“ჩვენ მივესალმებით მთავრობის ინიციატივას ფინანსთა მინისტრის ბრძანების შეჩერების თაობაზე, რომლის თანახმადაც მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები).
ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულია ინიციატივა დროულია და უაღრესად მნიშვნელოვანია უალკოჰოლო სასმელების წარმოების დარგისა და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის და ქართული ბიზნესისთვის. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ მთავრობასთან ერთად ჩავერთოთ კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, რომლის შედეგი უნდა იყოს სახელმწიფოს, მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
ჩვენ პირობას ვდებთ, რომ პროცესთან დაკავშირებით პერმანენტულად მოვახდენთ საზოგადოების, მედიისა და დაინტერესებული მხარეების მუდმივ ინფორმირებას და ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება გამჭვირვალე და ღია,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
შპს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”; სს “იბერია რეფრეშმენტსი”; შპს “აქვა გეო”; შპს “აიდიეს ბორჯომი საქართელო”; სს “წყალი მარგებელი”; შპს “საირმე მინერალ ვოთერს”; შპს “სიტრო”
ორშაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, განცხადება გააკეთა უალკოჰოლო სასმელების აქციზური მარკირების შესახებ და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ეს ვალდებულება საკითხის საბოლოო შესწავლამდე გადაავადოს.
შეგახსენებთ, რომ ამ კაბალური კანონპროექტის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გახლდათ, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა. საუბარია წინა ხელისუფლებაზე, რომელმაც ისე სასწრაფოდ შეიტანა ცვლილება არააქციზური საქონლის მარკირების შესახებ კანონში, რომ ერთი ექსპერტისთვისაც კი არ უკითხავთ მოსაზრება. ტენდერიც სწორედ ისეთივე “ნორმების დაცვით” ჩატარდა, როგორც კანონის მიღება მოხდა.
შვეიცარული კომპანია “სიქპა” თავისი სამწლიანი გამოცდილებით გამარჯვებულად გამოცხადდა და საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული 5 წლიანი გამოცდილება ძალაში მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტი მარკირების შემოღებით პირდაპირ ერთ თეთრსაც ვერ მიიღებს და სარგებელს მხოლოდ შვეიცარიული კომპანია ნახავს. საინტერესოა რა მოტივაცია ჰქონდა ,სახელმწიფოს და კონკრეტულ ჩინოვნიკებს როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ,“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად #996 ბრძანება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მარკირების შემოღების შემთხვევაში, სახელმწიფო ცალსახად ნეგატიურ ფისკალურ ეფექტს მიიღებს. შემცირდება საექსპორტო პოტენციალიც. როგორც ირკვევა, საერთაშორისო ბაზარზე არაგაზირებული სასმელი წყლის თვითღირებულება იმდენად დაბალია, რომ მარკირების 1-თეთრიანი გადასახადი პროდუქციის თვითღირებულებას 7-8%–ით გაზრდის.
ლევან კალანდაძე (ეკონომიკის ექსპერტი) : ერთის მხრივ, წინა ხელისუფლების ეს უცნაური ინიციატივა, რომელიც გაფორმებულია ფინანსთა ყოფილი მინისტრის ბრძანებით, არცთუ უცნაური და არცთუ ახალია წინა ხელისუფლების პირობებში. სამწუხაროდ, ძალიან ხშირი იყო მათი მხრიდან ინიციატივები, რომელიც მორგებული იყო ერთი კონკრეტული კომპანიის საჭიროებებზე და ამ შემთხვევაში, გათვალისწინება ბიზნესის საჭიროებისა, არ ხდებოდა.
მარკირების შემოღება არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი იმისა, როგორ ქმნიდნენ ფინანსურ ბარიერებს. არგუმენტი, რაც მოყვანილი ჰქონდა წინა ხელისუფლებას, თითქოს ეს იყო ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი მექანიზმი, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ამ ტიპის პროდუქციის მასობრივი ფალსიფიკაციის პრობლემა, ზოგადად, საქართველოში არ არსებობს. ამას ადასტურებს როგორც ბაზრის კვლევა, ასევე მეწარმეების დამოკიდებულებ ამ საკითხისადმი. ხელოვნურად ასეთი რეგულაციის შემოტანა არის გარკვეული ბარიერი ზოგადად ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ნემისმიერი მაღალტექნოლოგიური დანადგარის შეძენა პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე და იწვევს ფასის ზრდას სამომხმარებლო დონეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნეგატიურად აისახება პროდუქციის ღირებულებაზე.
არის ამ თემის მორალური ნაწილიც, რაც უკავშირდება გასაიდუმლოებულ ვითარებაში ტენდერის ჩატარებსა და კომპანია „სიქპასთვის“ ექსკლუზიური უფლების მინიჭებას ამ მომსახურების განხორციელებაზე. ამ კომპანიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. პრაქტიკულად, დარღვეულია სატენდერო პირობები და გაურკვეველი წარმოშობისაა ეს კომპანია. ამიტომ, საზოგადოებაში გაჩენილი ეს კითხვებიც აბსოლუტურად ლეგიტიმური და ბუნებრივია.
რას უნდა ემსახურებოდეს ეს ყველაფერი? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული ინიციატივით პროდუქცია ძვირდება, სატენდერო პირობები გასაიდუმლოებულია, ამავდროულად, არც მომხმარებელს და არც მწარმოებელს ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს და წინა ხელისუფლებამ მაინც მოახდინა ამის ინიცირება, მაშინ ძალიან ლოგიკურია იმის მტკიცება და ვარაუდის გამოთქმა, ხომ არ ემსახურებოდა ეს ყველაფერი წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას? ეს პრაქტიკა ძალიან კარგად იყო დამკვიდრებული და აპრობირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და ტენდერების აბსოლუტური უმრავლესობასაც ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების გამარჯვებით მთავრდებოდა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს და ასეთი ტიპის მიდგომები იყო საფუძველი იმისა, რის გამოც, როგორც ბატონ პრეზიდენტს უყვარს ხოლმე თქმა, მისი ხელისუფლება ჩამოიშალა.
ემზარ ჯგერენაია (ეკონომიკის ექსპერტი): „ცალსახად თეთრით შავზე არის ნაკერი, ცალსახად ლაპარაკია იმაზე, რომ ვიღაცა მაშინდელი სამთავრობო სტრუქტურებიდან ამ ბიზნესს წილში უჯდებოდა. ბუნებრივია, ეს შვეიცარული კომპანიაც შირმაა და მეტი არაფერი, რომელიც გარიგებაში შევიდა მაშინდელ ხელისუფლებასთან და შექმნეს ერთიანი იძულებითი დაბეგვრის სისტემა. სხვათაშორის, მე პარალელის გავლება მინდ. ე. წ ტელეფონების ნომრების შეცვლასთან დაკავშირებით, იქაც სწორედ ასე შექმნეს რაღაც შპს, რომელიც ჩვენი ჯიბის ხარჯზე ყოველწლიურად 15 მილიონს მიიღებს. არსად არ მინახავს, რომ ოპერატორის შეცვლა ფასიანი იყოს, მაგრამ აქაც იგივე სქემით მოქმედებდნენ. ჩნდება ვიღაც არასებული ადამიანი, რომელიც ჩენს ხარჯზე მილიონერი ხდება.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტური მოკვლევა სახელწოდებით _ “დაკანონებული ზეწოლა ქართულ ბიზნესზე _ ყოფილი ხელისუფლების შვეიცარული სქემა”, სადაც კანონში შეტანილი ამ ცვლილებების შესახებ დეტალურად არის საუბარი, სწორედ “გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა.