ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, კომისიის სხდომაზე მან “გურია ნიუსის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება წარადგინა, რომელიც ამ ადამიანების დაკავებისა და არაადამიანური წამების ისტორიას ასახავს.
“სხვა მტკიცებულებებთან ერთად კომისიას წარვუდგინე “გურია ნიუსის” ჟურნალისტური გამოძიება, რაც ძალიან დამეხმარა კომისიის წევრების დარწმუნებაში, რომ გორელაშვილის, ლონდარიძისა და ჩაპლიგინის დაკავება და გასამართლება უკანონოდ მოხდა,“ _ განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა “გურია ნიუსთან” საუბარში.
პროექტის მიხედვით, პოლიტპატიმრის სტატუსს 190, პოლიტდევნილის კი _ 25 პირი მიიღებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დადგენილებას პოლიტდევნილებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.