“სახეზეა პოლიტიკურ ძალთა შორის კოაბიტაციის პრობლემა. თანაარსებობისა და განვითარებაზე ორიენტაციის ნაცვლად, მხოლოდ “სამართლიანობის აღდგენის” საზოგადოებრივი დაკვეთის რეალიზაციას ვხედავთ. იკვეთება თვითმმართველობების საქმიანობაში ხელის შეშლის საშიში ტენდეცია, უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე სახელმწიფო ინსტიტუტების არაერთგვაროვანი რეაგირება, ჩნდება კითხვები საკადრო პოლიტიკის სამართლიანობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
შეიძლება ითქვას, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ, რომლის საქმიანობა ბევრ სფეროში იყო აღიარებული, როგორც წარმატებული და სამაგალითო რეგიონისთვის, ვერ მოახერხა საჯარო უწყებების საქმიანობის პოლიტიკური პარტიის საქმიანობისგან გამიჯვნა, დემოკრატიის გაძლიერება, არ გახსნა კარი სამოქალაქო მონაწილეობისთვის და საზოგადოებისგან იზოლირება მოახდინა. ამან გამოიწვია სისტემური ხარვეზების წარმოშობა, რისი გამოხატულებებიც იყო მაგალითად: მართლმსაჯულების შერჩევითობა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება, გაუმჭვირვალობა და სხვა.
ამ ხარვეზების შედეგია რეალობა, რომლის მიხედვითაც, “სამართლიანობის აღდგენის” პირობებში, კანონის წინაშე მოუწევთ წარდგომა ათასობით ადამიანს, რომლებიც ამ ხარვეზების მქონე სისტემში მუშაობდნენ ან კავშირი ქონდათ მასთან. კერძოდ: სავარაუდოდ, ყველა გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამსახურის უფროსების ნაწილი, მინისტრები და მათი მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსების ნაწილი, პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლეების ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პატრულის თანამშრომლების ნაწილი, სკოლების და ბაღების დირექტორები, მასწავლებლების ნაწილი, ბიზნესების წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოდან ფინანსდებოდნენ და ა.შ.
ამ პირობებში უმჯობესია, რომ ხელისუფლებამ აქცენტი სისტემური პრობლემების ანალიზზე გააკეთოს. ამ ეტაპების გავლის გარეშე, განსაკუთრებით იმ პირების დაკავებას, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი, პოლიტიკური შურისძიების ინტერპრეტაცია ეძლევა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, სისტემური ანალიზის გარეშე, ახალ ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს შერჩევითი მართლმსაჯულება. საზოგადოების ინტერესი კი, სწორედ არასამართლიანი სისტემის არსებობის პრევენციაა და არა მხოლოდ ამ სისტემაზე მომუშავე ცალკეული პიროვნების დასჯა.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთის პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული აჟიოტაჟი ახლავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებებს, თვითმმართველობებზე ზეწოლასა და უმცირესობების უფლებების დაუცველობას, უნდა ითქვას, რომ უმთავრესი პრობლემა საქართველოს მოსახლეობის მზაობის ნაკლებობაა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. აქცენტი გააკეთოს არა მხოლოდ ცალკეული კანონდარღვევის გამოვლენის მოთხოვნაზე, არამედ გაანალიზოს, თუ რას წარმოადგენდა “ვარდების რევოლუციის” შემდგომ ძირითად პრობლემას და როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემების პრევენცია.
სწორედ კონსენსუსის და ანალიზის არ არსებობის გამო, ყველა მოვლენა სრულდებოდა ერთი ჯგუფის მეორეზე დროებით „გაბატონებით“ და პირველის მარგინალიზაციით. შესაბამისად, არ დარჩა 4 მილიონიან საზოგადოებაში ადამიანი, რომელიც მენტალურად მაინც არ ყოფილიყო “ბატონიც” და “მარგინალიზებულიც”. და არსებობს საფრთხე, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი ასევე ერთ-ერთ მორიგ “მოუნელებელ” ფურცლად იქცეს საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, ეს წრე არ სრულდება,” _ ნათქვამია განცხადებაში.
იმისთვის, რომ არცერთ ხელისუფლებას არ მიეცეს წარსული შეცდომების გამეორების უფლება, სამოქალაქო ორგანიზაციები შემდეგი სახის მოწოდებას ავრცელებენ:
გვსურს მოგიწოდოთ:
1. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დიალოგი საზოგადოებასთან, თუ რა გზებითაა შესაძლებელი ქვეყნის მომავალი განვითარება. ამ მიზნით, მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა სხვადასხვა უწყებებში მიმდინარე რეფორმების კონცებციების შემუშავებაში. ასევე, მოსახლეობის ინფორმირება არსებული ხედვების შესახებ;
2. შეიქმნას კომისია/სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადებში შეიმუშავებს „სამართლიანობის აღდგენის“ პლათფორმას. კომისიამ/სამუშაო ჯგუფმა განსაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე მოხდება „სამართლიანობის აღდგენა“ და რომელთა გამოყენება გამორიცხავს დაკავებულთა მიმართ პოლიტიკური დევნის ეჭვის წარმოშობას;
3. შეწყდეს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ხელის შეშლა და შეიქმნას მედიაციის ინსტრუმენტი, რომელიც შეისწავლის ცალკეულ შემთხვევებს და უზრუნველყოფს ინტერესთა ჯგუფების ჩართვით პრობლემების მოგვარებას;
4. შეიქმნას ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება პროფესიონალურ და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილებაზე;
5. უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა მათი ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა ტიპის განსხვავებულების მიუხედავად.
განცხადებას ხელს 21 ორგანიზაცია აწერს.