ეკონომიკის სამინისტრომ რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა 2010 წლის აგვისტოში გაასხვისა. თბილისში ქაიროს ქუჩაზე არსებული ქარხანა შპს “მიქსორმა” 6 850 000 დოლარად შეიძინა. უძრავი ქონების სააგენტო “ექსპერტის” დამფუძნებელი გოგა კაპანაძე თვლის, რომ ეს ფასი მხოლოდ კომპანიის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის საბალანსო ღირებულებას შეესაბამება, ხოლო კომპანიის სხვა აქტივების ღირებულება ფასში გათვალისწინებული არ არის.
ანალიტიკოსების შეფასებით, “რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის” რეალური ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონია.
შპს “რკინა-ბეტონის შპალის ქარხანის” პრივატიზება 2010 წლის 9 სექტემბერს მოხდა. სწორედ ამ პერიოდში იწყება საქართველოში ორი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი: ბაქო-თბილი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა და თბილისი შემოვლითი რკინიგზის პროექტის გახორციელება.
ბუნებრივია, ამ პროექტებიდან შპს “რკინა-ბეტონის შპალის ქარხანას” გარანტირებული, მრავალმილიონიანი დაკვეთები აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამკვეთი კი, ამ შემთხვევაშიც, “საქართველოს რკინიგზაა”. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების მიზანშეწონილობა ეჭვის ქვეშ დგება.
“საქართველოს რკინიგზის” ყოფილი ხელმძღვანელის, დავით ონოფრიშვილის თქმით, რკინიგზისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის გაყიდვას ერთადერთი ახსნა აქვს – ეს კონკრეტული ადამიანების ბიზნეს ინტერესებს ემსახურება. მომგებიანი სახელმწიფო საწარმოს შეღავათიან ფასად გასხვისება, ამ შემთხვევაში, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული ბიზნესჯგუფების დაინტერესების ფონზე მოხდა. შპს “მიქსორი”, რომელიც შპს “რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის” 100%-იანი წილის მფლობელია, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის – ცეზარ ჩოჩელის ძმას, იაგო ჩოჩელს ეკუთვნოდა.
2012 წლის 7 ნოემბერს, იაგო ჩოჩელმა შპს “მიქსორის” წილი ჩოჩელების ოჯახის კიდევ ერთ წევრზე _ ლაშა ჩოჩელზე გადააფორმა. რაც შეხება შპს “რკინა-ბეტონის შპალის ქარხანას”, მას იაგო და ცეზარ ჩოჩელების დის ქმარი – ილია შიხაშვილი მართავს.
შპს “რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის” გაყიდვის მიზეზად, ეკონომიკის იმდროინდელმა მინისტრმა ვერა ქობალიამ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები დაასახელა. თუმცა, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ოფიციალური წერილით, ვარკვევთ, რომ ვერა ქობალიამ იცრუა და პრივატიზების მომენტისთვის კომპანიას სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება არ ჰქონია. საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება: სანამ სახელმწიფო კომპანია ძმები ჩოჩელების ხელში გადავიდოდა, “საქართველოს რკინიგზამ” მას 6 200 000-ლარიანი კრედიტორული დავალიანება ჩამოაწერა.
ცეზარ ჩოჩელი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ქარხანა ღირებულზე გაცილებით ძვირად შეიძინა.
_ ბატონო ცეზარ, “რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა”, მართალია, ოფიციალურად თქვენი ძმის სახელზეა, მაგრამ პრაქტიკულად, თქვენია. როგორ მოახერხეთ ასეთ დაბალ ფასად ქარხნის შესყიდვა, როცა მისი საბაზრო ღირებულება, ექსპერტების შეფასებით, ბევრად დიდია?
_ რას ამბობენ ექსპერტები, მე არ ვიცი, მაგრამ როცა თბილისში მოხვდებით, გაჩვენებთ სურათებს, ჩვენ რა ვიყიდეთ იმ პერიოდში და რა იყო. რასაც ეძახიან ქარხანას, ის მართლა ქარხანა იყო თუ ნანგრევები! როდესაც ვიყიდეთ, რაღაცნაირად, წინათგრძნობით, ჩემმა ძმამ აბსოლუტურად დაასურათა თითოეული ადგილი, თუ რა მდგომარეობაში იყო ობიექტი. მაგ ქარხნის მაშინდელი ღირებულება, მაქსიმუმ, სამი მილიონი ლარი იყო ყველაფრიანდ და ჩვენ ამაში, ზუსტად არ მახსოვს, 7 თუ 8 მილიონი დოლარი გადავიხადეთ! ეს საბუთები დევს ეკონომიკის სამინისტროში. თუმცა, როცა ფოტოებს ნახავთ, თუ მეტყვით, რომ მართლა ქარხანა იყო, რასაც მეტყვით იმას გავაკეთებ!
_ სანამ თქვენს ხელში გადმოვიდოდა ქარხანა, “საქართველოს რკინიგზამ” მას 6 200 000-იანი კრედიტორული დავალიანება ჩამოაწერა. ეს საკმაოდ საეჭვო გარემოება არ არის?
_ ეს მე ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, პრივატიზაციის სამსახურს უნდა მიმართოთ, მე ახლა ვეცნობი ამ დოკუმენტაციას. ქარხანა რკინიგზის საკუთრებაში იყო 2006 თუ 2007 წლამდე. შემდეგ, 2010 წლამდე, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და ჩვენ, აუქციონის შედეგად შევიძინეთ ეგრეთ წოდებული “ქარხანა”, _ ამბობს ცეზარ ჩოჩელი.