“პირველ რიგში, როგორც პროკურორებს და გამომძიებლებს, ასევე თქვენც მინდა გირჩიოთ, რომ ეჭვებისგან გათავისუფლდეთ.
…მოსამართლეებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს სახელს და გვარს. ერთი და იგივე გარემოებების საქმეებზე არ უნდა მოხდეს ისე, რომსე, რომ ერთ შემთხვევაში გირაო იყოს გამოყენებული და მეორე შემთხვევაში _ პატიმრობა.
ასეთი რჩევა და პასუხი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან, კოტე კუბლაშვილისგან “გურია ნიუსმა” გირაოებთან დაკავშირებით დასმულ შემდეგ კითხვაზე მიიღო:
_ ბატონო კოტე შერჩევით სამართალზე და გირაოზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ და ჩემი კითხვაც სწორედ მაგას ეხება. წინა ხელისუფლებს დროსაც ძალიან ხშირად ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს, წლების განმავლობაში და ასეთ საქმეებზე კი არა, როგორზეც ახლა საუბრობთ, გაცილებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულზეც კი არ გამოიყენებოდა გირაო. მაგალითად, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ გეგა ქელბაქიანის მსგავს საქმეზე, როდესაც საუბარია ასეული მილიონობით გაფლანგვასა თუ თანხის მითვისებაზე, წინა ხელისუფლების დროს, ვინმე 150 000 იანი გირაოთი გამოეშვათ. ეს რას ნიშნავს, სასამართლო ნამდვილად გაავისუფლდა პროკურატურის ზეწოლისგან თუ რაიმე სხვა ტენდენციასთან გვაქვს საქმე?
სწორედ ამ კითხვის პასუხად მოგვიწოდა კუბლაშვილმა “გავთავისუფლებულიყავით ეჭვიანობისგან”
მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ერთი გირაო, ორი გირაო და ბევრი გირაო, რომლის გამოყენებაც სასამართლომ აქტიურად დაიწყო, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მიმართებაში, მას სულაც არ აღიზიანებს.
_ ბატონო არჩილ, რა რეაქცია გაქვთ ამ გახშირებულ გირაოებთან დაკავშირებით? როცა ფიქრობთ, რომ მტკიცებულებებში ძალიან მყარად ხართ და ამ დროს, ერთი გირაო, ორი გირაო… (გვაწყვეტინებს სიტყვას. ავტ)
_ და ბევრი გირაო… არა, სულაც არ ვღიზიანდები და საერთოდ, მე არაფერზე ვღიზიანდები და არც ჯავრს ვიდებ რამეზე გულში. ვთვლი, რომ ისეთი თანამდებობის მქონე პირი, როგორიც პროკურორია, ბოღმას გულში არ უნდა იდებდეს. ეს, პირველ რიგში, მისთვისაა ცუდი. მთავარი პროკურორისთვის რომ ცუდია, ეს არ არის დიდი უბედურება, ამით შენს თავს ავნებ, მაგრამ ქვეყანას ჯავრიანი, ბოღმიანი და ბოროტი პროკურორი არ უნდა ჰყავდეს. კარგით, ამას თავი დავანებოთ…
ყველაფერს აქვს თავისი ანალიზი და ლოგიკა. თავისთავად, ჩვენ მოვდივართ ძალიან ცუდი ინერციით წარსულიდან, როდესაც ყველა ბრალდებაზე ყველას იჭერდნენ. ეს იყო ძალიან ცუდი და შეჩვეულია საზოგადოება ამას. ახლაც ელის, რომ ასე უნდა გაგრძელდეს. არადა, ეს ცუდია და არ უნდა გარძელდეს. კაცმა რომ თქვას, ნორმალური არის მართლაც გირაო და არა საპატიმრო ღონისძიება. ამას, სხვა განყენებულ სიტუაციაში, სადაც საქმეებს ნორმალურად განიხილავ და მოხსნი იმ პერიპეტიებს, რაც ჩვენს ქვეყანაში იყო, ალტერნატივა არ აქვს. კანონი ამბობს, რომ უდანაშაულოა, თუ უდანაშაულოა, რატომ იჭერ? ამიტომ, ცივილიზებურმა კაცობრიობამ შეიმუშავა ასეთი მეთოდი და გამოიყენა გირაო.
_ ალბათ ცივილიზებურ და დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბრობთ თქვენ. ჩვენთან სხვაგვარად დგას საქმე, მაგალითად ვანო მერაბიშვილის ბიძას 25 000 ლარიანი გირაოთი უშვებენ და იგივე მოსამართლე, უფრო ნაკლები სიმძიმის დანაშაულზე 71 ქალს ციხეში სვამს…
_ კი ბატონო, გადავხედოთ ახლა მეორე მხარეს. ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ის უნდა სარგებლობდეს ნდობის მაღალი ხარისხით, მისი ხელიდან გამოსული ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იყოს. მაგრამ,ეს ხალხი არ იყო კაცო გუშინ, ქათმის ქურდს რომ ციხეში უშვებდა და კიდევ ათასი ასეთი მაგალითი გეცოდინებათ. როცა ასეთი რამეები ხდება, ეს ნდობის ხარისხსს გიქვეითებს და სწორედ ამაშია პრობლემა. აი, ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ დღეს და ამიტომ ისმის შემდეგ პრეტენზიები.
_ არა მგონია, საქართველოში ვინმეს უკვირდეს ეს უნდობლობა…
_ რატომ არ არის ნდობა? იმიტომ, რომ გუშინ, ეს სასამართლო კორპუსი ემსახურებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას და მის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. დღესაც ემსახურება იმავე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ინდობს მას და არ იმეტებს ციხისათვის. თუ ეს ასეა, თუ სასამართლო შემწყნარებელია იმ ხელისუფლებისა, რომელსაც ის ემორჩილებოდა, მაშინ ეს უკვე პოლიტიკურ დატვირთვას იძენს. ყოფილი ხელისუფლება ამ დროს აცხადებს, რომ ყველაფერი ცუდად ხდება, ყველაფერი უნდა შეიცვალოსო. უკვე შეიკრა ის ჯაჭვი, სადაც სასამართლოს ადგილი აღმოჩნდა პოლიტიკურ რგოლში. ამიტომაც არის გამოხატული მათ მიმართ პრეტენზიები. აი, ეს უნდა შეიცვალოს. თუმცა, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ წინ გველის სასამართლოები. შეიძლება ის ადამიანები, რომლებიც ზედაპირულად უყურებენ ამ მოვლენებს, ფიქრობენ რომ, ყველას უშვებენ, ყველა გარეთ არის. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ სულ მალე, არსებითი განხილვები დაიწყება და გვექნება შესაძლებლობა, ყველაფერი ღიად დავინახოთ. ის სასჯელი იქნება გამოყენებული, ვინც რას იმსახურებს.