ადგილზე მისულებს აღსრულების ბიურის წარმომადგენლები მართლა დაგხვდა, მაგრამ მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს და გვირჩიეს, რომ პრესსამსახურისთვის მიგვემართა.
მიწის ნაკვეთზე 29 დეკემბერს მეგენეიშვილებმა პროტესტის ნიშნად თხილის ნერგები დარგეს, რომელიც გუშინ მედიის წარმომადგენლების წასვლის შემდეგ გაანადგურეს მუშებმა და რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, მიწის ნაკვეთზე მუშაობა გაგრძელდა.
რა ხდება სოფელ ჩონჩხათში? “გურია ნიუსი” მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ მფლობელს ლაშა მეგენეიშვილს დაუკავშირდა. მეგენეიშვილის თქმით, 2002 წელს „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და მათ ოჯახს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
_ 2002 წლიდან 2009 წლამდე არსებობდა 7 წლიანი ხელშეკრულება ნავთობის კორპორაციასა და კერძო მესაკუთრეს შორის. როდესაც ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა და როცა ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, კორპორაციამ გვითხრა, ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმდება, ვინაიდან თქვენ არ გეკუთვნით ეს თანხაო. წლიური საიჯარო თანხა განისაზღვრა 8 თეთრით. მოკლედ, 2009 წელს დაიწყო დავა და ჩავკეტეთ ნაკვეთი და ისინი არ შევუშვით, ამის შემდეგ გვიჩივლეს სასამართლოში. ისინი 75 000 ათას ლარს გვედავებოდნენ, სასამართლომ არ ჩათვალა ამ მიზეზზე ბრძოლა საჭიროდ და ნაწილობრივ დაგვაკმაყოფილა მოსამართლემ. სასამართლომ მისცა ნავთობის კორპორაციას მუშაობის ნება, ოღონდ ჩვენთან მოლაპარაკების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. ჩვენ ახლა საქმე გვაქვს კომპანია „ვიპ ჯორჯიასთან“, რომელსაც ლიცენზია აქვს ჩვენს ნაკვეთზე მუშაობის, ოღონდ „ვიპი ჯორჯია“ თანხის გადახდას და ხელშეკრულების დადებას არ აპირებს. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ აიღებთ 8 თეთრს კვადრატულ მიწის ნაკვეთზე, ამ შემთხვევაში გაგიფორმებთ ხელშეკრულებასო. ეს წლიურად 304 ლარია, სასაცილო თანხაა.
_ და ეს 8 თეთრი ვინ დაადგინა, რამე ოფიციალური საბუთი არსებობს?
_ მაშინ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა ზურაბ ჯანჯღავამ მოითხოვა ლევან სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროსგან დასკვნის შედგენა კონკრეტულად ამ ნაკვეთზე და ასეც მოხდა. როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, გაგვიმეორეს ცოტა მეტი შეგვიძლია გადაგიხადოთო, საუბარი იყო 10 000 ლარზე, ეს სასამართლოზეც გაჟღერდა და მაშინ მაგათმა იურისტმა გვითხრა, თუ ამ თანხაზე თანახმა იყავით, სამხარეულის დასკვნაში 10 000 ლარს დავაფიქსირებდითო. ჩვენ არ ვეთახმებით სამხარეულის ბიუროს.მოკლედ, ახლა არის ასეთი მდგომარეობა: არც თანხას გვიხდიან და არც ხელშეკრულებას გვიფორმებენ. ნაკვეთზე, სადაც ჭაბურღილია ჩვენ დავრგეთ თხილის ნერგები, რომელიც გუშინ განადგურდა. ჟურნალისტების წასვლის შემდეგ მოხდა თხილების განადგურება. ჩემები დამიკავშირდნენ, მანქანა შესულა და გადაურა.
_ რას აპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით სამომავლოდ?
_ ჩვენ შევხვდით პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ის დაგვპირდა დახმარებას, არ დაიჩაგრებითო, გვითხრა. კიდევ ერთი გზა არის, გასაჩივრება, მაგრამ დუხჭირი ცხოვრების გამო ვერ ვასაჩივრებთ. იმედია, სამართალი გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში.
“ვიპი ჯორჯიას” კორპორატიული მენეჯერი გიორგი კვინიკაძე, “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ლიცენზია ნავთობის ძიებასა და მოპოვებაზე, 2012 წლიდან მიიღო. მანამდე ამ საქმიანობას აწარმოებდა ნავთობისა და გაზის კორპორაცია, შეთახმება ვერ განხორციელდა ბატონ მეგენეიშვილთან და საქმე სასამართლომდე მივიდა.
_ მეგენეიშვილთან წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ორჯერ იყო, რადგან არაფერი არ გამოვიდა. ისე, ცნობისთვის, ვერც კორპორაციამ მიაღწია შეთახმებას მეგენეიშვილთან. სამხარაულის მიერ არის დასკვნა დადებული, მაგრამ ბატონო მეგენეიშვილი არ ეთახმება ამას, სხვა თანხა მოითხოვეს და ეს თანხა რეალობიდან შორს არის. სასამართლომ დაავალდებულა ბატონი მეგენეიშვილი, რომ მოსარჩელის ანუ კორპორაციის მიერ შეთავაზებული პირობების შესაბამისად განხორციელებულიყო ყველა ქმედება. შეთავაზა კორპორაციამ აღნიშნული თანხა, რაც დადგენილი იყო, მაგრამ ისინი არ დაეთანხმნენ.
_ გასაგებია, რომ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, მაგრამ მოლაპარაკება იყო?
_ მოლაპარაკება რომ ყოფილიყო და შედეგი დამდგარიყო, ხომ არ წავიდოდა დავა სასამართლოში? მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და თავიდან მიმართა სასამართლომ. გუშინ მოხდა შესვლა აღნიშნულ ტერიტორიაზე.
_ მიწის ნაკვეთი ხომ ეკუთვნის მეგენეიშვილებს?
_ ეს მიწის ნაკვეთი, რასაკვირველია, არის მეგენეშვილის, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება მის საკუთრებაზე.
_ რა გამოდის მაშინ, თქვენი კომპანია სარგებლობს მეგენეიშვილის მიწის ნაკვეთით და მეგენეიშვილს არაფერს არ უხდით?
_ ჩვენ შევთავაზეთ თანხა და ის არ დაეთახმა.
_ რა თანხაზეა საუბარი?
_ 320 ლარი (წლიური), საიჯარო თანხა, რაც სამხარაულის ბიურის მიერ არის დადგენილი.
მეგენეიშვლის საქმეს “გურია ნიუსმა” 2012 წელს ვრცელი სტატია მიუძღვნა. მეგენეიშვილის ოჯახის ერთ-ერთი წევრი იხსენებს,რომ ინცინდენტი 2010 წლის ზაფხულში მოხდა: “რადგან ახალი ინვესტორი უარზე იყო, ჩვენთან ხელშეკრულება გაეფორმებინა და იჯარის გადასახადი გადაეხადა, გადავწყვიტეთ, საკუთარი ძალით დაგვეცვა ჩვენი კუთვნილი ქონება. ნაკვეთზე ვიყავით, როცა კუდ–ის 14 მანქანა მოვიდა. იყვნენ ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებიც. განსაკუთრებით აგრესიულობდნენ ლაშარელა ჩხაიძე და შმაგი ურატაძე. ჩხაიძემ უშვერი სიტყვებით გვაგინა მეც და ჩემს მეუღლესაც. შემდეგ მე და ჩემი უმცროსი შვილი _ ლაშა მეგენეიშვილი ძალით ჩაგვსვეს მანქანაში, როგორც ბოროტმოქმედები და ლანჩხუთის პოლიციაში გადაგვიყვანეს. იმ საღამოსვე ოზურგეთში სასამართლო ჩატარდა, რომელმაც დამნაშავედ გვცნო სხვისი საკუთრების დაზიანების მცდელობაში. არადა რეალურად, არანაირი საკუთრება არ დაგვიზიანებია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასჯელიც გამოგვიტანეს და 400-400 ლარი ჯარიმის გადახდა დაგვაკისრეს“.
ლაშა მეგენეიშვილიც ადასტურებს, რომ პოლიციამ ზედმეტი ძალა გამოიყენა: “შმაგი ურატაძემ თავში რომ ჩამარტყა, გონება დავკარგე. რომ გამოვფხიზლდი, უკვე მანქანაში ვიჯექი და ხელბორკილები მეკეთა“, _ იხსენებს იგი.
ამ საქმესთან რაიმე კავშირს ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი შმაგი ურატაძე კატეგორიულად უარყოფს: “არც კი ვიცი, რომელ საქმესთან დაკავშირებით მირეკავთ. ასეთი არაფერი მახსენდება.”