“პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი 2013 წლის 2 თებერვალს 14 საათზე, კანონით დადგენილი წესით, მოწვეული იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მოწმის სახით ჩვენების მისაცემად. თუმცა არ გამოცხადდა.
ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის გარემოებების გამოძიება-დადგენისა და ამ საქმის გამოძიებისას დაშვებული კანონდარღვევების გამოვლენისადმი განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განმეორებით იწვევს გიორგი ღვინიაშვილს ამ საქმეზე მოწმის სახით დასაკითხად. ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების (ირაკლი მიქაბერიძის, კახაბერ აზარიაშვილის, ლევან დანგაძის, აკაკი ბართაიას და გიორგი ქურდაძის) მიმართ პოლიციელთათვის ვითომდა წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 2004-2005 წლებში გამოძიებას აწარმოებდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული და თბილისის პროკურატურა. გიორგი ღვინიაშვილი პროკურორი 2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ჩათვლით თბილისის პროკურორი იყო.
გიორგი ღვინიაშვილი ხელმეორედ მოწვეულია დაკითხვაზე 2013 წლის 4 თებერვალს 14 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.”