მიუხედავად სიცივეებისა და ზოგან თოვლისა, სოფელში მიწის ნაკვეთებსა და ბაღებში ბევრი სამუშაოა. ფოთლებისაგან შიშველი ხეების ტანზე და ტოტებზე კარგად ჩანს დახუჭუჭებული და აბლაბუდიანი ფოთლები. ეს მავნებელთა ბუდეებია და აუცილებელია მათი მოცილება და დაწვა. რომ მიმდინარე წელს ნარგავები არ დაზიანდეს, შესაბამისად კი მოსავლიანობა მაღალი იყოს. საჭიროა ხეებს მოვაშოროთ დარჩენილი ნაყოფებიც, რომელიც, შესაძლოა, ნაყოფის სიდამპლის გავრცელების მიზეზი გახდეს.
ხეხილის ვარჯზე, ქერქში ხშირად არის ჭუპრები ან მავნებელთა კვერცხები, რომელთა მოშორება და დაწვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დათბობისთანავე მათგან მატლები გამოიჩეკება, რომლებიც ტოტებს და კვირტებს დააზიანებენ. გაზაფხულზე ამის გაკეთება საკმაოდ შრომატევადი და რთულია.
კარგი იქნება მარწყვის ნარგავების შემოწმებაც. თუკი ის ტენიან ადგილებშია, აუცილებელია კარგი დრენაჟი. მაშინ როცა თოვლი არ არის კარგი იქნება მარწყვის მულჩირება და გასული წლის ფოთლების ზემოდან დაფარება.
თუკი გაზაფხულის მოახლოებისას მკვეთრია დღეღამის ტემპერატურული ვარდნა. დღისით მზეა და რამით ყინვები კარგია ხეების კირხსნარით შეთეთრება (10 ლიტრ წყალზე 2-3 კილოგრამი გადამწვარი კირი. სასურველია 1-2 ჭიქა რძე), რაც მზის სითბური დამწვრობისგან დაიცავს მცენარეებს. შესაძლებელია, სპეციალური შესათეთრებელი ხსნარი, რომელიც ჩვენში უკვე თავისუფლად იყიდება.
თებერვალში, თუკი თბილი ამინდები დაიჭირა, აუცილებელია, დავიწყოთ ხეხილის გასხვლაც. დაგვიანების შემთხვევაში მცენარეების ვეგეტაცია შეფერხდება, რაც შესაძლოა, დაბალი მოსავლიანობის მიზეზი გახდეს. გასხვლის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ატამს განსხვავებული მიდგომა ჭირდება. ატამი ერთადერთი ხეხილია, რომლის მხოლოდ ორწლიანი ტოტები იძლევა ნაყოფს. ამიტომაც გასხვლის დროს საჭიროა გასული წლის ის ტოტები გავსხლათ, რომლებმაც ნაყოფი მოგვცეს. ერთწლიანი ტოტები კი ხელუხლებლად უნდა დავტოვოთ, რადგანაც მიმდინარე წელს ნაყოფს სწორედ მისგან მივიღებთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს კენკროვანი კულტურების გასხვლაც. მათ გადაბერებული, დაავადებული და სუსტი ტოტები უნდა მოვაცილოთ, რომ მსხმოიარობა უხვი იყოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კენკროვანთა ბუჩქი არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი. ასეთ შემთხვევაში სასურველია ან დავყოთ ან შევამციროთ.
ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ნარგავებში არ დადგეს ნადნობი ან წვიმის წყლები. ასეთ დროს აუცილებელია სადრენაჟო ღონისძიებები, რომ მცენარეთა ფესვთა სისტემა ჭარბმა ტენმა არ დააზიანოს.
ის რომ გამხმარი, დატეხილი ტოტები, ნასხლავი და ნარჩენი ფოთლები მოგროვდეს, დაიფარცხოს და ბაღიდან გატანის შემდეგ დაიწვას, ალბათ, ყველა მეურნეს ემახსოვრება.