და ხელფასის დარიცხვისას მათ საბარათე ანგარიშზე ხელფასები ერიცხებოდათ იმ დღეების გამოკლებით, რომელთა განმავლობაშიც ისინი ავადმყოფობდნენ და არ ცხადდებოდნენ სამსახურში.
ვინაიდან ლევან ბეჟაშვილმა იცოდა, რომ მისი მოქმედება იყო არაკანონიერი, მან დაავალა საფინანსო სამსახურს და აიძულა ბიულეტენის მფლობელი ყველა თანამშრომელი, დაეწერათ განცხადებები, რომლებშიც უარს აცხადებდნენ ბიულეტენზე ყოფნის დროს კუთვნილი თანხების მიღებაზე. შესაბამისად, ლევან ბეჟაშვილის ქმედება კანონიერ სახეს იღებდა,” _ ასეთ განცხადებას აკეთებენ “გურია ნიუსთან” კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლები სოსო ჩიქობავა და ნოდარ ავლახაშვილი.
ნოდარ ავლახაშვილი: “რას შვრებოდნენ იცით? ხომ გავიდოდა ადამიანი ბიულეტენზე, ამის შემდეგ, როცა სამსახურში მივბრუნდებოდით, გვიბარებდნენ კადრებში და გვეუბნებოდნენ, ხელი მოაწერეთ საბუთს, რომ არ გინდათ ბიულეტენის ფულიო. მე არც ერთხელ არ მოვუწერე ხელი. მერე ბუღალტერიას მივაკითხე და ვუთხარი, _ ხელი არაფერზე მომიწერია და კუთვნილი თანხა მომეცით,-მეთქი. კი ბატონო, ორ დღეში გავარკვევთ, გეტყვით პასუხსო და დამიბრუნეს ის ფული.”
როგორც ნოდარ ავლახაშვილი ყვება, ბიულეტენების თემასთან დაკავშირებით ბევრს უნდოდა სასამართლოში სარჩელის შეტანა, მაგრამ კონტროლის პალატაში მუშაობდნენ და ვერ გაბედეს ამის გაკეთება: “დარჩებოდნენ უსამსახუროდ და ამის გაკეთება როგორი მარტივი იყო, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. იქ დღესაც მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ბიულეტენების თანხა არ აუღიათ, მაგრამ არც დღეს იტყვიან ამის შესახებ არაფერს. ეშინიათ და იმიტომ,” _ აცხადებს ნოდარ ავლახაშვილი.
2010 წლის ოქტომბერში კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც ლევან ბეჟაშვილმა ვერ შეძლო თავისი უკანონო ქმედებისათვის კანონიერი სახის მიცემა. კერძოდ: საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორი სოსო ჩიქობავა ათი დღის განმავლობაში ავად იყო და სამსახურში წარადგინა შესაბამისი ბიულეტენი. როგორც ის “გურია ნიუსთან” აცხადებს, მისი ავადმყოფობა დადასტურებულია სამკურნალო დაწესებულების სააღრიცხვო ჟურნალში დაფიქსირებული მისი ვიზიტებით, საფასურის გადახდის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტებით და მისი პირადი ანკეტით, რომლითაც დასტურდება, რომ სოსო ჩიქობავა ამ დაწესებულების მომსახურებით ადრეც არა ერთხელ სარგებლობდა.
სოსო ჩიქობავა: “საფინანსო სამსახურში განმიცხადეს, რომ თავმჯდომარის მითითებით ბიულეტენის თანხების გაცემა აკრძალულია და შემთავაზეს განცხადებებით უარი მეთქვა აღნიშნულ თანხაზე, რაც ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა და განცხადება არ დავწერე.
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამართლებრივი პრეტენზიები ბიულეტენთან დაკავშირებით არ გამოთქმულა, 1125 ლარის ნაცვლად ხელფასი მხოლოდ 737 ლარი, ანუ 388 ლარით ნაკლები ჩამერიცხა, რის დასტურადაც, წარმოგიდგენთ ოქტომბრის თვის საგადასახადო დავალებას. თუ მას შეადარებთ სექტემბერს და ოქტომბერს, ნახავთ, რომ იმ თვეებში 1125 ლარი მერიცხებოდა. ბიულეტენზე სწორედ ოქტომბრის თვეში ვიყავი და თანხა ბიულეტენით სარგებლობისთვის ჩამომეჭრა,” _ აცხადებს სოსო ჩიქობავა.
სოსო ჩიქობავა: “ლევან ბეჟაშვილს ჩემთვის არ დაუკისრებია არანაირი დისციპლინარული სანქცია და არც სხვა რაიმე სახის დოკუმენტი შექმნილა, მაგრამ მისი განკარგულებით სახელფასე ბარათზე 388 ლარით ნაკლები თანხა დამერიცხა. ვფიქრობ, რომ არსებითად დაირღვა ჩემი უფლებები, ვინაიდან ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობდი და სხვა შემოსავლის წყარო, გარდა ხელფასისა არ გამაჩნდა.”
ნოდარ ავლახაშვილი: _ ბიულეტენების თანხა მე გადამიხადეს დიდი ამბის შემდეგ. იქ დღესაც მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ბიულეტენების თანხა არ აუღიათ, მაგრამ არც დღეს იტყვიან ამის შესახებ არაფერს. ეშინიათ და იმიტომ.
_ ბატონო ნოდარ, საერთო ჯამში დიდი თანხა გამოდიოდა ამ “დაქვითვიდან?”
_ როგორ არა. ჩვენ მინიმალური ხელფასი გვქონდა 1500 ლარი და ერთი კვირის განმავლობაში, ეს თანხა, 300-400 ლარს შეადგენდა.
_ სად მიდიოდა ეს “გამოთავისუფლებული” თანხა _ პრემიებს ხომ არ არიგებდნენ?
_ რაც არ ვიცი, როგორ გითხრათ? მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ პრემიების დასარიგებლად სხვა მეთოდი არსებობდა. იყო ვაკანტური ადგილები, რომლითაც კეთდებოდა სახელფასო ეკონომია და აქედან იღებდნენ თანხებს პრემიების სახით.
ნოდარ ავლახაშვილის განცხადებით, ლევან ბეჟაშვილმა ბიულეტენებთან დაკავშირებით კრებაც კი მოიწვია, სადაც განუცხადებია, 37 და 38 გრადუსი რომ გაქვთ სიცხე, სამსახურში არ უნდა იაროთო? ერთ-ერთისთვის ისიც უკითხავს, ასე ხშირად რატომ ავადმყოფობო?!
_ ეს ადამიანი დღესაც კონტროლის პალატაში მუშაობს და ძალიან კარგად ახსოვს ეს ამბავი, მაგრამ ახლაც არაფერს იტყვის სწორედ იმიტომ, რომ იქ მუშაობს.
უფრო მეტსაც გეტყვით _ ჩვენ დილის 9:00 საათზე აუცილებლად სამსახურში უნდა ვყოფილიყავით, ხელმძღვანელობა ძირითადად 11:00 საათისთვის მოდიოდა და შემდეგ გვიანობამდე რჩებოდნენ და გვეუბნებოდნენ, ჩვენ რომ ვრჩებით, თქვენ რატომ მიდიხართო?
მერე, მორიგეობის ცხრილი შემოიღეს და ორი ადამიანი ვალდებული იყო, საღამოს 20:00 საათამდე კონტროლის პალატაში მჯდარიყო. ეს ხდებოდა ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე. ამ მორიგეობის სიაც კი გამოაკრეს.
ერთხელ, უცხოელები იყვნენ ჩამოსულები, და გიორგი ბოტკოველი მათ იქაურობას ათვალიერებინებდა. ერთ-ერთმა მათგანმა მორიგეობის სიაზე იკითხა, _ ეს რა სია არისო? იცით ბოტკოველმა რა უპასუხა? _ სამუშაო საათების მერე ზოგიერთს დიდი სურვილი აქვს, რომ დარჩნენო.
აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ თანამშრომლებისადმი,_ აცხადებს ნოდარ ავლახაშვილი “გურია ნიუსთან”.
როგორც აუდიტორები განმარტავენ, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სახელმწიფო დაწესებულებას, რომლის ხარჯები (მათ შორის შრომის ანაზღაურება და სოციალური ხარჯები) დამტკიცებულია საქართველოს წლიური საბიუჯეტო კანონებით და მისი შეცვლა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. სოსო ჩიქობავა წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რომლის თანამდებობრივი სარგო (ისევე, როგორც მთლიანად კონტროლის პალატის ყველა მოსამსახურის სარგო) განსაზღვრულია კონტროლის პალატის ნორმატიული აქტით და ამ თანამდებობრივი სარგოს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ნორმატიული აქტით.
რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ ლევან ბეჟაშვილს, რომელიც ამჟამად პარლამენტის წევრი გახლავთ, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. თუ ჩვენ პრაქტიკასაც გავითვალისწინებთ, რომელიც მისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის დროს გვქონდა, ეს მოსალოდნელიც იყო.
არათუ კომენტარების გაკეთებაზეა საუბარი, არამედ ლევან ბეჟაშვილის უწყება ჩვენს მიერ, თავად ლევან ბეჟაშვილის სახელზე ოფიციალურად გაგზავნილ საჩივრებსაც კი არ განიხილავდა, რის გამოც, “გურია ნიუსს” სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.