ეს თქვენი ტერიტორიაა და ვერ ილოცებთო. 22 წელი აქ ვცხოვრობ ნუთუ არ მაქვს ქართველ მუსლიმანს, ქართველ ადამიანს, საქართველოში ჩემი რწმენით და შეხედულებით ვისარგებლო და ვილოცო?!
_ ზოგი მათგანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თქვენს სახლში ხმაურია, რადგან ათეულობით მიკროავტობუსით მოდიან მლოცველები…
_ არ არის ეს სიმართლე, შეგიძლიათ თქვენც დაესწროთ. ჩემს მეზობლებთან ხვალაც უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა და არანაირი ხმაური არ არის. ორი-სამი “მარშუტკა” თუ პრობლემას უქმნის ჩემს მეზობელს, შეიძლება ამის მოგვარება.
_ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ინფორმაცია, რომ ეს სამლოცველო თურქ მოქალაქეს ეკუთვნის?
_ არა, არ არის ეს სიმართლე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა ასკურავამ ორივე მხარეს “ცივილიზებულად საუბარი ურჩია”: – მხარეებს რაც მოთხოვნები გაქვთ, დელიკატურად, ცივილიზებურად დავილაპარაკოთ ერთმანეთთან. არ შეიძლება ამ თემის პოლიტიზირება და არც დრამატიზირება. ძალიან ვნერვიულობთ ადგილობრივი ხელისუფლება, რომ მსგავსი რამ ხდება ჩვენს ტერიტორიაზე. ეს პრობლემა ჩვენს დონეზე არ გადაწყდება; დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. ორივე მხარეს საქართველოში ჰყავს თავიანთი წარმომადგენელი, მათაც უნდა დაილაპარაკონ და ჩვენც უნდა დავილაპარაკოთ, – თქვა ასკურავამ.
მოლაპარაკება მედიის გარეშე
2 ნოემბერს ვითარების კულმინაციამ მას შემდეგ მიაღწია, რაც არჩილ კახაძის სახლთან, სრულიად საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს მუფთი, ჯემალ პაქსაძე გამოჩნდა. მოსახლეობამ ის ეზოში არ შეუშვა. ამის შემდეგ ნიგვზიანის ტერიტორიული ერთეულის შენობაში შეხვედრა მოეწყო. მოლაპარაკებას მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების, მუსლიმების წარმომადგენლები და სოფლის მცხოვრებლების ერთი ნაწილი დაესწრო. შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაასწრეს.
მამა საბა, სოფელ შუხუთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი: _ შემოქმედელი ეპისკოპოსის იოსების ლოცვა-კურთხევით მოვედით დღეს აქ და ამ განსაცდელში ჩვენ ერთად ვართ. ეს განსაცდელი არა მხოლოდ ჩვენთვისაა, არამედ იმ ქართველი მუსლიმებისთვისაც, რომლებიც დღეს აქ არიან. მივედით გარკვეულ დასკვნამდე, სიყვარულის გარეშე არაფერი არ გადაწყდება და კონფლიქტმა უნდა მიიღოს სიყვარულის ხასიათი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევთანხმდით – ისინი შეიკრიბებიან, მათ ჰყავთ უფროსები, ჩვენს გარკვეულ თხოვნებს გაითვალისწინებენ, გადაწყვეტენ და დაახლოებით ერთ კვირაში, შეგვატყობინებენ ამ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, მუსულმანური სამლოცველო კერძო სახლშია მოწყობილი. სალოცავი ბოლო სამი წლის განმავლობაში ეწყობოდა და 150 მლოცველს დაიტევს.
მამა გიორგი ამბობს, რომ ამის ფინანსები აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს არ გააჩნდათ და სავარაუდოდ, დაფინანსება მათ თურქეთიდან მიიღეს. პრობლემა სოფელში ბოლო 9 წელია არსებობს.
ჯემალ პაქსაძე, სრულიად საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს მუფთი: _ ერთი წლის წინ დაარსდა სრულიად საქართველოს მუსლიმანთა სამმართველო, რომლის წევრები არიან 31 მეჯლისის წარმომადგენლები ანუ ესენი არიან რეგიონების წარმომადგენლები; ძალიან მალე შევიკრიბებით და მეჯლისის სხდომა გაიმართება, რომელზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მრევლს, იყოს ურთიერთსიყვარული, თანადგომა და პატივისცემა. არჩილ კახაძის სახლში არის სამლოცველო და რადგან გურიაში სხვადასხვა მეჩეთებიდან დაშორებული ცხოვრობენ, ამიტომ დადიან არჩილთან. იქ არ იგეგმებოდა, როგორც გრანდიოზული დიდი, მინარეთიანი მეჩეთის მშენებლობა.
ბექა მინდიაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი: _ სოფელში არის ძალიან დიდი დაძაბულობა და აგრესია მუსლიმანი მრევლის მიმართ. ისინი იკრიბებიან და ლოცულობენ, ამაში არანაირი უკანონობა არ არის; უკანონობას, როგორც ჩანს, ადგილი აქვს მოსახლეობის და სასულიერო პირების მხრიდან. ისინი უცხადებენ მუსლიმან მრევლს, რომ არ უნდა იკრიბებოდნენ და არ უნდა ლოცულობდნენ ერთობლივად. სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ამ საქმეს და მონიტორინგს აწარმოებს. ყველაფერი უნდა იღონონ სამართალდამცავებმა, რომ მუსლიმ მოსახლეობას ჰქონდეს საკუთარი რწმენის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა; მათ უნდა აღასრულონ თავიანთი ლოცვა და ისინი დაცული უნდა იყვნენ ყველანაირი აგრესიულობისგან.
ოპოზიციონერი პრეზიდენტის განცხადება
გურიაში მომხდარ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა: _ გურიაში ძალიან მშვიდობიანი ხალხი ცხოვრობს; ამიტომ მეჩვენება, რომ იქ ყველანაირი დაძაბულობა ხელოვნურ და შეიძლება, პროვოცირებულ ხასიათს ატარებს. უკვე პრაქტიკულად 9 წელიწადია, საქართველოში მსგავსი დაძაბულობის არც ერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობის ინტერესშია, მომავალში სამოქალაქო მშვიდობა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სიტუაციის კონტროლიდან გასვლა არ დაუშვან. ასეთი რამეები პოტენციურად შეიძლება ძალიან საშიში იყოს. ამიტომ, ახალ მთავრობას მოვუწოდებ, ადგილზე ჩავიდნენ და სიტუაციის განსამუხტად ყველაფერი გააკეთონ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ქმედებებით საქართველოში განვითარებას გავაგრძელებთ, მშვიდობას შევინარჩუნებთ და არ დავუშვებთ ვინმემ ჩვენს საზოგადოებას ამ ტიპის პრობლემები შეუქმნას, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
იმავე დღეს, სოფელ ნიგვზიანში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იმყოფებოდა, რომელიც იმედოვნებს, რომ ორივე მხარე კონსენსუსამდე მივა. ეკა ბესელიას თქმით, ის ამ საკითხს ორშაბათს აუცილებლად დაუბრუნდება და ორივე მხარეს კვლავ შეხვდება.