თავდადებული შრომისთვის ვარშალომიძე, თვეში, პრემიის სახით, საშუალოდ, 1517 ლარს იღებდა. აჭარის პირველი პირის ხელფასი 3200 ლარია. გასულ წელს მან, მხოლოდ ხელფასის სახით, 39 ათას 720 ლარი აიღო.
აჭარის მთავრობაში პრემიების მიმღებთა შორის, მეორე ადგილზე აპარატის უფროსი ომარ მეგრელიძეა. მან პრემიის სახით 11715 ლარი მიიღო, მისი შრომის წლიური ანაზღაურება კი 24 887 ლარს შეადგენს. მეგრელიძეს ცოტათი ჩამორჩება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ბერიძე. მან, პრემიისა და ხელფასის, 2011 წელს 31 ათასი ლარი მიიღო.
ვარშალომიძეს შვიდი მრჩეველი ჰყავდა. რამდენად ღირებულ რჩევებს აძლევდნენ სხვა საკითხია თუმცა, ისინი ბიუჯეტისათვის საკმაოდ ძვირ რჩევებს იძლეოდნენ; წლიურად თითოეულ მრჩეველს 15 ათასი ლარი მხოლოდ ხელფასის სახით ეძლეოდა. ეს რჩევები გასულ წელს ბიუჯეტს 102 ათას 515 ლარი დაუჯდა. ცალკე შტატები იყო გამოყოფილი მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და თანაშემწეებისთვის. მაგალითად, ირმა ფარსენაძეს და ქეთევან ათაბაძეს, თითოეულს, წლიურად 14 208 ლარი ხელფასი და 10 500 ლარი პრემია დაერიცხათ. მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველთა შორის, მრჩეველ დავით ზოიძეს ხელფასი 10710 და 6930 ლარი მიეცა. ლევან ვარშალომიძის მრჩეველთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტს რეგიონისთვის მეტი დამოუკიდებლობა მოსთხოვა და ულტიმატუმი წაუყენა. ამის შემდეგ, ვარშალომიძის მრჩეველთა რაოდენობა გაორმაგდა, თუმცა, ვარშალომიძის მედიაკომენტარების რაოდენობა განახევრდა.
აჭარის მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტში 53 მთავარი სპეციალისტი მუშაობს. თითოეულის საშუალო ხელფასი 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს. მთავრობას 10 მძღოლი ემსახურება. მათი წლიური ხელფასი 7 ათასი ლარია. პრემიის სახით კი 5600 ლარი მისცეს.
მთავრობის შენობის სისუფთავეზე 6 დამლაგებელი ზრუნავს. შენობის გათბობას ორი ცეცხლფარეში უზრუნველყოფს. ცალკე შტატებია გამოყოფილი დურგლისა და ავტომრეცხავისთვის. მათი ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, თუმცა, ხელფასის გარდა ისინი პრემიებსაც იღებდნენ.
სამაგიეროდ, მთავრობის კურიერმა, ხელფასის და პრემიის სახით, გასულ წელს 12 ათასი ლარი მიიღო.
2011 წელს, ხელფასის სახით, აჭარის მთავრობაში 1 385 761 ლარი, პრემიების სახით კი 714 431 ლარი გაიცა. მთავრობაში 150-მდე ადამიანი იღებს ხელფასს.