ხათუნა ლომინეიშვილი: _ ჩვენს პრობლემებს ერთ საგაზეთო სტატიაში ვერ მოაქცევთ. 2011 წლის 8 სექტემბერს ტრაგიკულად დამეღუპა დედამთილი. სახლის მეორე სართულზე არ გვქონდა იატაკი დაგებული და გადმოვარდა, ფეხმძიმე ქალმა ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და ნერვული სტრესი დამემართა. ამას დაემატა სამეზობლო დავა, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს და სწორედ ამ საქმის გამო, ბევრი რამ გავყიდეთ სახლში, მათ შორის, მეორე სართულის იატაკის მასალა, რადგან ადვოკატისთვის ფული გადასახადი და სხვა ხარჯებიც გვქონდა დასაფარავი.
დედამთილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ექიმთან ვკურნალობდი, რის შემდეგ პრობლემები არ მქონია, მაგრამ ამას დაემატა, როგორც ვთქვი, სამეზობლო დავა და უცებ, ნაადრევად დამეწყო მშობიარობა. ბავშვი რეანიმობილით ქუთაისში გადაიყვანეს, ბავშვს თავში ჩაქცევა ჰქონდა. რაც დაიბადა, იმის შემდეგ პრობლემები აქვს და ვკურნალობთ, სოციალური დახმარება კი გვაქვს და პოლისიც, მაგრამ ქუთაისში და თბილისში წასვლას ფული ხომ უნდა? ჟვანიას კლინიკაში მყავდა ახლა, სადაც მითხრეს, რომ ბავშვს ცოტათი სმენის პრობლემა აქვს. იქ ისიც მითხრეს, უკეთესი შედეგი აქვსო, მაგრამ ყოველთვის საჭიროებს ყურადღებას.
თუ მკურნალობას შევუწყვეტთ, უარესობისკენ დავბრუნდებით. ორშაბათს გამგებელთან ვიყავი და შეშისთვის 70 ლარი მივიღე. ამ ფულით შეშა და ბავშვებისთვის ტკბილეულიც ვიყიდე. ამის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. მე უმაღლესი განათლების მქონე ვარ, მეუღლე აფხაზეთის ომის მონაწილეა. დაწერილი მაქვს განცხადება სამუშაოს დაწყებასთან დაკავშირებით და არ ვიცი, როგორ გადაწყდება. შვილს გეფიცებით, სოციალური დახმარების თანხა, მაისის ჩათვლით, აღებული მაქვს, წინასწარ გამოვიტანე.