წინასაარჩევნოდ, იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს აღმოჩენილი ძველი აბანოების ნაშთებზე, ძეგლის შენარჩუნებისა და გადარჩენის ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით, ამოშენებულია ბეტონის ბლოკების კონსტრუქცია, რამაც ფაქტიურად ძეგლი განადგურების წინაშე დააყენა. ამ საკითხთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები ოზურგეთში იმყოფებოდნენ და სწორედ მათი ჩამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ აბანოები ზამთრის პერიოდში გადაიხურება და შემდეგ მოხდება მინით გადახურვა. ძველი აბანოების ნაშთების აღმოჩენის შესახებ „გურია ნიუსი“ 2012 წლის 28 თებერვალს წერდა, თუმცა, მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ფაქტი არ დაადასტურეს. მოგვიანებით კი ეს აღმოჩენა წინასაარჩევნო ღონისძიებად გადაიქცა. რა მოხდა არჩევნების შემდეგ? საზოგადოების ერთმა ნაწილმა ნაჩქარევად „ჩაბეტონებული“ აბანოების შესახებ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს და ერთიანი წერილით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქალაქის ისტორია აღელვებს.
ძველი აბანოების ნაშთები დღეს
„ამ წლის მარტში, 10 დღიანი სამუშაოების ჩატარებისას, გაითხარა 30 კვ.მ ფართობი, რის შედეგადაც აღმოჩნდა აბანოების გასახდელი, ცხელი, თბილი და ცივი წყლის აუზები, ქვედა სართული და პირველი იარუსი. პირველადი შეფასებით, აბანოები გვიან-ანტიკური ხანის უნდა იყოს (საბოლოო თარიღი დადგინდება ძეგლის შემდგომი გათხრების შედეგად).
17 აპრილს, ოზურგეთში სტუმრად მყოფმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელმა მინისტრებმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და ნიკოლოზ რურუამ გათხრები მოინახულეს. ძეგლის მნიშვნელობაზე მათ ესაუბრა ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, გურიის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელ-ლი დოქტორი ვაჟა სადრაძე. კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ გათხრები უნდა გაგრძელებულიყო და უკვე აღმოჩენილი ნაშთები გადახურულიყო მინით, რისი ფინანსური დახმარების პირობაც მაშინდელმა მინისტრებმა დადეს.
27 სექტემბერს, სამსახურში მოსულმა მუზეუმის თანამშრომლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ ძეგლზე მიმდინარეობდა ბეტონის ბლოკებით მშენებლობა, რაც კონსერვაციის სტანდარტების უხეში დარღვევაა და ფაქტიურად, ძეგლი განადგურების წინაშეა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მუზეუმის თანამშრომლებმა მიმართეს –საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გურიის მხარის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელობას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის კომისიას.
10 ოქტომბერს, მუზეუმის თანამშრომელთა ინიციტივით ცენტრის ხელშეწყობით, მოეწყო ამ ფაქტის განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, ისტორიკოსები, არქიტექტორები, იურისტები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
საზოგადოების ჯგუფის მიერ ადგილობრივ საკრებულოში შეტანილი იქნა წერილი, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილი იქნა ძველი აბანოების შენარჩუნებისა და აუცილებელი ნორმების უზრუნველყოფის გეგმის შესამუშავებლად და ძეგლის კონსერვაციისათვის ღონისძიებების გატარება.
საზოგადოების ჯგუფი ასევე შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელს დათო ხურციძეს.
საკრებულოდან გაიგზავნა წერილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის.
11 დეკემბერს ჩამოსულები იყვნენ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, რომელთა უშუალო პრეროგატივაა ძეგლის კონსერვაცია. მათ უშუალოდ დაათვალიერეს ადგილი, გააკეთეს აზომვები და გამგეობის ინფრასტრუქტურის თანამშრომლებს მისცეს რეკომენდაცია, ძეგლის დროებითი კონსერვაციის (ზამთარი) შესახებ.
რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ამზადებს წერილს დროებითი კონსერვაციის ღონისძიებების შესახებ (გუშინ ტელეფონით ვესაუბრეთ მათ წარმომადგენლებს); ადგილობრივი თვითმმართველობა გამოყოფს თანხას დროებითი კონსერვაციისთვის (საკრებულოსთან მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება გასაწევი თანხების გამოყოფის შესახებ); ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინტენსიურად უნდა დაიწყოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან მუშაობა ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რადგანაც მხოლოდ სტატუსის მინიჭების შემდეგაა შესაძლებელი არქეოლოგიური კვლევა-ძიების გაგრძელება, რომლის ხარჯებს ცენტრალური ბიუჯეტი გაწევს (მისასალმებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების გაწევა), – ნათქვამია წერილში.
ერთ-ერთმა ოზურგეთელმა, ა.ნ. გვითხრა, რომ ის ისტორიაში ისტორიკოს ენვერ გოგუაძესთან ემზადებოდა.
_ ენვერ გოგუაძე, მოგეხსენებათ ოზურგეთის მემატიანე იყო. იმედია, ოდესმე მისი ნაშრომები იხილავენ მზის სინათლეს. ბატონი ენვერისგან მსმენია, რომ საბრძოლო დიდების მუზეუმის წინ (ასე ეძახდნენ მაშინ დღევანდელ მუზეუმს) ძველისძველი, დაახლოებით მესამე-მეოთხე საუკუნეების აბანოებია, მუზეუმის საძირკველი, რომ გაჭრილა, მაშინ აღმოჩენილა. კომუნისტები სამამულო ომის წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდნენ და დროში იწვოდნენ, ამიტომაც მაშინ მიწა წავაყარეთ და როგორც იტყვიან, დავაკონსერვეთო. სულ ამბობდა, ოდესმე ამას აუცილებლად გამოიკვლევენ და გახსოვდეთ ფასდაუდებელი განძია, აბანოს იატაკი მომინანქრებული იყო და იატაკზე თუ სწორად მახსოვს არამეული წარწერაც არისო. საიდან გააკეთა დასკვნაარ ვიცი, მაგრამ წარწერა ოზურგეთის მაშინდელ სახელწოდებას აღნიშნავსო, ასე ამბობდა. იმავე პერიოდში, სადღაც სტალინის,ახლანდელ რუსთაველის ქუჩის ბოლოში ერთ-ერთი მოსახლე ჭისთვის ორმოს თხრიდა, მაშინ უპოვია საკმაოდ ღრმად, თიხის მილები, ეს თიხის მილებიც დაახლოებით, მაგ ტერიტორაზე რამდენჯერმე ყოფილა ნაპოვნი. ჰოდა, ვარაუდობდა, რომ ამ მილებით ეწოდებოდა ამ აბანოს წყალი, _ გვითხრა ა.ნ.-მ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის თქმით, აბანოების საკითხი აუცილებლად გადაიჭრება და სათანადო ყურადღება მიექცევა.
გისოსებს მიღმა გმირებია
კონსტანტინე ლესელიძე, ვიქტორ ლესელიძე, პორფილე ჩანჩიბაძე, ვასილ კვაჭანტირაძე, ელისე ტუღუში, სერგო ჩხაიძე – ესენი გმირებია… მეორე მსოფლიოს ომის გმირები… წინასაარჩევნო პერიოდში ამ ექვსი ადამიანის გმირობა გვერდზე გადაიდო და მათი ბიუსტები უცებ გაქრა და ადგილი მუზეუმის შესასვლელში, გისოსებს მიღმა დაიდო ბინა. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გოგა ტრაპაიძის თქმით, ბიუსტების შესახებ რამდენჯერმე მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ შედეგი არაფერი არ იყო. ბიუსტები კვლავ მუზეუმში ბინადრობენ, რაც შეეხება ერთ-ერთი ბიუსტის ახლოს საპირფარეშო დაიდგა, რომელიც დღემდე გაუხსნელია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ვლადიმერ ქვილორიას თქმით, ბიუსტები ადგილს მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან დაიდებს, მაგრამ ზუსტად არ იციან, ეს როდის მოხდება.
პ.ს. 2011 წელს ამერიკის საელჩოს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის მხარდამჭერით და ორგანიზატორობით, გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ვიმყოფებოდი. ვაშინგტონში ყოფნის დროს, მასპინძელი ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თავის ოჯახში დაგვპატიჟა, რომელიც ამერიკის დედაქალაქის ისტორიულ უბანში ცხოვრობდა. საცხოვრებელი სახლი, სადაც ჩვენი მასპინძელი ცხოვრობდა, გარეთ ნამდვილად საჭიროებდა კოსმეტიკურ რემონტს, მაგრამ რადგან ეს უბანი ისტორიული იყო ამის გამო მათ არ ჰქონდათ უფლება შეეცვალათ ეს.
ოზურგეთის ძველი აბანოს ნაშთები
გისოსებს მიღმა გმირებია
საპირფარეშო ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე