აღსანიშნავია, რომ შესაძლო გაფიცვის შესახებ საავადმყოფოს პერსონალმა, კლინიკის ხელმძღვანელი, თემურ კოროშინაძე ჯერ კიდევ 26 ოქტომბერს ოფიციალური წერილით გააფრთხილა:
_ “ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასი რეგულარულად რიგდება დაგვიანებით, მუდმივი მოთხოვნისა და საგაფიცვო რეჟიმის დაფიქსირების შემდეგ. აღნიშნული პრობლემის გამო, ხშირად მივმართეთ სხვადასხვა ზემდგომ სამთავრობო ორგანიზაციებს. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა არ შეიცვალა. ბოლო საპროტესტო აქცია 2 თვის ხელფასის და ამასთანავე “სამარცხვინო” კონტრაქტის შეცვლის მოთხოვნით გავმართეთ 8 დეკემბერს. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის ბატონი ზ. უტიაშვილის ჩვენთან ვიზიტის და საიმედო დაპირებების შემდეგ, აქცია შევწყვიტეთ. თუმცა, დაპირებები არ შესრულებულა.
წინასაახალწლოდ, სავარაუდოდ, არ დაირიცხება და არ აგვინაზღაურდება ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანება. ამიტომ, გაცნობებთ წინასწარ, რომ თუ ხელფასი არ დარიგდება 28 დეკემბრამდე, 31 დეკემბრიდან ჩვენ შევწყვეტთ მუშაობას და გადავალთ გაფიცვის რეჟიმში”, _ აღნიშნული იყო წერილში.
თუმცა, ეს წერილი გაფრთხილებად არავის მიუღია. როგორც საავადმყოფოში გვითხრეს, ხელფასების დარიგებაზე საუბარი არც კი ყოფილა:
_ ცენტრალური ოფისიდან ბრძანება ჩამოვიდა, რომლის თანახმად, გაფიცვის შემთხვევაში ჯარიმები გველოდა. თუმცა, ჩვენ გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია და ახლაც გაფიცულები ვართ, _ აღნიშნეს “გურია ნიუსთან” საუბრისას ექიმებმა.
ჩოხატაურის საავადმყოფოს დირექტორი, თემურ კორიშინაძე კი ამბობს, რომ “ადითის” ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ჯარიმებით არ დამუქრებია:
_ ეს არ იყო ბრძანება. ეს იყო იმის შეხსენება, რომ გადაუდებელი შემთხვევები აუცილებლად უნდა მიგვეღო. როცა დგება გაფიცვის რეჟიმი, არავის აქვს უფლება არ მიიღოს გადაუდებელი შემთხვევა. ეს არ არის “ადითის” დადგენილი. ეს წერია კონსტიტუციაში, შრომის კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, _ გვითხრა კორშინაძემ და დასძინა, რომ საავადმყოფომ, გაფიცვის მიუხედავად, ყველა გადაუდებელი შემთხვევა მიიღო.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ოქტომბრის თვის დავალიანებას დღეს ან ხვალ ჩამორიცხავს.