“თუკი აქამდე ნემსის ქურდებს აქლემის ქურდობისთვის ასამართლებდნენ, დღეს აქლემის ქურდებს, რომლებსაც უნდა იჭერდნენ, ან არ იჭერენ, ან თუ იჭერენ, ნემსის ქურდობისთვის ასამართლებენ. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა და იმ ადამიანების მოლოდინი, რომლებმაც ხმა მისცეს დღევანდელ მმართველ პარტიას,” _ განაცხადა გიორგი თარგამაძემ პრაიმ-თაიმის პრესკლუბში.
თარგამაძის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ ნაციონალურ მოძრაობას ხელებში შეატოვა გავლენა, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, პრეზიდენტის პოსტით დაწყებული, სხვადასხვა თანამდებობებით დამთავრებული: “ციხეში ზის ერთადერთი ადამიანი და ვხედავთ, რომ თურმე ახალაია ყოფილა ყველაფერში დამნაშავე, ის არის სიმბოლო სააკაშვილის ხელისუფლებისა და სხვა არავინ. ამ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ მთავარი გადაწყვეტილების მომღებნი, დღეს აქვთ აბსოლუტური დაცულობის განწყობა. მათ წყნარად და ნარნარად მისცეს საქართველოს დატოვების უფლება. ეს არის უსუსურობა თუ შეგნებული ნაბიჯები, რაც ხელს უწყობს კონტრრევოლუციური განწყობების მოძლიერებას,” _ განაცხადა გიორგი თარგამაძემ და დასძინა, რომ “ქრისტიან დემოკრატები” “რესტარტის” რეჟიმში უბრუნდებიან პოლიტიკურ სივრცეს და აპირებენ ალტერნატიული ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებას.
“ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვუყურეთ პროცესს და მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, როცა არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, არამედ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მეტი აქტივობა გვმართებს. ამ რამდენიმე თვეში შემოვიარეთ საქართველოს რეგიონები, შევხვდით ჩვენს მხარდამჭერებს, გავიგეთ, რას ელიან ჩვენგან და მათ იმედებს არ გავუცრუებთ”, _ აცხადებს “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი.