შესაბამისად, გაუქმებული მემორანდუმის დეტალების შესახებ საუბარი დღეს ინტერესს მოკლებულია და ეს ფაქტი საზოგადოებაში მხოლოდ დამატებით უსაფძვლო კითხვებს გააჩენს,” – ასეთია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პასუხი მემორანდუმთან დაკავშირებით “გურია ნიუსის” მიერ დასმულ შეკითხვებზე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და რუსულ ენერგოკომპანია “ინტერ რაო ეეს”-ის თავმჯდომარე ევგენი დოდმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 2008 წლის 28 დეკემბერს მოაწერეს. ამის შესახებ, საზოგადოებამ “ინტერ რაო ეეს”-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან შეიტყო; საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კი მემორანდუმის გაფორმების თაობაზე პირველი განცხადება ორი კვირის თავზე გააკეთა. დოკუმენტი ენგურჰესის მუშაობაში “ინტერ რაო ეესი”-ს ჩართვას ითვალისწინებდა, თუმცა, რა ფორმით და მხარეთა რა ვალდებულების საფუძველზე, წლების განმავლობაში უცნობია.
ალექსანდრე ხეთაგური მაშინ აცხადებდა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და “ინტერ რაო ეესი”-ს მიერ, ათი წლის ვადით ენგურჰესის ერთობლივ მართვას ითვალისწინებს. ენგურის ჰესების კასკადის აქციათა 100 პროცენტი იყო, არის და დარჩება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში, თუმცა ჩუმად ხელმოწერილი და შემდეგ გრიფით “საიდუმლო” წოდებული მემორანდუმის გამო, საზოგადოებამ მინისტრის მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები არ დაიჯერა. სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები ენგურჰესის რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვაზე ალაპარაკდნენ. რამდენიმე დღის წინ, ამ თემაზე პირველი კომენტარი ახლადდანიშნულმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა. მან განაცხადა, რომ “ენგურჰესი გაყიდული არ არის, ის საქართველოს საკუთრებაშია”.
საქართველოსა და რუსულ ენერგოკომპანიას შორის გაფორმებული და მოგვიანებით გაუქმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შინაარსს საზოგადოება დღემდე დიდი ინტერესით ელოდება, თუმცა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ გაუქმებული მემორანდუმის დეტალებზე საუბარი ახლა,” ინტერესს მოკლებულია”. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გვითხრეს, რომ არც ახლა და არც მომავალში, სამინისტრო გაუქმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციას არ გასცემს.