ხმელი ლობიოს სალათი
საახალწლო თუ საშობაო სუფრის შემდეგ, როცა ტკბილეულ-ხორცეულით ორგანიზმი ერთობ გადატვირთულია, ყველა მსუბუქ საკვებს ეტანება. ასეთი კერძებისა თუ სხვადასხვა სალათის ნაირსახეობა უხვადაა და ბევრს არ ეშლება, როდის რა მიირთვას. თუმცა, მაინც მსურს შემოგთავაზოთ ხმელი ლობიოს სალათის რეცეპტი, რომელსაც ბებია აკეთებდა. დღეს კი მაინც და მაინც ბევრგან არ შევხვედრივარ. ის ძალიან გემრიელი და ნოყიერია.
საჭირო მასალა: ხმელი ლობიო, კარტოფილი, კომბოსტოს წითელი მჟავე, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, შავი წიწაკა, სამი თავი საშუალო ზომის ხახვი, თითო კონა ცერეცო, ქინძი, ოხრახუში. მარილი გემოვნებით.
მოვხარშოთ ნახევარი კილო ხარისხიანი ხმელი ლობიო. გადავუწუროთ წყალი. ასევე ცალკე მოვხარშოთ საშუალო ზომის ოთხი ცალი კარტოფილი და სამი კვერცხი. ხარშვის დროს, კარტოფილსაც და ლობიოსაც 2 ცალი დაფნის ხმელი ფოთოლი დავამატოთ. შემდეგ წვრილად დავჭრათ კარტოფილი, კვერცხის ცილა, ხახვი ალყა-ალყად, კომბოსტოს წითელი მჟავე (აუცილებლად წითელი), სხვა სახის მჟავე არ შეურიოთ. ამ ყველაფერს დავაყაროთ მოხარშული ხმელი ლობიო, შავი წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, ცერეცო და ოხრახუში. შემდეგ დავასხათ სამი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. თუ ასეთი ზეთი არ გექნებათ, გადავადუღოთ იგივე რაოდენობის ჩვეულებრივი ზეთი, გავაგრილოთ და დავასხათ. მარილი გემოვნებით ვუყოთ. ავურიოთ კარგად. სასურველია, ოთხი-ხუთი საათის განმავლობაში დავდგათ და მერე ვჭამოთ. ისე კი, შეგიძლიათ გაკეთებისთანავე მიირთვათ. უბრალოდ, გარკვეული დროის შემდეგ, მეტ გემოს იძენს. თუ მეტი რაოდენობის გაკეთება გსურთ, გაზარდეთ პროპორციები. ოღონდ, ლობიოს რაოდენობა ყველა საჭირო მასალაზე მეტი უნდა იყოს.
ასეთი სალათი, ზამთრის დღეებში, საოჯახო სუფრაზე ყოველთვის სასურველი და გემრიელია.
კომბოსტოს თეთრი მწნილი
ზამთარში, როცა კომბოსტო საკმაოდ იაფია და მისგან დამზადებულ კერძებსა თუ სალათებს დიდი გასავალი აქვს, საოჯახო სუფრაზე ნაკლებად გვხვდება კომბოსტოს თეთრი მწნილი სტაფილოთი. რაც მთავარია, ასეთი მჟავე გემრიელია და იაფიც გვიჯდება.
საჭირო მასალა: კომბოსტო, სტაფილო, შავი წიწაკის მარცვლები, ხმელი დაფნა, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: სამი კილოგრამი კომბოსტო სიგრძივად წვრილად დავჭრათ. ასევე გრძლად და წვრილად დავჭრათ ნახევარი კილო სტაფილო. არ გავხეხოთ. შემდეგ დაჭრილი კომბოსტო და სტაფილო გობზე მოვათავსოთ ავურიოთ მარილში ისე, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს. ცალკე ავიღოთ მომინანქრებული ან მინის ჭურჭელი, რომელშიც ეს მასა ნაწილ-ნაწილ უნდა ჩავტენოთ. მოვიმარჯვოთ ხის სუთი, შესაძლებელია, გამოვიყენოთ ჩოგნის ან ხის დიდი კოვზის ტარი და მისი საშუალებით დაჭრილი მასა მჭიდროთ ჩავტენოთ ჭურჭელში. ჩავყაროთ ცოტა, ჩავტენოთ ხის ტარით, მოვაყაროთ ცოტა შავი წიწაკის მარცვლები და ორი ცალი დაფნის ხმელი ფოთოლი. ასე თანდათან ჩავტენოთ. ძალიან უნდა გავჭედოთ ისე, რომ თანდათან წვენიც შეუდგეს. დაფნა და წიწაკის მარცვლები კი რამდენიმე ფენის გამოტოვებით სამ-ოთხჯერ მოვაწყოთ. დავახუროთ ხუფი. დავდგათ ჩვეულებრივად. ძალიან სიცივეში ნუ გაიტანთ. ერთი კვირის შემდეგ მზად იქნება. გემრიელი და ვიზუალურად ლამაზია სუფრაზე.
უხორცო კატლეტი ბრინჯითა და წიწიბურათი
საჭირო მასალა: თანაბარი რაოდენობის ბრინჯი და წიწიბურა, ერთი ცალი რუხი პური, ძალიან კარგია ლავაშიც. ცოტა კარტოფილი და სტაფილო, ორი ცალი კვერცხი, ოთხი კბილი ნიორი, ორ-ორი კონა ქინძი, ოხრახუში და ცერეცო. მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ცალ-ცალკე მოვხარშოთ ნახევარ-ნახევარი კილო ბრინჯი და წიწიბურა. ასევე მოვხარშოთ სამ-სამი ცალი კარტოფილი და სტაფილო. დამბალი პური გავწუროთ. მერე ეს ყველაფერი გავატაროთ ნიორთან და მითითებულ მწვანილეულთან ერთად. დავახალოთ ორი ცალი კვერცხი, ვუყოთ მარილი გემოვნებით და ჩვეულებრივად, ფქვილში ამოვლებული შევწვათ ზეთში. სასურველია, მოვუმზადოთ სოუსი და პიურე კარტოფილით ან წიწიბურათი.