ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის მთავარმა პროკურორმა, კახა კოჩივარმაც დაადასტურა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა:
_ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ძალიან ბევრი ადამიანი იკითხება. როგორც ჩოხატაურიდან, ასევე ლანჩხუთიდან და ოზურგეთიდან, _ გვითხრა კოჩივარმა.
_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რატომ იბარებთ დაკითხვაზე ასეულობით ადამიანს?
_ ჯერჯერობით საქმე ძიებაშია და დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.
_ ბატონო კახა, ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება სოციალურ დახმარებებს, რომლებიც ბიუჯეტიდან გაიცა, თუმცა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ამით “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამომრჩევლები მოისყიდა…
_ არ ვიცი დაზუსტებით. ამას გამოძიება დაადგენს.
_ “გურია ნიუსს”, 1200-კაციანი სია არჩევნების შემდეგ მიაწოდეს. ჩვენ 100 მეტი ოჯახი გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ზოგ მათგანს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მართლაც მისცეს სოციალური დახმარება საჭიროებისამებრ, თუმცა, ჩვენს მიერ მოპოვებულ სიაში იყვნენ ისეთებიც რომლებსაც თანხა ხელზე ჰქონდა აღებული… ამ დეტალებს ამოწმებთ?
_ გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს და თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი მასალა, შეგიძლია გადმოგვცეთ და მასაც შევამოწმებთ, _ გვითხრა კოჩივარმა.