ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ ყველაფრით იხეირებს, შვეიცარული ფირმა “სიქპა სექურითი სოლუშენს. ეს ეი” და მისი შვილობილი ქართული კომპანია “სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია” გახლავთ. ვინ დგას ამ უცხოური კომპანიის უკან და სად წავა მილიონები, რომელიც შვეიცარელებმა ქართული საწარმოებისგან უნდა მიიღონ? რა მოგება ექნება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს და რამდენად გაძვირებული უალკოჰოლო სასმელებით შევხვდებით ძველით ახალ წელს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თანმიმდევრულად შევეცდებით.
ფინანსთა მინისტრის არაკონსტიტუციური ბრძანება N129 და “უნიკალური კოდი” წყლის გასაძვირებლად
2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ,“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად #996 ბრძანება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.
მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის , მინერალური და მტკნარი წყლები). შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში. საერთო ჯამში კი, მხოლოდ ერთი საწარმოსთვის, გადასახადმა, შესაძლოა, მილიონსაც გადააჭარბოს.
დღეს, თითქმის ყველა ჩამომსხმელ კომპანიას უკვე უდგას ასეთი ტიპის მარკირების დანადგარი, რომელიც 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა ამუშავდეს და პროდუქციის მარკირება უნდა მოახდინოს.
არააქციზური საქონლის მარკირების შესახებ კანონში ცვლილების განმარტებით ბარათში აბსოლუტურად ცინიკური ფრაზაა გამოყენებული, რომ თითქოს კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას გადასახადის გადამხდელებზე არც გადასახადის განაკვეთების გაზრდით და არც სხვა მსგავსი ფინანსური შედეგით. არადა შედეგი სახეზეა: საერთო ჯამში, ხარჯების ასეთი ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ იქნება დაკავშირებული პროდუქციაზე ფასების იძულებით გაძვირებასთან, რაც შეამცირებს როგორც შიდა, ასევე საექსპორტო გაყიდვებს, შეამცირებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსაც, ხოლო მომხმარებლისთვის ეს იქნება კიდევ დამატებითი ტვირთი და როგორც ყველანაირი ფასების ზრდა, უკმაყოფილების საფუძველი.
ასე რომ, ამ კანონის ამოქმედებიდან სულ მალე, “ზედაზენი”, “ბორჯომი,“ „ზანდუკელი“, “რაჭის წყაროები”, “ნაბეღლავი,“ “კოკა-კოლა,” “პეპსი,“ “საირმე”, “სნო”, “ნატახტარის ლიმონათი” და ყველა სხვა არაალკოჰოლური სასმელის ფასი, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა მომხმარებლისთვის, საგრძნობლად გაძვირდება. და, ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.
2013 წლის 1 იანვრიდან ფუფუნების საგნად იქცევა წყალი და უალკოჰოლო სასმელები, ხოლო შემდგომ, როგორც ეს მითითებულია ტენდერში გამარჯვებულ „სიქპას“ მიერ საკონკურსო პირობებში – მედიკამენტები და საკვები ზეთი.
ამაზე, ვიღაცამ წინა ხელისუფლებაში, განსაკუთრებული მონდომებით იზრუნა, მაგრამ რაც მთავარია, იზრუნა არა ქვეყნის ბიუჯეტის ზრდისთვის, არამედ სამწლიანი გამოცდილების მქონე შვეიცარული კომპანიისთვის.
ალბანეთში – პრეზიდენტის ვეტო, ავსტრალიაში – პარლამენტის უარი, საქართველოში – კარტ-ბლანში
კანონპროექტის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გახლდათ, ინიციატორი კი
საქართველოს მთავრობა. საუბარია წინა ხელისუფლებაზე, რომელმაც ისე სასწრაფოდ შეიტანა ცვლილება არააქციზური საქონლის მარკირების შესახებ კანონში, რომ ერთი ექსპერტისთვისაც კი არ უკითხავთ მოსაზრება თუნდაც პროცედურული ნორმების ფორმალურად დაცვის გამო. ამიტომაც, ცვლილებების განმარტებითი ბარათის პუნქტში „კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები“, ვკითხულობთ _ „ასეთი არ არსებობს.“
არადა, რომელიმე ექსპერტისთვის, ან ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, (თუნდაც საერთაშორისოსთვის) მოსაზრება რომ ეკითხათ, ვინმე მაინც ეტყოდა, რომ უალკოჰოლო სასმელებზე ელექტრონული მარკირება არც წამყვან განვითარებულ და არც განვითარებად ქვეყნებში ხდება. არსებობს ცალკეული შემთხვევები და სულ რამდენიმე ქვეყანა აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც მსგავსი სისტემა ფუნქციონირებს და იქაც ადგილობრივი დიქტატორებისა თუ მონარქების ბიზნესებიდან შემოსავალი არ დაუმალონ.
უფრო მეტიც, ალბანეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ალბანეთში შვეიცარული კომპანია „სიქპას“ მიერ მარკირების შემოღებას, ავსტრალიაში კი პარლამენტმა არ დაუჭირა მის შემოღებას მხარი. ორივე შემთხვევაში მიზეზი გადასახადების გადიდების დაუშვებლობა და კორუფციის საფრთხე იყო.
აშშ -ს სასამართლო კი “სიქპას” პატენტთან დაკავშირებით ამჟამად სარჩელს იხილავს.
ის, რომ ძირითადად ფუფუნების საგნები იბეგრება, კანონპროექტის ინიციატორებსაც და დამკანონებლებსაც უნდა სცოდნოდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე ვერც მთავრობაში დაინტერესებული პირისთვის „გაიჩარხებოდა“ და ვერც შვეიცარული კომპანიისთვის.
სხვათაშორის, ფინანსთა ამჟამინდელმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დაბეგვრასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ორი თვის წინ გააკეთა კომენტარი
“აქციზით უნდა დაიბეგროს ძირითადად მხოლოდ ფუფუნების საგნები”, – აღნიშნა მან.
“გურია ნიუსი” ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს რამდენიმე კითხვით მივმართეთ მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებასთან და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებით:
- როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს თუ არა ამ კანონის ამოქმედება და აღნიშნული გადასახადების დაკისრება პროდუქციის გაძვირებას?
- როგორ ფისკალურ ეფექტს ელოდება ფინანსთა სამინისტრო და ხელისუფლება ამ ცვლილების ამოქმედებით?
- საიდან და რა კრიტერიუმით დადგინდა სავალდებული მარკირების ნომინალური ღირებულება?
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია SICPA, რომელსაც უხდის ამავე ხელშეკრულების მიხედვით, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი მომსახურების საფასურს. ჩატარდა თუ არა ტენდერი აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით და რას გულისხმობს ეს ექსკლუზიური ხელშეკრულება?
ამ კითხვების გაცნობის შემდეგ სამინისტროში გაგვიცხადეს, რომ კონკრეტულ პასუხებს ჯერჯერობით ვერ გაგვცემენ, რადგან ეს საკითხი შესწავლისა და დამუშავების პროცესშია.შეგვპირდნენ, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე უახლოეს მომავალში მოგვაწვდიან პასუხებს.
SICPA _ ქართული ბიზნესიდან მიღებულ მოგებაზე ორიენტირებული შვეიცარული კომპანია
საკონკურსო პირობების თანახმად, 2012 წლის 03 თებერვალს, 2011 წლის 10 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შვეიცარული კომპანია „სიქპა სიქურითი სოლუშენსი“. თუმცა ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების, დასრულებულის და გამარჯვებული კომპანიის შესახებ კონკურენციისა სახელმწიფო შესყიდების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება (როგორც ჩანს, სავალდებულო თანდართული სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების თავიდან არიდების მიზნით. ავტ.)
კომპანია “სიქპა სიქურითი სოლუშენს სოლუშენს ჯორჯია” 2008 წლის 4 აპრილსაა დაფუძნებული, კონკურსში მონაწილე კომპანიებისთვის კი დაწესებული იყო ხუთწლიანი გამოცდილების მოთხოვნა. თუმცა, ამ პირობას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ „სიქპას“ მოეგო ტენდერი, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მარკირების მომსახურებას განახორციელებდა “შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი.”
სადამფუძნენლო დოკუმენტაციის მიხედვით, “სიქპას” პარტნიორები და ნდობით აღჭურვილი პირები საქართველოში „ ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯიას“ წარმომადგენლები და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა გოგიბერიძე გახლავთ.
კომპანიის დამფუძნებლებს შორისაა ასევე ზაზა ბიბილაშვილი, გამოცდილ პარტნიორებს შორის კი _ თამარ თევდორაძე, ეკატერინე ალექსიძე და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი გიორგი ყავლაშვილი.
“გურია ნიუსი” “ბი-ჯი-აი-ს” წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა “სიქპასთან” დაკავშირებული ტენდერების თაობაზე, მაგრამ კომპანიაში გაგვიცხადეს, რომ ისინი მხოლოდ იურიდიულ საკითხებს უგვარებენ აღნიშნულ ფირმას და მისი მოღვაწეობის შესახებ არაფერი იციან. არადა, ყველა მინდობილობა და საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა სამართლებრივი ოპერაცია სწორედ ბი-ჯი-აიას იურისტებს აქვთ შესრულებული „სიქპას“ მინდობილობის საფუძველზე. კომპანიაში „სიქფას“ წარმომადგენლის კოორდინატორებიც კი ვერ მოგვაწოდეს. ჩვენი კითხვა, ვის უკავშირდებიან ისინი საკითხების შესათანხმებლად, უპასუხოდ დარჩა.
ფარული გარიგების ნიშნები …
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაზეც წინა ხელისუფლება აპელირებას ახდენდა ამ ცვლილების მიღებისას, პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვა იყო. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გამოუსადეგარი არგუმენტია, რადგან გამყალბებლები ფალსიფიცირებული წყლის, მინერალური ან გამაგრილებელი სასმელის ჩამოსხმისას მწარმოებლის ტარას ან თავსახურს იყენებენ. შესაბამისად ეს პროდუქცია უკვე მარკირებულია და ფალსიფიკატორის გამოვლენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ სისტემის დახმარებით.
თუმცა, ფაქტი ისაა, რომ არც ამ ცვლილების შეტანისას და არც „სიქფას“ შემთხვევაში, კანონის ინიციატორებსა და მათი ნების აღმსრულებლებს, არანაირ არგუმენტზე არ უმსჯელიათ. მათთვის არც ის ყოფილა პრობლემა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ამ მარკირებისგან ერთ თეთრსაც კი ვერ მიიღებდა და საფასური შვეიცარული კომპანიისთვის იქნებოდა გადახდილი.
აუდიტორი და ექსპერტი ირაკლი შავიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ფარულ გარიგებას.
ირაკლი შავიშვილი: „იმ შემთხვევაში, თუ მეწარმეები აცხადებენ, რომ ფალსიფიკაციის პრობლემა არ არსებობს, პირდაპირი ფისკალური ეფექტი კი 0-ია, მაშინ რჩება 2 ახსნა: 1.არაპირდაპირი ფისკალური ეფექტი (მაგალითად, გაზრდილი მოგების გადასახადი აღრიცხვის დაზუსტებიდან გამომდინარე, თუმცა, მეწარმეები ამასაც გამორიცხავენ); 2. კორუფციული გარიგება.“
ფრიად საყურადღებოა ის გარემოება, რომ როგორც თავად სიქპა-ს მიერ არის მითითებული 2011 წლის 21 ივლისს ავსტრალიის პარლამენტში წარდგენილ მოხსენებაში, მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ანაზღაურების საფუძველს ჩვეულებრივ წარმოადგენს კონტრაქტორი სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრები. თუმცა, როგორც აღნიშნულია მოხსენებაში, არსებობს დაფინანსების ალტერნატიული საშუალება – აღნიშნული ხარჯის ანაზღაურების მეწარმეთათვის დაკისრება, რაც განხორციელდა კიდეც საქართველოში.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მიხეილ ძაგანია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ “სიქპას” ფაქტორი ნამდვილად საინტერესო და ამავე დროს, მოსაკვლევია.
_ რაც შეეხება შვეიცარული კომპანია SICPA-ს, თუ იმ თანხის ოდენობა, რომელიც მას ჩაერიცხა შეაბამისი მომსახურების გასაწევად, აღემატებოდა 5000 ლარს, შესყიდვების კანონმდებლობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო სახელმწიფო შესყიდვა განორციელებულიყო ელექტრონული/გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეიძლება არსებობდეს მთავრობის ან პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტი, რომლითაც აღნიშნული შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის სახით (გასარკვევია არსებობს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი აქტი).
რაც შეეხება აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიურობას, ასეთ შესაძლებლობას ასევე იძლევა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა, თუმცა ამ შემთხვევაშიც გასარკვევია რა გარემოებების გამო ჩაითვალა აღნიშნული კომპანია (SICPA) აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიურ მომწოდებლად, _ აცხადებს მიხეილ ძაგანია „გურია ნიუსთან“.
ფაქტი ისაა, რომ წინა ხელისუფლებამ გაითვალისწინა სიქპა-ს გამოცდილება და საკუთარი გადაწყვეტილების დაფინანსების ტვირთი გადაიტანა გადასახადის გადამხდელებზე იმდაგვარად, რომ ჯეროვნად არც პარლამენტში არ უმსჯელიათ აღნიშნულის თაობაზე.
მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს “პარტიულ ერთგულებაში” არც საქართველოს პარლამენტი “ჩამორჩა” და 2012 წლის 15 მაისს მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მარკირების გარეშე მიწოდების აკრძალვის შესახებ.
ასე “ზედმიწევნით პატიოსნად” შესრულდა გადასახადების შესახებ საკონსტიტუციო გარანტიები, გათვალიწინებული როგორც კონსტიტუციით ისე ორგანული კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“.
საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს ახალი შემადგენლობა და მათ მიერ წინასაარჩევნოდ მიცემული პირობა.
ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ: 41-ე საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო პროგრამაში მითითებულია, რომ შემცირდება აქციზით დასაბეგრი საქონლის ჩამონათვალი, და აქციზით დაიბეგრება მხოლოდ ფუფუნების საგნები…