მათი განცხადებით, სკოლას მიმდინარე წლის მაისიდან ყოფილი მანდატური ლია ქევანიშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც მისვლისთანავე სკოლაში საკუთარი ნათესავების დასაქმება დაიწყო.
“ჩვენმა დირექტორმა თავიდანვე განაცხადა, რომ იყო შაშკინის მეგობარი და გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი მეგობრების დასაქმება. მოსვლისთანავე ქევანიშვილმა გაათავისუფლა მდივანი, 50 წლის ქალბატონი, რომელსაც უთხრა, ახალგაზრდა ხარ და სამსახურს კიდევ იშოვიო. მის ნაცვლად დირექტორმა მდივნის პოზიციაზე საკუთარი დაქალი მოიყვანა. ეს გოგონა არაპროფესიონალია და დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. სულ მალე მან ტექნიკური მენეჯერი რეზო გურგენიძეც გაუშვა სამსახურიდან. ორივე გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. სკოლა, ფაქტობრივად, ოკუპირებული აქვთ დირექტორის ოჯახის წევრებს, მისი მეუღლე ყოფილი მანდატურია და ისინი ერთად მართავენ სკოლას. გარდა ამისა, სკოლაში ლამის ჩაგვისახლდნენ დირექტორის ნათესავები,” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბარში სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
სკოლის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა განათლების ახალი მინისტრის განცხადების შემდეგ, რომ მათ უფლება აქვთ დაუბრუნდნენ ძველ სამსახურს , სკოლაში დაბრუნება სცადეს. მათ განცხადებით, მიმართეს სკოლის დირექტორს, რომელმაც სამსახურში დაბრუნებაზე უარი განუცხადა. დირექტორის თქმით, მას ურჩევნია თავად წავიდეს სკოლიდან, ვიდრე გათავისუფლებული თანამშრომლები დააბრუნოს უკან. დირექტორის მოადგილეებმა გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდაჭერა სცადეს და თხოვნით მიმართეს ქევანიშვილს, დაეკმაყოფილებინა მათი განცხადება. როგორც გაირკვა, დირექტორმა სამსახურიდან საკუთარი მოადგილეებიც დაითხოვა.
პედაგოგები და მოსწავლეები სკოლაში ყოფილი დირექტორის, არჩილ არველაძის დაბრუნებას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ არველაძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
როგორც სკოლის თანამშრომლები ყვებიან, გათავისუფლებამდე არველაძეს სკოლის ტერიტორიის 3 მილიონ 200 ათას ლარად ყიდვა შესთავაზეს. არველაძეს ფასი ეძვირა და უარი თქვა შეთავაზებაზე: “აჩიმ უთხრა, ამხელა ფული რომ ჩავდო, მერე რა გავაკეთო _ სკოლის ეზოში სტადიონების ადგილზე კორპუსები წამოვჭიმო და ჩემი ხელით დავასამარო ქართული ფეხბურთიო? არველაძე ფასის დაკლებას ითხოვდა და შესაბამისად უფრო მცირე ადგილის ყიდვაზე იყო თანახმა, თუმცა, თბილისის მერიამ უარი უთხრა და მალე სამსახურიდანაც გაუშვეს,” _ ყვებიან სკოლის თანამშრომლები “გურია ნიუსთან” საუბარში.
პედაგოგები აცხადებენ, რომ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს განათლების სამინისტროს, საქმის კურსში ჩააყენეს რესურსცენტრიც და ახლა მათი მხრიდან რეაგირებას ელოდებიან. ისინი სკოლის დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის კაბინეტის კარი აჭედვასაც არ გამორიცხავენ.
წუხელ forum.ge-ზე მოსწავლეების მშობლების მიმართვაც გავრცელდა, სადაც ისინი განათლების მინისტრს გათავისუფლებული თანამშრომლების და 35-ე სკოლის საკითხის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ: “ყოფილი მანდატური ლია ქევანიშვილი 25 წლის ასაკის ქალბატონია. იგი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიერ.
სკოლის პედაგოგთა კოლექტივის და მოსწავლეთა მშობელთა უდიდესი ნაწილი ამ დანიშვნით დღემდე უკმაყოფილოა, რაც გამოიხატება ქ-ნ ქევანიშვილის სკოლის მენეჯმენტის აბსოლუტურ უცოდინარობაში, სრულ არაპროფესიონალიზში, განუზომელ პირად ამბიციებში…
მოვუწოდებთ ახალ მინისტრს ბ–ნ გიორგი მარგველაშვილს, ხვალვე აიყვანოს პირად კონტროლზე № 35 სკოლის ზემოხსენებული დირექტორის “პარპაში”.
№ 35 სკოლის დირექტორი, ალბათ, ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს! იმ დროს, როცა ბ-ნი მინისტრი თითქმის ყოველ დღე ეთერშია და მოუწოდებს სკოლის ადმინისტრაციებს, უსაფუძვლოდ გათავისუფლებული პედაგოგების სამართლიან აღდგენას, № 35 სკოლაში ამ მოთხოვნის სრული იგნორი და განუკითხაობაა!!!
ბავშვებმა უნდა ისწავლონ, თანაც მშვიდ გარემოში!
რა უნდათ ბავშვებს საპროტესტო აქციებზე!
იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავს პოლიტიკურ ინტრიგნობას ბოლო მოეღება განახლებული სამინისტროს მხრიდან და რომ ანალოგიურ შემთხვევებს აუცილებლად მიეცემა მკაცრი და სამართლიანი შეფასება,” _ ნათქვამია მშობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“გურია ნიუსი” სკოლის დირექტორს ლია ქევანიშვილს დაუკავშირდა. დირექტორი პედაგოგების ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მისი მოადგილეების გათავისუფლების შესახებ კანონიერი იყო: “ჩემმა მოადგილეებმა იმის ნაცვლად, რომ უზრუნველყოთ სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, 5 ნოემბერს განზრახ ჩაშალეს გაკვეთილები. ისინი, სხვა პედაგოგებთან ერთად, გაკვეთილების მიმდინარეობის დროს, შემოვიდნენ ჩემს კაბინეტში. რაც შეეხება რამდენიმე თვის წინ ჩემი პირადი მდივნის გაშვებას, მას ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და უბრალოდ აღარ გავუგრძელე. ტექნიკური მენეჯერი კი, რომლის შესახებაც თქვენ საუბრობთ არის მუშა, რომელიც უკანონოდ მთხოვდა ახალი ხელშეკრულების გაფორმებას იმ დროს, როდესაც ძველი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 2 დღე იყო დარჩენილი. ჩემი უარის შემდეგ ის გაბრაზდა და განცხადება დახია. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა და ამის გამო სკოლაში დაბრუნებაზე უარი ვუთხარი,” _ ამბობს სკოლის დირექტორი.
_ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენათ თუ განცხადება დახია?
_ არა, სიტყვიერი შეურცხყოფა არ ყოფილა, განცხადება დახია და ამის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, _ გვითხრა ქევანიშვილმა.
რაც შეეხება ბრალდებას, რომ “სკოლა, ფაქტობრივად, ოკუპირებული აქვთ დირექტორის ოჯახის წევრებს, მისი მეუღლე ყოფილი მანდატურია და ისინი ერთად მართავენ სკოლას”, სკოლის დირექტორი ასე პასუხობს:
_ ჩემი მეუღლე მანქანით მაკითხავს სამსახურის შემდეგ და სახლში მივყავარ, _ ამბობს ქევანიშვილი და დასძენს, რომ თანაშრომლები იმიტომ გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებდნენ.