ჭკუასელი ამბობს, რომ ჩოხატაური ცვლილებებს მალე იგრძნობს, თუმცა, კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირს.
_ ბატონო თემურ, როგორ გრძნობთ თავს ახალ ამპლუაში?
_ ეს არის აბსოლუტურად არაჩვეულებრივი, არასაჩემო სიტუაცია. ძალიან დიდი ხნის წინ ვმუშაობდი ტელევიზიაში, მაშინ, რა თქმა უნდა, ენერგია მეტი მქონდა და ენერგიული სამუშაოც იყო. მუდამ ფუსფუსი და პლუს ამას, 30-მდე თანამშრომელი მყავდა. ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, მაგრამ, რაც იქიდან წამოვედი, მას შემდეგ ასეთი დატვირთვა არ მქონია. ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი. მოკლედ, სხვა გზა არა მაქვს _ უნდა მივეჩვიო ამ სამუშაოს. თუმცა, მიჩვევა ერთია და არის კიდევ შეგრძნება იმისა, რომ შემიძლია, ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდ შევცვალო ამ ქვეყანაში ჩემს კოლეგებთან ერთად. და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა და თურმე, მართლაც ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი. იმის განცდა, რომ ყველგან გეგებებიან და ყველა კარი ღიაა შენთვის, როგორც დეპუტატისთვის, საინტერესოა და ჩემთვის ახალი.
_ ბატონო თემურ, ადამიანები უკვე გამოთქვამენ უკმაყოფილებას. რეალურად ცვლილებები არ მომხდარა, გარდა თქვენი გადეპუტატებისა. ჩოხატაურელები თქვენგან ელიან იმას, რაც თქვენს უფლებებებში არ შედის და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით _ თქვენი უფლებამოსილება არ არის, გადაწყვიტოთ ვინ იქნება გამგებელი, ვინ _ საკრებულოს თავმჯდომარე და ა.შ. მაგრამ მაინც თქვენგან ელოდებიან. რა შეგიძლიათ უთხრათ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ იმედი, რომ “ქართული ოცნების” გამარჯვებისთანავე შეიცვლებოდა რამე, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი არ იცვლება მუნიციპალიტეტების დონეზე…
_ მე ძალიან კარგად ვიცი, რა არის ჩემი უფლებამოსილება. ძალიან კარგად ვიცი, რა უნდა გავაკეთო, იმიტომ, რომ არ შემიძლია, რაღაც საქმის დაწყება ისე, თუ ყველაფერი არ გავიარე, თუ ყველაფერს არ ჩავწვდი ბოლომდე. კანონმდებლობასაც კი, რომელიც აქამდე არ მაინტერესებდა, უნდა გადავხედო და ვნახო, რისი უფლება მაქვს და რისი _ არა.
_ ჯერ კიდევ არ იცით, რისი უფლება გაქვთ და რისი _ არა?
_ ბოლომდე არა, მაგრამ არ მაქვს იმის უფლება, რომ არ გავიაზრო ის, რისი უფლება მაქვს და რისი _ არა. ეს არის აუცილებელი. მე მაქვს რეკომენდაციების უფლება _ წამოვაყენო ჩემი კანდიდატურა, თუმცა, მას მერე სხვები ამტკიცებენ. რაც შეეხება ცვლილებებს, ამას აუცილებლად მოევლება. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის პირით განაცხადეს, რომ ახალ ხელისუფლებას არ შეუშლიდნენ ხელს, მაგრამ მაინც გვიშლიან, აკეთებენ დემაგოგიურ განცხადებებს და მოქმედებენ ჩვენს საწინააღმდეგოდ. ცდილობენ, რომ ადგილებზე, სადაც მათ ბერკეტები აქვთ, გააძლიერონ საკუთარი უფლებამოსილება, დასაყრდენი _ გამგეობები და საკრებულოები მაქვს მხედველობაში. ამისთვის დაიბარეს კიდეც ყველა და როგორც ჩანს, იქ გაამხნევეს კიდეც. სწორედ ეს არის ცვლილებების გაჭიანურების მიზეზი, მაგრამ შემიძლია, თამამად ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს _ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩაფიქრებულია. ჩოხატაურში ცვლილებები დაიწყო იმით, რომ დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ბიუროს წევრები შეცვალე _ ეს არის ის, რაც უშუალოდ მე მეხება. ასე შეიცვლება თანდათან ყველა. ახლა არ შემიძლია, ვადები დავასახელო _ ეს იქნება ერთ თუ ორ კვირაში, მაგრამ რომ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ თუ გაჯიქდნენ და ან დინების წინააღმდეგ დაიწყეს ცურვა, რაც ახლა ხდება, მაშინ არსებობს სხვა ხერხები, რომლითაც შეიძლება სიტუაციის შეცვლა. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვემუქრებოდე, მაგრამ კანონის ფარგლებში რა ხერხებიც არსებობს, შეიძლება ყველაფერი გახორციელდეს.
_ რა კანონიერ ხერხებს გულისხმობთ?
_ დამთავრდა “ნაციონალების” ხელისუფლება. ქართველმა ხალხმა აირჩია სხვა პოლიტიკური ძალა. ბუნებრივია, ამის შესაბამისად უნდა მოხდეს ყველაფერი და ის, რომ კანონმდებლობაში ან კონსტიტუციაში ასე არეულ-დარეულია ყველაფერი, ესეც იმათი ბრალია.
14 ნოემბერს ჩაწერილი ამ ინტერვიუს დროს, ჭკუასელმა გვითხრა, რომ მეორე დღეს გამგებელთან, ლელა იმედაშვილთან შეხვედრას აპირებდა იმის გასაგებად, აპირებდა თუ არა ეს უკანასკნელი თანამდებობიდან მშვიდობიან წასვლას. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ჭკუასელი არც 15 და არც 16 ნოემბერს იმედაშვილს არ შეხვედრია.
_ ის, რომ დეპუტატს ჩემთან ამ საკითხზე შეხვედრა უნდოდა, თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიუჟეტით შევიტყვე, თუმცა, ჯერ შეხვედრა არ გვქონია. შესაბამისად, კომენტარს მაშინ გავაკეთებ, როდესაც ეს შეხვედრა გვექნება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლელა იმედაშვილმა, რომელმაც კითხვაზე აპირებს თუ არა უახლოეს ხანში თანამდებობის დატოვებას, ასე გვიპასუხა:
_ ჯერჯერობით, მე სამსახურში ვარ და როცა ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, პირველები აუცილებლად თქვენ შეიტყობთ.