2012 წლის პრემიები რომ დარიგდა, პარლამენტარ მურმან დუმბაძეს ჯერ კიდევ არ სცოდნია, უფრო მეტიც მას ეგონა, რომ პარლამენტარებმა პრემიებზე უარი თქვეს. ეს ამბავი მაშინ გავარკვიეთ, როცა ბათუმის მაჟორიტარს აჭარის უმაღლეს საბჭოში დარიგებული პრემიების შესახებ ვკითხეთ.
_ ბატონო მურმან, აჭარის უმაღლეს საბჭოში დარიგებულ პრემიებთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი კომენტარი, როგორ ფიქრობთ, დროული იყო პრემიების დარიგება?
_ სიმართლეთ გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი არც პრემიების ამბავი. თქვენ, რადგან მაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას, აუცილებლად გადავხედავ ამ საკითხს. მაგალითად პრემიები საქართველოს პარლამენტში იყო, მაგრამ ჩვენ ამ პრემიებზე უარი ვთქვით.
_ პრემიების თემას ეხება ოპოზიციონერი პარლამენტარი, გოგა ხაჩიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის პრემიების გადაცემის შესახებ დოკუმენტი.
_ პრემიარული სისტემა ჩვენც და ასევე სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ამ პრემიებს მაინდამაინც სტანდარტული სახე თუ მიეცემა, მირჩევნია სახელფასო სისტემაში გადაიტანონ და ადამიანმა იცოდეს, რა შრომაში რა ანაზღაურებას იღებს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის თქმით, წლის ბოლოს პრემიები პარლამენტში დარიგდა. მისი თქმით, 2012 წლის ბიუჯეტში პრემიებისთვის თანხა გამოყოფილი იყო. როგორც მანანა კობახიძე ამბობს, 2013 წელს პრემიების საკითხი გადაიხედება.
პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურა მარაქველიძემ „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ პრემიები წლის ბოლოს პარლამენტარებს და აპარატის თანამშრომლებს გადაეცა.