როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ საინფორმაციო გადაცემა “მოამბეში” განაცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიქმნა მმართველობის კრიზისი, რის გამოც, სამეურვეო საბჭომ გია ჭანტურიას განცხადების დაკმაყოფილება გადაწყვიტა.
რაც შეეხება თავად გია ჭანტურიას, ასავე ” მოამბისთვის” მიცემულ კომენტარში ის აღიარებს, რომ იყო საკითხები, რისი სწორად წარმართვაც მან ვერ შეძლო და ასეთად ასახელებს საორგანიზაციო სტრატეგიული გეგმის განსაზღვრას.
მისი განცხადებით, შექმნეს საკმაოდ მკაფიო სტრატეგიული გეგმა და დოკუმენტი, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ ყველა სტრატეგიული გეგმის სრულფასოვნად შესრულება ვერ მოხერხდა.
_ უნდა განსაზღვრულიყო სტრატეგიული გეგმა საორგანიზაციო საკითხში და ვფიქრობ, ამ ნაწილში ვერ შევძელი სწორად წარმართვა”, _ განაცხადა ჭანტურიამ.
შეგახსენებთ: ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიორგი ჭანტურიამ თანამდებობა დატოვა, ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა, უფრო ადრე, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 500 თანამშრომელი გაათავისუფლეს, რაც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ ჩვენთან არ დაადასტურა. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, ლევან გახელაძემ მაუწყებლის ეთერით განაცხადა, რომ ამ განცხადების დაწერის მიზეზების შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს.