“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ სოციალურ ქსელში გია ხუროშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას:
“გასაგებია, რომ მე ვიყავი მთავრობის პოლიტიკური სპიკერი და არც დავლოდებივარ არავის მითითებას ისე გავიზიარე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პირადი განცხადებით დავტოვე თანამდებობა.
9 წლის წინ, მე არ ავყოლილვარ ფეხის ხმას და ვინც დამხვდა სამსახურში, არც ერთი ადამიანი არ გამითავისუფლებია სამსახურიდან არც პოლიტიკური და არც პირადი მოტივაციით, ბევრი რამის გათვალისწინებით და არ გადამივლია მათ ღირსებაზე!
და ამით დღეს მე ამაყი ვარ!!!
დღეს კანცელარიიდან, ჩემი ინფორმაციით, თანამშრომელთა დაახლოებით 50 % სახლში გაუშვეს (დააზუსტეთ თუ მცდარია, მათ შორის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურიდან:
ხათუნა კაპანაძე _ საპარლამენტო მდივნის მოადგილე,
ნათია მინაშვილი _ მთავარი სპეციალისტი,
გიგა რევიშვილი _ მთავარი სპეციალისტი…
გაუფრთხილდით კადრებს, რომელთაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, მათ აქვთ გამოცდილება, ინსტიტუციური მეხსიერება, საჯარო მოხელისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები და ნუ გაყრით ამ ხალხს ქუჩაში!
თუკი რამე აფუჭებს საქმეს, არაკვალიფიციური, მხოლოდ ამბიციებსა და ინტრიგებზე ორიენტირებული კადრებია და ეს გაითვალისწინეთ ხელისუფალნო!!!!” _ ნათქვამია ხუროშვილის მიმართვაში.
მთავრობის კანცელარიის თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” მთავრობის კანცელარიის უფროსს მაია ცქიტიშვილს დაუკავშირდა.
_ ქალბატონო მაია, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, კანცელარიის თანამშრომლების 50%-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ის მიმართავს ახალ ხელისუფლებას: “გაუფრთხილდით კადრებს, რომელთაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, მათ აქვთ გამოცდილება, ინსტიტუციური მეხსიერება, საჯარო მოხელისათვის დამახასიათებელი უნარ ჩვევები და ნუ გაყრით ამ ხალხს ქუჩაში!”
რა გახდა კანცელარიიდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი?
_ ეს არის ოპტიმიზაცია. ის ფაქტი, რომ პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის, ნაწილი პროფესიონალებისა რომ გათავისუფლდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გათავისუფლება არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.
კანცელარიაში მოხდა ოპტიმიზაცია და იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც ჩავთვალეთ, რომ არ შესაბამებოდა, იმ… რეალურად მოხდა კადრების შემცირება. რამდენიმე თანამშრომელი ასრულებდა ერთი და იგივე საქმეს.
არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა თანამშრომლების გათავისუფლება. ნაწილი თანამშრომლებისა დიდი განმავლობაში მუშაობდა, თანამშრომლების ნაწილი _ ახალი მისული იყო. რეალურად, მხოლოდ რესურსების ოპტიმიზაცია მოხდა, ხარჯების შემცირება. გაუქმდა განყოფილებები. მაგალითად, ქუთაისში, მთავრობის სახლში, 11 თანამშრომელი ირიცხებოდა. მოგეხსენებათ, ქუთაისში მთავრობის სახლი არ ფუნქციონირებს. ასეთი ტიპის ოპტიმიზაცია მოხდა.
_ გია ხუროშვილი კონკრეტულად საუბრობს, ხათუნა კაპანაძის ( საპარლამენტო მდივნის მოადგილე); ნათია მინაშვილის (მთავარი სპეციალისტი); გიგა რევიშვილის ( მთავარი სპეციალისტი), გათავისუფლებაზე… კადრებზე, რომლებსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვთ.
_ ალბათ მას, ყოფილ ხელმძღვანელს აქვს თავისი შეხედულება, იმის თაობაზე, თუ რომელი თანამშრომელი დარჩეს ან წავიდეს. ახალი ხელმძღვანელი ირჩევს იმ რესურსს, რომელიც მისი შეხედულებით უფრო მაქსიმალურად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. შესაბამისად, საპარლამენტო მდივანმა ჩათვალა, რომ ეს თანამშრომლები უნდა წასულიყვნენ, სხვა თანამშრომლები – დარჩენილიყვნენ.
_ მთავრობის კანცელარიიდან დაახლოებით რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა?
_ ჯამში, 80 თანამშრომელი.
_ გათავისუფლებულ თანამშრომლებს რამე სახის პროტესტი არ გამოუთქვამთ?
_ არა. მე მგონი, ყველა გაგებით მოეკიდა ამ ამბავს, მიუხედავ იმისა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო. შევდივარ ამ ადამიანების მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. შევამციროთ ხარჯები და ბიუჯეტის ხარჯები მივმართოთ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებისთვის. თანამშრომლების გათავისუფლება მოხდა ყველა კანონის დაცვით. მათ მიეცემათ კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია.