საღამოს ორგანიზატორებმა ეს მშვიდობიანი აქცია ვალენტინობის დღესასწაულს დაუკავშირეს და სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – “სიყვარულს გითვლით, აფხაზებო!”
ლელა ნინუა, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი: “ძალიან მიხარია, რომ აფხაზებისათვის სიყვარულის გაგზავნის მსურველები ბევრნი აღმოჩნდნენ. ნახეთ, რამდენი ვართ! სიმბოლური და ამაღელვებელია ისიც, რომ დღევანდელ აქციას ესწრება დავით კოდუას და აფხაზეთის მკვიდრ სვეტლანა ბობოხიას, ახლადშექმნილი ქართულ-აფხაზური ოჯახი. ჩვენ ძალიან გვინდოდა ეს დღე ამ წყვილს ყოველთვის ხსომებოდათ და ამიტომ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნანა მელქაძემ სვეტლანას თავისი სამოდელო სახლის საქორწილო კაბა გადასცა საჩუქრად. დღეს აქ აჟღერდება ქართული და აფხაზური სიმღერები, თბილისიდან ახალგაზრდა პოეტი ბენჯი ჩხაიძე შემოგვიერთდა, რომელიც საკუთარ გზავნილს ლექსით გააჟღერებს. ჩვენ მათ სიყვარულს ვუთვლით და იმედი მაქვს, გულიდან გულისთვის სათქმელი სიტყვები შედეგს გამოიღებს. ნამდვილად შთამბეჭდავი დღეა. ჩვენი დიდი სურვილი და ოცნებაა სულ მალე ერთად დავბრუნდეთ ენგურს გაღმა _ აფხაზეთში!”
თეთრი მშვიდობის ფერია, სწორედ ამიტომ, სიმბოლური იყო ადმინისტრაციულ საზღვართან თეთრი პოდიუმის მოწყობა, სადაც სამოდელო სახლმა “ნანა მელქაძემ” საპატარძლო კაბების ჩვენება მოაწყო.
საღამოს დასასრულს აქციის მონაწილეებმა ცაში ფრანები გაუშვეს და სიყვარული გაატანეს ხიდს იქით მყოფ მონატრებულ აფხაზებთან.