და ყველა იმ ადამიანს, ვინც ვლადიმერ ბედუკაძის დაშინებას ან ლიკვიდაციას გეგმავს, აფრთხილებს, რომ მათი სავარაუდო ვინაობა ცნობილი და საქმე გაუხსნელი არ დარჩება.
“პროკურატურას უკვე მივმართე შუამდგომლობით და მოვითხოვე დაცვის სპეციალური ზომების გატარება ვლადიმერ ბედუკაძისა და მისი ოჯახისთვის. იმედი მაქვს, პროკურატურა დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას.
ასევე, განცხადება მინდა გავაკეთო ყველას მიმართ, ვისაც შეიძლება მოლოდინი ჰქონდეს, რომ მიაკითხავს ბედუკაძეს და ჩვენებას ჩამოართმევს ან რაიმე კავშირშია ამ ყველაფერთან რის შესახებაც ეს სკანდალი აგორდა, მივმართავ მათ, ვისთვისაც სასურველი არ არის, რომ ბედუკაძე იყოს ცოცხალი, ვურჩევ ყველას, რომ ნუ იქნება ნურც მუქარა და ნურც ამის მცდელობა, რადგან ყველა ის ფაქტი და ყველა ის ადამიანი, ვისაც შესაძლოა სურვილი გაუჩნდეს, რომ მოახდინოს ბედუკაძის ლიკვიდაცია, უკვე ცნობილია გამოძიებისათვის. ძალიან მარტივი იქნება ამ კლანზე გასვლა, ასე რომ, პრობლემებს ნუ შეიქმნით,” _ განაცხადა ელზა ჯმუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ვლადიმერ ბედუკაძეც დაესწრო.
ბედუკაძემ არ ისაუბრა მის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების დეტალებზე; შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, რა სახის დოკუმენტური მასალა გადასცა მან გამოძიებას და დადგება თუ არა მოქმედი თუ ყოფილი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხი. ბედუკაძე ფიქრობს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის და დამნაშავე პირები ძალიან მალე აგებენ პასუხს, რადგან ამ დროისათვის პროკურატურას ხელთ აქვს ყველა სახის ვიდეო და სხვა სახის მასალა.
ადვოკატი ელზა ჯმუხაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბედუკაძე უპრეცედენტოდ დაბალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს:
“ჩვენ შემთხვევაში, პროკურატურის თუ გნებავთ ლოიალური დამოკიდებულება აიხსნება იმ ფაქტით, რომ ჩვენი მხრიდან იყო კომუნიკაცია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭირო იყო რომ ბედუკაძე დროზე დაბრუნებულიყო ქვეყანაში, რასაც ხელს უშლიდა წითელი ცირკულარით ძებნა. როგორც კი ეს ძებნა მოიხსნა, ბედუკაძე დაუყოვნებლივ ჩამოვიდა და მისცა ჩვენება. აქედან გამომდინარე, პროკურატურა არ შემოვიდა ისეთი არარეალური თანხით, რომლის გადახდაც ლადოს არ შეეძლებოდა. 2 ათასი ლარიც კი, ბედუკაძის ოჯახისთვის არ არის ადვილი გადასახდელი. ამას იმათ გასაგონადაც ვამბობთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბედუკაძემ ეს კადრები გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაიტანა ციხიდან.”
ბედუკაძემ არ დააკონკრეტა, მის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ ვიდეოკადრებში ჩანს თუ არა ბაჩო ახალაიას უშუალო მონაწილეობა პატიმრების წამებაში. ასეთი კადრების არსებობის შესახებ, ბედუკაძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადა.