მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაკვირვებამ აჩვენა, რომ პროცესი არ იყო სათანადოდ გამჭვირვალე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდულობით საბჭო აქვეყნებდა ინფორმაციას კონკურსების შესახებ, დაინტერსებული პირებისთვის შეუძლებელი იყო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე დაკვირვება. ასევე ვერ მოხერხდა საბჭოს იმ სხდომებზე დასწრება, რომელზეც გადაწყვეტილებები მიიღებოდა.
რაც შეეხება მოსამართლეთა მივლინებას სხვა სასამართლოებში, როგორც მონიტორინგმა აჩვენა, მივლინების გადაწყვეტილებები არ შეიცავდა სათანადო დასაბუთებას და სრულიად არასაკმარისი იყო პროცესზე დასაკვირვებლად. გამოვლინდა რიგი შემთხვევები, როდესაც მივლინების გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძველი არ ემთხვეოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მივლინების საფუძვლებს. რაც შეეხება მივლინებების პრაქტიკას, 2012 წლის მარტში კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მსგავსი ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა, ვინაიდან საბჭომ მონიტორინგის ჯგუფს საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდა.
სამართლის ექსპერტი მერაბ ტურავა მოსამართლეთა სხვა სასამართლოებში მივლინებას “მოსამართლეთა გადასახლებას” უწოდებს, რადგან წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მეთოდს ურჩი მოსამართლეების დასასჯელად იყენებდა. ტურავას აზრით საბჭოს მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოებაც სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული.
”მოსამართლის მივლინება იმ სასამართლოში, რომელსაც საკუთარი მოსამართლე სხვა სასამართლოში ჰყავს მივლინებული, ეჭვს იწვევს, ეს იყო წლების განმავლობაში აპრობირებული მეთოდი მოსამართლეთა დასასჯელად”-ამბობს ტურავა.
მონიტორინგის ჯგუფს გაუჭირდა სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება
მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის შესახებ. გამოიკვეთა, რომ საბჭო არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც დისციპლინური გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას გულისხმობს. მონიტორინგის პროცესში არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს ინფორმაციით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებულ იქნა 4 მოსამართლის მიმართ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე აცხადებს, რომ მიესალმება მსგავსი სახის კვლევებს, თუმცა პრობლემებს ტექნიკურს უწოდებს, რომელთა გადაწყვეტაც რთული არ არის.
“მივესალმები, რომ ამ მონიტორინგში ჩართული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოც, რა თქმა უნდა გამჭვირვალობა არ გვაქვს იმ დოზით რაც სასურველია რომ იყოს, მაგრამ დინამიკაში ვითარება უმჯობესდება და კარგი იქნებოდა თუ მკვლევარები სწორედ ამ დადებით დინამიკას ასახავდნენ. მომეჩვენა, რომ ტექნიკური პრობლემები, რისი გადაჭრაც რთული არ არის , საზოგადოებას რაღაცნაირად ნეგატიური ფორმით მიეწოდა. “- განაცხადა ვალერი ცერცვაძემ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველაზე დიდი პრობლემად რჩება ის, რომ საბჭოს თავმჯდომარე პარალელურად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებს.
“ეს გარემოება ჩანასახშივე სპობს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესაძლებლობას, რადგან ყველამ კარგად ვიცით რომ საბჭო წლების განმავლობაში დევნიდა მოსამართლეებს, რომლებიც ცდილობდნენ ობიექტური გადაწყვეტილებები მიეღოთ. სანამ იუსტიციის საბჭოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე წარმოდგენილები იქნებიან სასამართლოების პირველი პირები, დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხარისხი ვერ გაუმჯობესდება.”
იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე კი მიიჩნევს, რომ სახეზეა არა უბრალოდ ტექნიკური პრობლემა, არამედ სერიოზული სისტემური ხარვეზი, რასაც მისი უწყება ძალიან მალე სათანადო საკანონდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ გამოასწორებს.
“მოქმედი კანონმდებლობა მორგებულია იმაზე, რომ ხელისუფლებაში მოკალათებულ მცირე დაჯგუფებას ეკონტროლებინა ყველაფერი, მათ შორის სასამართლო ხელისუფლება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძალიან სერიოზული მისია აკისრია მართლმსაჯულების სისტემაში, ტყუილად არ არის რომ მას მოქმედი კონსტიტუციის რედაქციით უზენაესი სასამართლო უდგას სათავეში. ეს ადამიანი კი საკმაოდ დაახლოებული პირი იყო მმართველ ელიტურ წრეებთან”- _ აცხადებს სანდრო ბარამიძე “გურია ნიუსთან” საუბარში.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით მიზანშეწონილი არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დათხოვნა მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ ისინი ჯერჯერობით დაელოდებიან კომისიის საბოლოო დასკვნას, თუმცა საბოლოო სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის.
“ვენეციის კომისიის დასკვნას, ცხადია, დაველოდებით, გვაინტერესებს როგორი იქნება მათი მოსაზრება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს წარმოდგენილს თავისი პარლამენტით. ჩვენ, როგორც ავტორი ამ კანონპოროექტების და ასევე მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ასევეა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი, მხარს ვუჭერთ კანონის იმ რედაქციას, როგორი სახითაც ის იქნა პარლამენტში შეტანილი.”