მაგრამ აქვე გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას სამუშაოს ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობის გამო.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ 2015 წლის ივნისამდე ციფრულ მაუწყებლობაზე წარმატებულად გადასვლისათვის, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ტექნიკური სამუშაოების განხორციელება და ამ პროცესში განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ.
2013 წლის 11 თებერვალს ჩვენ განცხადებით მივმართეთ კომისიას, რათა მან დაიწყოს ბაზრის ყველა იმ სეგმენტის კვლევა, რომელიც უკავშირდება ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის მომსახურებას.
გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოსახლეობის ინფორმირება მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, ასევე, გატარდეს ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში ისეთი ტელემიმღებების შემოტანისა და გაყიდვის ხელშეწყობისთვის, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დამატებითი ხარჯის გარეშე ანალოგურთან ერთად მიიღოს ციფრული სიგნალი. ამ ღონისძიებების განხორციელება კი პრაქტიკულად შეუძლებელია დამტკიცებული სტრატეგიის გარეშე.
კოალიცია გამოხატავს მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, თუმცა მითითებულ საკითხებზე მუშაობა არის სახელმწიფოს ვალდებულება და საჭიროებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოძიებას. შესაბამისად, სახლემწიფოს მიერ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების გარეშე, შეუძლებელი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის ქმედითი თანამშრომლობა.
გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაითვალისწინებენ ჩვენს წინადადებებს და უზრუნველყოფენ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას დადგენილ ვადებში.