მინისტრის თქმით, ახალმა მთავრობამ ბიძინა ივანიშვილისგან ორი მთავარი დავალება მიიღო _ გამოესწორებინათ ის, რაც წინა ხელისუფლების მიერ გაფუჭდა და ხელი შეეწყოთ ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის.
წულუკიანის თქმით, პირველი რეფორმები მან სამინისტროს სტრუქტურაში გაატარა, შეიცვალა აქცენტები და ძირითად პრიორიტეტად კანონშემოქმედებითი საქმიანობა დასახელდა.
“ჩემი წინამორბედი მინისტრი აქცენტებს აკეთებდა სამშენებლო სამუშაოებზე. ის იყო უშუალო ხელმძღვანელი ლაზიკის, ბათუმის და სიღნაღის პროექტების, დღემდე სამინისტროს მე-9 სართულზე მინისტრის სამუშაო კაბინეტში ინახება ლაზიკის და სხვა არქიტექტურული პროექტები, რასაც მოგვიანებით რომელიმე მუზეუმს გადავცემ.”
თეა წულუკიანმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მშენებლობა სცდება იუსტიციის მინისტრის ფუნქციას, გააუქმა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრატეგიული განვითარების სააგენტო, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მსხვილი ობიექტების მშენებლობას.
კანონშემოქმედებისა და ანალიტიკური დეპარტამენტების გაძლიერების გზით, სამინისტრომ უკვე მოამზადა რამდენიმე კანონპროექტი და პარლამენტს გადაუგზავნა განსახილველად.
მინისტრის ინიციატივით შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რაც მანამდე სამმართველოს სახით არსებობდა: “ჩვენი მიზანია არა უბრალოდ ის, რომ გვქონდეს დეპარტამენტი, არამედ მაქსიმალური ღიაობა. ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საინტერესო თემაზე, ამავე დროს, საჯაროობა გულისხმობს ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტების არასამთავრობო სექტორში განხილვას. ყველა კანონპროექტი წინასწარ განვიხილეთ არასამთავრობო და საექსპერტო წრეებში. ჩემი მითითებით, უნდა დასრულდეს მოქალაქეებისთვის შაბლონური და თავიდან მოსაცილებელი პასუხების გაცემა მათ მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე. ამ კულტურას 100 დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვამკვიდრებდით,” _ განაცხადა მინისტრმა.