მიმდინარე წლის ზაფხულში, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების საბაბით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო მშვიდობაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ნინო მშვიდობაძე თავს უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნევდა. მოგვიანებით, ყოფილმა საჯარო მოხელემ პრესკონფერენციაც მოიწვია და განაცხადა, რომ გატეხეს მისი პირადი სკაიპი და ნახეს მისი მიმოწერა მედიაექსპერტ ია ანთაძესთან.
“დამირეკა “პრაიმ ტაიმის” ჟურნალისტმა, რომელიც, თავდაპირველად, შეკითხვებს მისვამდა ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. უცებ მორალზე გადავიდა. მაშინ ვუთხარი, რამდენად მორალურია, რომ ჩემი სკაიპი გატეხეს,-მეთქი. ამის შემდეგ მითხრა, რომ ინფორმაციის მიწოდებაში, ია ანთაძე 32 დოლარს მიხდიდა. ეს სრული აბსურდია, რაც თავად ია ანთაძემაც დაადასტურა. არც ისე ძნელია იმის გადამოწმება, საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში, სამოქალაქო განვითარების ცენტრიდან რაიმე თანხა არის თუ არა ჩამორიცხული ჩემს ანგარიშზე… გაზეთის ის ნომერი, სადაც სტატია იყო გამოქვეყნებული, 5 ნოემბერს გამოვიდა და მაშინ პირველად ვნახე, რომ ია ანთაძესთან ჩემი პირადი მიმოწერა გამოუქვეყნებიათ.
მაშინ გადავწყვიტე, ჩემი უფლებები დამეცვა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ფილიალის იურისტის დახმარებით, პროკურატურაში განცხადება შევიტანე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ნინო მშვიდობაძემ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა ჟურნალისტი ია ანთაძეც, რასაც იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში ადასტურებს: “გუშინ პოლიციელმა ჩვენება ჩამომართვა. ეს პროცედურა ნამდვილად იწვევს ერთგვარ შფოთს,” _ წერს ია ანთაძე.