“აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და უმაღლეს საბჭოს შენიშვნებით დაუბრუნდა უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის ფორმირების წესის შეცვლას, ასევე უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ჩვენი თვალთახედვით დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმა უფრო მეტად დემოკრატიულია და იძლევა საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობის შესაძლებლობას, რაც შეეხება უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების ვადაზე ადრე განთავისუფლებას ვფიქრობთ, რომ კანონის გარდამავალი დებულებებით ეს საკითხი არ უნდა რეგულირდებოდეს” – ამბობს პარმენ ჯალაღონია.
აჭარის მთავრობამ კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსთვის თანდართული რეკომენდაციებით უკან დაბრუნება არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ კანონის დაჩქარებულად მიღება არ უნდა მომხდარიყო და ეს უსკოს წევრებზე ზეწოლა იყო.
“ჩვენი რეკომენდაციები თავიდანვე მომდინარეობდა, როგორც კი შევიდა ეს კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდებოდა მას. ჩვენ ვთხოვეთ მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ხელი არ მოეწერა ამ კანონპროექტისთვის და მოხარულები ვართ, რომ გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისათვის” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მადონა ბერიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ უმაღლესი საბჭო რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და კანონპროექტში ცვლილებები შევა.
უამღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი და კანონპროექტის ინიციატორი დავით ბაციკაძე ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს აქვს უფლებამოსილება, მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის უკან დაბრუნებული კანონპროექტის შენიშვნები გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს და ამჯერად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დაამტკიცოს.
“ამ შეთხვევაში არის ორი გზა, ერთი გაიზიაროს შენიშვნები და ისე მიიღოს და მეორე ვარიანტი არის, არ გაითვალისწინოს შენიშვნები და 3/5-ით ანუ 13 კაცით დაძლიოს შენიშვნები. ამ შემთხვევაში, უკვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უნდა მოაწეროს ხელი. ამ დღეებში შეიკრიბება უმაღლესი საბჭო და გადაწყვეტს ამ საკითხს. მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. მას შემდეგ რაც ჩემს ინიცირებულ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანეს, მე მას მხარი არ დავუჭირე. ვიმსჯელებთ რეკომენდაციებზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას” – ამბობს დავით ბაციკაძე.
კანონის თანახმად, უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული კანონპროექტის მთავრობის თავმჯდომარის მიერ უკან დაბრუნდების შემთხვევაში, უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს 15 დღის ვადაში 13 დეპუტატის თანხმობით მაინც დაამტკიცოს კანონპროექტი და მას ხელს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოაწერს, კანონის თანახმად უმაღლეს საბჭოს ასევე უფლება აქვს გაითვალისწინოს შენიშვნები და ცვლელებების შეტანის შემდეგ კვლავ მთავრობის თავმჯდომარეს გაუგზავნოს დასამტკიცებლად.