_ ქალბატონო ელისო, საქართველოს პრეზიდენტმა თუ არ მიიღო თქვენი წინადადება, რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შემდეგი ნაბიჯი?
_ ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ვფიქრობ, მათთვის მისაღები უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები. “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთავაზება თუ არ მიიღო, მათი მდგომარეობა გართულდება. პირადად მე, მომხრე ვარ ჩვენი რბილი დამოკიდებულება უმცირესობის მიმართ გამკაცრდეს, რადგან ისინი ხშირ შემთხვევებში, საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმირებას ახდენენ. ვგულისხმობ ევროსაბჭოს რეზოლუციაში შესულ ორ პუნქტს, სადაც სამი ფაქტობრივი სიცრუეა.
მე ვენაში მივემგზავრები კონფერენციაზე, სადაც ვისაუბრებ, როგორ ატყუებს “ნაციონალური მოძრაობა” საერთაშორისო თანამეგობრობას. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემოტანილ კანონპროექტებს როგორც პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ისე აცნობენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ განვიხილოთ საზოგადოებრივი ინიციატივები. ევროპამ ეს უნდა გაიგოს. “ნაციონალური მოძრაობა” გადადის პროვოკაციებზე.
რაც რეგიონებში ჩვენი პარტიის დაფუძნებასთან დაკავშირებით ხდება, ეს გახლავთ აშკარა პროვოკაცია, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადია. ჩვენ გვინდა მოწინააღმდეგეებს ცივილიზებულად მოვექცეთ, ამის ნაცვლად კი უმცირესობის მხრიდან ვულგარულ პროვოკაციებს ვიღებთ. ამას ადექვატური პასუხი სჭირდება, თუნდაც საზოგადოებისათვის განმარტება, რატომ არ მიდივართ გარკვეულ გადაწყვეტილებამდე.
_ თქვენს მიერ პროვოკაციად შეფასებული აქციები… (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა.ავტ)
_ როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის იურისტები აქციებს აწყობენ, სხვა რა შეიძლება დავარქვათ იმას, რასაც ითხოვენ? რატომ არ უთანხმებენ, ვინ იქნება “ქართული ოცნების” პარტიის წევრები. ღმერთო ჩემო, ჩვენ რომ “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელ ყრილობაზე მივიდეთ და მოვითხოვოთ, შეგვითანხმონ ვინ გაწევრიანდება “ნაციონალურ მოძრაობაში,” აქ სადმე ჭკუა-გონება არსებობს?!
_ “გურია ნიუსი” აქციის მონაწილეებს ესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირი არ აქვთ.
_ საუბრობენ ერთია, ფაქტები _ მეორე. თქვენ იცით, რა განსხვავებაა ფაქტსა და მოსაზრებას შორის. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტული ფაქტებით. სად მუშაობდა წინასაარჩევნო პერიოდში ესა თუ ის პიროვნება, ამის გადამოწმება არ არის რთული. არსებობს ვიდეო მასალა, ინფორმაცია ყველაფრის შესახებ, რომლის გადამოწმება თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
_ ეს პროცესი რომ უმართავი გახდეს?
_ ამას ვერ დაუშვებთ! საზოგადოებას ნათლად ავუხსენით, რაშია საქმე. პარტია არის ერთიანი და მონოლითური. სხვათაშორის, ამ შემოტევებმა მაღალი მოტივაცია მოგვცა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ, ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ერთად მეტ დროს ვატარებთ. ინტენსიურად იკრიბება პოლიტსაბჭო. ჩვენ, ვემზადებით პარტიის ყრილობისთვის და პირობას გაძლევთ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში უმართავ პროცესებში არ გადაიზრდება. ეს არის დასჯადი ქმედება. ჩვენ, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, მივმართავთ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა სტრუქტურას და ორგანოს, მოახდინონ ადექვატური რეაგირება იმ პროვოკაციებზე, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ხორციელდება.
_ როდის აპირებთ რეგიონებში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახლადარჩეულ თავმჯდომარეებთან შეხვედრას?
_ ჩვენ მათთან რეგულარული შეხვედრები და კონსულტაციები გვაქვს. პოლიტსაბჭო პრაქტიკულად, მუდმივ რეჟიმში განიხილავს ამ კანდიდატურებს, ხვდება პიროვნებებს, მათ შესახებ ინფორმაციას ამოწმებს და ა.შ. კარგად ვიცნობ, რამდენიმე რეგიონში შექმნილ სიტუაციას. მაგალითად ტყიბულში, როგორც პარტიის სხვა წევრებმა და დამფუძნებლებმა, მეც მივიღე ყრილობაში მონაწილეობა.
16 თებერვალს შევქმნით პარტიის მმართველ სტრუქტურას, სადაც ყველა პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები გაერთიანდება. ამას სათათბიროს სახე ექნება. რეგულარული შეხვედრები შედგება იმისთვის, რომ სრული სურათი გვქონდეს რა ხდება რეგიონებში.