საქართველოს შვიდი პრემიერ-მინისტრიდან, რომლებსაც ეს თანამდებობა 2004-2012 წლებში ეკავათ, ოთხი, მთავრობაში კერძო სექტორიდან მოვიდა და/ან კერძო სექტორში წავიდა მთავრობის დატოვების შემდეგ. იმავე წლებში იგივე მოხდა საკმაოდ ბევრი მინისტრისა თუ მინისტრის მოადგილის შემთხვევაში. ამავე დროს, არაერთი ცნობილი ბიზნესმენი პარლამენტის წევრად იქნა არჩეული, ხოლო ზოგიერთმა ყოფილმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი.
სათანადო მარეგულირებელი ნორმების არარსებობის პირობებში, კერძო და საჯარო სექტორებს შორის “მბრუნავი კარის“ არსებობა კორუფციის საფრთხეს წარმოშობს, რადგანაც შესაძლებელია, რომ საჯარო თანამდებობა კერძო სარგებლისთვის იქნას გამოყენებული. ეს გარემოება შეშფოთებას უნდა იწვევდეს საქართველოში, რადგანაც ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი კანონმდებლობა, რომლის მიზანი კერძო სექტორის გავლენისგან სახელმწიფო ადმინისტრაციის დაცვაა, არასრულყოფილია. მართალია, კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ“ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ყოფილი საჯარო მოხელეებისთვის, მაგრამ ეს შეზღუდვები საკმარისად დეტალური არ არის. ამავე დროს, ნაკლებსავარაუდოა, რომ მთელი საჯარო სექტორისთვის ერთიანი და შეზღუდული ხასიათის მარეგულირებელი ნორმების დაწესება წარმატებული მიდგომა აღმოჩნდეს. “მბრუნავ კართან” დაკავშირებული საფრთხეების ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრაციის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია, რაც დიფერენცირებული მიდგომის უპირატესობაზე მიუთითებს.
„ჩვენს მოსაზრებას, რომ საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობა არასრულყოფილია, პრაქტიკაც ადასტურებს. არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, რომ მთავრობის ყოფილმა წარმომადგენლებმა თანამდებობის დატოვებიდან მცირე ხანში დიდი ქონება დააგროვეს, ხოლო კომპანიებმა, რომლებსაც ასეთი პირები ფლობენ ან მართავენ, მნიშვნელოვანი შეღავათები ან ექსკლუზიური უფლებები მიიღეს მთავრობისგან. ამის კარგი მაგალითია თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და მისი კომპანიები“ – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობს – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
.არსებობს ფაქტები, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრები საკანონმდებლო ორგანოში არჩევის შემდეგ, ბიზნესში მონაწილეობას აგრძელებენ და ასევე საკმარისი მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ისინი პარლამენტის წევრის სტატუსს თავიანთი კომპანიების სასარგებლოდ იყენებენ. საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ არ გამოიძია სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” საეჭვო საქმიანობა იმ პერიოდში, როდესაც მისი ერთ-ერთი მფლობელი პარლამენტის ვიცესპიკერი იყო. ბიზნესთან კავშირების არსებობა ეჭვებს წარმოშობს ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი მარეგულირებელი ორგანოს წევრების მიუკერძოებლობის თაობაზე. მათ შორისაა ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისსის ხელმძღვანელი. ამავე დროს, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად კახა კალაძე დაინიშნა, რომელიც ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიის თანამფლობელი იყო, ხოლო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ზოგიერთმა პირმა მაღალი სამთავრობო თანამდებობა დაიკავა“.