პირველ სხდომაზე სამი ფრაქცია კოალიციის წარმომადგენლებმა, ხოლო ერთი “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაარეგისტრირა. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან რამდენიმე დღეში, საკანონმდებლო ორგანოში რეორგანიზაცია დაიწყო. დასაქმებულები უმუშევრები გახდნენ, უმუშევრები კი დასაქმდნენ.
საკანონმდებლო ორგანოს 70-ზე მეტი თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. მათ ადგილას გამარჯვებულმა კოალიციამ სასურველი პიროვნებები დაასაქმა. ვინ და რატომ დასაქმდა უმაღლესი საბჭოს აპარატში, ამის შესახებ “გურია ნიუსი” ცალკე მასალას შემოგთავაზებთ, ამჯერად კი ფრაქციებში დასაქმებულ ადამიანების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.
ბათუმის ყოფილ მერი უმაღლესი საბჭოში ბათუმის მაჟორიტარად “ნაციონალური მოძრაობიდან” იყრიდა კენჭს. მან მაჟორიტარული არჩევნები წააგო, თუმცა საკანონმდებლ ორგანოში სიით მოხვდა. იგი ამჟამად უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” ხელმძღვანელობს. რობერტ ჩხაიძემ 30 ნოემბერს ფრაქცია”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აპარატში მოწვეულ სპეციალისტებად ორი ადამიანი წარადგინა. პარტიის აქტივისტი თამაზ ჟორდანაძეს უმაღლეს საბჭოში 1000 ლარი ხელფასი დაენიშნა. იმავე დღეს ჩხაიძემ მეორე პიროვნება ზურაბ ფუტკარაძე წარადგინა ფრაქციის სპეციალისტად. თავიდან ფუტკარაძის ანაზღაურების 1200 ლარით განისაზღვრა, მაგრამ 10 დეკემბრის ბრძანებით მისი ხელფასი 2200 ლარი გახდა. დეკემბერში ჩხაიძემ კიდევ 11 ადამიანი აიყვანა აპარატში სპეციალისტად. გამორჩეული ხელფასები კი მხოლოდ რამდენიმე მათგანს დაუნიშნა. მალხაზ ქაჯაია 1600 ლარი, ხოლო ლაშა ჩხარტიშვილს _ 1650 ლარი. დანარჩენ ახალდასაქმებულებს უფრო ნაკლები ერგოთ.
6 დეკებერს ქალაქის ყოფილი მერის წარდგინებით საკრებულოს ორი მოქმედი წევრი, მანანა ილურიძე და გიორგი კავაზაშვილი გააფორმეს სპეციალისტებად. ეს ადამიანები ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობის” წევრები არიან. საკრებულოს რამდენიმე წევრმა ფრაქცია დატოვა, მაგრამ კავაზაშვილი და ილურიძე პარტიის ერთგულები დარჩნენ. ერთგულებისთვის კი უმაღლესი საბჭოში ფრაქცია “ნაციონალების” აპარატში სპეციალისტებად გაფორმდნენ და 1000 ლარიანი ხელფასი დაენიშნათ.
ერთგული თანამოაზრეები დაასაქმა ქართულ ოცნებამაც. 15 ნოემბერს ფრაქცია “ქართული ოცნება”-ში 15 ადამიანი დასაქმდა. ეს ადამიანები დასანიშნად აკაკი ძნელაძემ წარადგინა. ძნელაძის წარდგენითვე, 3 დეკემბერს დაინიშნა კიდევ 5 ადამიანი. ამათგან გამორჩეული ხელფასი იოსებ ბოლქვაძეს ერგო 1200 ლარის ოდენობით, სხვებს ბოლქვაძის ხელფასის ნახევარი ხვდათ წილად.
15 ნოემბერსვე ამჯერად ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის სულხან ღლონტის წარდგინებით ამავე ფრაქციის აპარატში 11 ადამიანი დასაქმდა. მათი მაქსიმალური ხელფასი 900 ლარს არ აღემატება.
15 ნოემბერს კოალიციის წევრების მიერ შექმნილი კიდევ ერთი ფრაქცია “ქართული ოცნება – აჭარამ” დაასაქმა 7 ადამიანი. მათ შორის რესპუბლიკელი თეიმურაზ ყურაშვილი. ყურაშვილი ბათუმის საკრებულოს 2006-2010 წლების მოწვევის წევრი იყო. ბოლო ორი წელია კი ოფიციალურად უმუშევარია. 15 ნოემბრის ბრძანებით, მას თანამდებობრივი სარგო 2300 ლარის ოდენობით ერგო. მაღალი ხელფასები ერგოთ ბადრი შარაძეს (1700 ლარი)და მზევინარ ძირკვაძეს (1800 ლარი).
სპეციალისტების სტატუსით დაასაქმეს უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა სამსახურებში 5 ადამიანი, მათ შორის ზაზა ჩავლეიშვილი. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისის თავმჯდომარის თანაშემწედ იგი რესპუბლიკელმა გიორგი მასალკინმა წარადგინა. ზაზა ჩავლეიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრის, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ბათუმისათვის” თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის ძმაა. დანიშვნის შესახებ ბრძანებაში ჩავლეიშვილის ხელფასის ოდენობა არ წერია. თემურ ყურაშვილის მაგალითიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ხელფასი 2000 ლარზე ნაკლები არ იქნება.
ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს ოთხ ფრაქციაში მიწვეული სპეციალისტების სახით 60 ადამიანი დასაქმდა. მათი საშუალო ხელფასი 800 ლარია. ყოველთვიური სახელფასო ფონდი მოწვეული სპეციალისტებისათვის 50 ათასი ლარამდეა, ხოლო წლიური ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.