ორგანიზაციის აზრით” “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კონკრეტული ცვლილება უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ მდგომარეობაზე, გაზრდის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების ხელყოფის საფრთხეს. მათი აზრით, შესაძლებელია, ცვლილებათა ნაწილი დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცეს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისათვის.
“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს.
“საქართველოს პარლამენტში განიხილება მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმად, სასამართლოს ერთმევა უფლება, ბრალდებულის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი წინაპირობა პროკურორის თანხმობა ხდება.
ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული სასამართლოს წინაშე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რატომ შეიძლება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვამ არსებითად დაარღვიოს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლება, პროკურორის თანხმობის გარეშე სასამართლო ვეღარ შეძლებს ამ ტიპის დარღვევის თავიდან აცილებას. ეს სხვა არაფერია, თუ არა პროკურორისათვის ლეგიტიმური შესაძლებლობის მინიჭება, თავად გადაწყვიტოს ის საკითხი, რომელიც კონსტიტუციურად სასამართლო ხელისუფლების შტოს კომპეტენციას განეკუთვნება. ვთვლით, რომ ხსენებული ცვლილება ასევე ხელყოფს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპსაც.
ამავდროულად, ცვლილებებით ბრალდების მხარეს ერთმევა უფლება, იშუამდგომლოს საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა. მიგვაჩნია, რომ ვინაიდან აღნიშნული ცვლილება შესაძლებელია დაბრკოლებად იქცეს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისათვის, ხსენებული გარემოებების არსებობისას და დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელი უნდა იყოს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და პოზიციები გახდება საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან სათანადო მსჯელობისა და განხილვის საგანი. მათი გათვალისწინება თავიდან აგვაცილებს იმ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც უარყოფით გავლენას მოახდენენ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე.”- ნათქვამია ტუღუშის მიერ გაგზავნილ ტექსტში.