დღის წესრიგში დასმული საკითხების გარდა, რომელშიც შედიოდა: რეგიონების განვითარების სტრატეგიების შემუშავება, ევროკავშირთან თანამშრომლობის მატრიცით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, “სოფლის დახმარების” პროგრამის გახორციელება, თვითმმართველობის სისტემის რეფორმირება, რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და საჯარო მოხელეთა ტრენინგებთან დაკავშირებული საკითხები, გუბერნატორებმა მინისტრთან დაფინანსების გაზრდასა და თვითმმართველობაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელეს.
გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, “გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ საუბარი იყო როგორც ახალი პროექტების განხორციელებაზე, ასევე გარდამავალის ბოლომდე მიყვანაზე. მისი თქმით, მინისტრისგან პირობა მიიღეს, რომ ყველა პროექტი გაგრძელდება.
გუბერნატორი, ბოლო პერიდში, გურიაში თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და განსაკურებული ყურადღება რწმუნებულების მასობრივ გათავისუფლებაზე გააკეთა.
_ ბატონო ვალერი, რწმუნებულები, რომელზედაც თქვენ აცხადებთ, რომ გათავისუფლებულნი იქნენ სამსახურებიდან ძირითადად პოლიტიკური ნიშნით, “გურია ნიუსთან” აცხადებენ, რომ განცხადებები საკუთარი ნებით დაწერეს და იქვე დასძენენ, _ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ გამგებელი სხვაგან დასაქმებას შეგვპირდაო.
_ მეც მაქვს თქვენთან ერთი კითხვა, პირადად თქვენ ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მასობრივად, ყველა რწმუნებული იღებს გადაწყვეტილებას, წერს განცხადებას და სამსახურიდან მიდის?
_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასაქმების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას, მაშინ გიპასუხებთ, რომ საეჭვო ნამდვილად არის… თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, მართლა აპირებენ მათ დასაქმებას სადმე სხვაგან?
_ თუ რწმუნებულები ფიქრობენ, რომ მათი გათავისუფლება სადმე სხვაგან დასაქმების მიზნით ხდება, ან უკან დააბრუნებენ, პირდაპირ გეტყვით, რომ მაგაში ძალიან მეპარება ეჭვი.
_ ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად სოფელ ოზურგეთის რწმუნებული “გურია ნიუსთან” საუბრისას პირდაპირ აცხადებს, რომ გამგებელმა კოტე შარაშენიძემ მას კაბინეტში მოთხოვა განცხადება დაეწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე. თქვენ თუ აპირებთ ამ ადამიანების დაცვას?
_ რა თქმა უნდა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ მათი სურვილიც იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიეცეს შესაბამისი რეაგირება მსგავსი სახის ქმედებებს.
_ მართალია, თქვენ თავი აარიდეთ ჩვენთან ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მაგრამ კიდევ ერთხელ მაინც გკითხავთ, რატომ დაიტოვეთ საახალწლოდ საკუთარი თავი პრემიის გარეშე? ყველამ აიღო პრემია, თქვენს გარდა…
_ რაც მეკუთვნოდა, ის ავიღე.
_ ანუ, თქვენ ყველაზე ცოტა იმუშავეთ?
_ მაგაზეც გიპასუხებთ, რომ რაც მეკუთვნოდა, ის ავიღე…
_ სხვათაშორის, დღეს ოზურგეთში “ქართული ოცნების” ყრილობა იყო და თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრის მეგობარი, დავით დარჩია აირჩიეს.
_ დიახ, ვიცი, ვიცნობ ბატონ დავით დარჩიას.
_ ალბათ, ისიც გეცოდინებათ, რომ მას გუბერნატორობა უნდა, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია ჩვენთან კომენტარში. მის გარდა კიდევ სხვა მსურველებიც არიან.
_ მსურველი იქნება უამრავი, მაგრამ არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ინიშნება გუბერნატორი. ასე, რომ…
_ ასე რომ, მსურველი ბევრია, მაგრამ გუბერნატორი თქვენ ხართ, ჯერჯერობით?
_ კი, ბატონო, ჯერჯერობით ერთი გუბერნატორი ჰყავს რეგიონს…
_ გურიაში, სამივე რაიონის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებლები ჰყავს, საკრებულოს თავმჯდომარეებიც შეიცვალა ზოგან, თქვენი პოლიტიკური შეხედულებები კი, ვფიქრობ, განსხვავდება ერთმანეთისგან. რამდენად კომფორტულად გესახებათ მათთან თანამშრომლობა?
_ ერთია, რამდენად კომფორტულად მესახება, მაგრამ მთავარია, რეგიონს რა ჭირდება იმისთვის, რომ სასიკეთო საქმე ვაკეთოთ. თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს, პირიქით, მივესალმები. საჯარო სამსახურში დიდი ხანია ვმუშაობ და ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილებაც მაქვს.