საკრებულოს რიგგარეშე სხდომას 15 დეპუტატი ესწრებოდა. გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირდა ყოფილ ნაციონალმა, დღესდღეობით დამოუკიდებელ დეპუტატმა გენად თებიძემ. საკრებულოს სხდომას უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე და პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე არ ესწრებოდნენ, ამიტომ საკრებულოს სხდომის წარმართვა მეორე მოადგილე, ყოფილ “ქრისტიან-დემოკრატმა” ვაჟა ვერულიძემ ითავა.
საკრებულოს სხდომაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა დიდი იყო, თუმცა დარბაზის სიმცირის გამო მოქალაქეთა ნაწილის საკრებულოს სხდომაზე შესვლა ვერ მოხერხდა. მოქალაქეთა ნაწილმა ეს კოალიციის მხარდამჭერთა დისკრიმინაციად ჩათვალა.
საკრებულოს აპარატის უფროსმა დეპუტატებს დახმარება თხოვა, რომ დასწრების მსურველებისთვის განემარტა, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და შემოსვლას ვერ შეძლებდნენ.
– გვეუბნებიან, თქვენ “ნაციონალებს” უშვებთ და ჩვენ არაო.
– კი მარა როგორ ხვდებით ვინ არის “ნაციონალი” და ვინ “ოცნებიდან?” – ჰკითხა ნაციონალმა დეპუტატმა.
– ხელზე სიმსივნე ვისაც აქვს, “ნაციონალია” – იყო გვერდიდან რეპლიკა.
საკრებულოს სხდომას ჟურნალისტების გარდა იღებდა “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
დღესვე აირჩიეს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” წევრი, რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი. ჩავლეიშვილმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ დღეს დარბაზში ილია ჭავჭავაძის სული ტრიალებს. ჩავლეიშვილი ასევე შეპირდა საკრებულოს წევრებს, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, გადაწყვეტილების მიღებისას უფრო თავისუფლები იქნებიან.
ბათუმის საკრებულოს შენობის მახლობლად პოლიციის წარმამადგენლები არიან მობილიზებულები. საკრებულოს შენობაში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამ წუთებშიც იმყოფებიან.