აღნიშნული უწყება, წელიწადზე მეტია, საქართველოს მთავრობას განაჩენის აღსრულების ვადას უგრძელებს, თუმცა, როგორც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე თინა ბურჯალიანი აცხადებდა, საქართველო არც აპირებდა გირგვლიანის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას და განაჩენის აღსრულება დაზარალებულისთვის თანხის გადაცემით დასრულდა.
“ამით არაფერი არ დასრულებულა. ჩვენ გვევალება, თავიდან გამოვიძიოთ ეს საქმე, რათა დავადგინოთ იმ 4 ადამიანის გარდა, ვინ იყო ასული სასაფლაოზე. ასევე იყო თუ არა კავშირი კაფეს შიგნით და მის გარეთ მყოფ ჯგუფებს შორის,” _ განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, 25 ნოემბერს, როდესაც საქართველოს განაჩენის აღსრულებისთვის მიცემული მორიგი ვადა ეწურებოდა, მან დეპარტამენტს კონკრეტული გეგმა გადასცა. დოკუმენტი ფრანგულ ენაზეა დაწერილი და ქართულად ნათარგმნი უახლოეს დღეებში გახდება ხელმისაწვდომი.
გეგმის მიხედვით საქართველოს მხარემ რამდენიმე პირობა დადო, მათ შორისაა გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები.
ცვლილება, პირველ რიგში შეეხება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს სტატუსი ჩამოერთვა და ის მოწმედ იწოდებოდა. მინისტრის თქმით, დაზარალებულს კვლავ დაუბრუნდება ძველი სტატუსი და მიეცემა უფლება გამოძიების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს..
გარდა ამისა, იგეგმება ცვლილებები პატიმრობის შესახებ კანონში.
როგორც ცნობილია, გირგვლიანის საქმის შემდეგ, ძველმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ოთხი ბრალდებულისთვის ერთ საკანში ცხოვრების საშუალება მიეცა, საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. წულუკიანის თქმით, მომავალში დაუშვებელი იქნება ერთ საქმეზე ბრალდებული ადამიანების ერთ საკანში განთავსება.
საქართველოს მხარემ პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს მიუკერძოებელ გამოძიებას: “ჩვენ დავდეთ პირობა, რომ გირგვლიანის განაჩენიდან გამომდინარე, მივიღებთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებელ გამოძიებას.
არსებული კანონმდებლობით, ციხეში მომხდარ დარღვევაზე სასჯელაღრსულების სამინისტროს თავად შეუძლია ჩაატაროს გამოძიება. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, თუკი დარღვევა მოხდება უწყებაში, გამოძიება სისტემის გარეთ წარიმართება. სწორედ ამგვარი გამოძიება ჩაითვლება მიუკერძოებლად,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
31 იანვარს კვლავ იგეგმება ქართული მხარის სტრასბურგში ვიზიტი. იუსტიციის სამინისტრო მინისტრთა კომიტეტს მათ მიერ გახორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენებას წარადგენს და უკან ახალ ვალდებულებებით დაბრუნდება.