სამტრედიის საცხენოსნო კომპლექსში, რომელიც 1968 წელს დაარსდა, დღეისთვის რვა ცხენი ბინადრობს. კომპლექსის დაარსების დღიდან მასთან ფუნქციონირებს საცხენოსნო სპორტული კლუბი. “გურია ნიუსს“ ამ კლუბის დირექტორი პავლე კაპანაძე დაუკავშირდა და არსებული სიტუაცია გააცნო.
_ მეცნიერებს რომ უსმინო, კარგად გამაძღარ ცხენს 6კილოგრამი ქერი და 8 კილოგრამი თივა უნდა. ჩვენმა ცხენებმა კი 2კილოგრამით უნდა ისულდგმულონ, დოღებშიც უნდა იმონაწილეონ და გამარჯვებაც უნდა მოიპოვონ. ტენდერში გამარჯვებული მოვა, მომცემს 1000 ლარს და არც რცხვენიათ. 700 ლარი მანქანას უნდა, 300 ლარით თივა ვიყიდო თუ ქერი?! ამიტომაც, ხანდახან მშიერი რჩება ცხენები. არასაკმარისი თანხების გამო, ტერიტორიაზე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურაც. მე ხელფასი ბოლოს როდის ავიღე, აღარც კი მახსოვს. არც ჩემს თანამშრომლებს აუღიათ და ხმასაც არ ვიღებთ ამის გამო, ჩვენ გვინდა ახალგაზრდებს გადავცეთ სპორტის ეს სახეობები. დოღზე რომ მივდივართ, არ ვიცით უკან თუ ჩამოვიყვანთ შეჯიბრში დაღლილ შიმშილისგან გასავათებულ ცხენებს.
არადა, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ცოცხალი არსებები არიან ესენიც და სხვა ათას არაფრისმომცემ რაღაცეებში რომ ხარჯავენ ათასობით ფულს, მოვითხოვთ მოხედონ საცხენოსნო კომპლექსს და სპორტულ კლუბს. ახალი მთავრობა დაგვპირდა დახმარებას და ვნახოთ, როგორ შეასრულებენ სიტყვას, _ ამბობს კაპანაძე.
როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, კომპლექსი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 40 000 ლარით. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დაინტერესებულნი არიან საცხენოსნო კომპლექსის აღორძინებით; ამ მიზნით, შეიქმნება სპეციალური კომისია, ადგილზე შეისწავლიან არსებულ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად გააუმჯობესებენ კომპლექსისა და სპორტული კლუბის მდგომარეობას.