მინისტრის განცხადებით, სოფელთან და სოფლის მოსახლეობასთან სამინისტროსა და ახალი მთავრობის მიდგომა პრინციპულად არის შეცვლილი.
“რეალურად ერთმანეთს ემთხვევა განცხადება და საქმე. ეს მიმართულება ჩვენთვის მართლაც პრიორიტეტულია. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა თავი ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წევრად იგრძნოს. ის, აქტიურად და ფაქტიურად უნდა ჩაერთოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი, რომელიც სოფლად ცხოვრობს, დიდი ხნის მანძილზე სამწუხაროდ მივიწყებული იყო. შესაბამისად, ძალიან ბევრ ადამიანს მიზერული გასამრჯელოს მისაღებად ქვეყნის დატოვება და სხვადასხვა ქვეყანაში დღიური სამუშაოს შესრულება უწევდა. სოფელთან ვისაც შეხება აქვს, ხედავს, თუ რა დღეშია ის. ბევრი სოფელი ფაქტიურად დაცლილია. ადამიანები ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წასულები… სოფლის მეურნეობაში ასეთი დიდი ფულადი და ადამიანური რესურსების მობილიზება იმიტომ ხდება, რომ ადამიანები ჩვენს საზოგადოებას დაუბრუნდნენ და სოფელი უკან დავიბრუნოთ. მათ საკუთარი შრომით ღირსეული შემოსავალი უნდა მიიღონ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა,“ – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
დავით კირვალიძის განცხადებით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში 700 მილიონამდე ლარია მობილიზებული. მისი თქმით უკვე განსაზღვრულია რაში დაიხარჯება ეს თანხა.