იუსტიციის მინისტრს შეხვედრები აქვს დაგეგმილი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ისე _ არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან.
5-დღიანი ვიზიტის განმავლობაში თეა წულუკიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამერიკელ სენატორთა აპარატის წარმომადგენლებს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში, დემოკრატიის განვითარების ეროვნულ ფონდში, ატლანტიკურ საბჭოში, ევრაზიის ფონდში, იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა კოლუმბიის უნივერსიტეტში და სხვა.
აშშ-ის შემდეგ, თეა წულუკიანი ბრიუსელს ეწვევა და შეხვედრებს ნატოს შტაბბინაში გამართავს. მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრე ვერშბოუს, და კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდება. თეა წულუკიანი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. წულუკიანის განცხადებით, ამერიკაში მისი ვიზიტი ერთადერთ მიზანს ემსახურება _ უკეთ გააცნოს მათ საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების და ზოგადად იუსტიციის რეფორმები.
“ერთადერთი მიზანი აქვს ჩემს ამ გრძელვადიან ვიზიტს _ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ უკვე კონკრეტული მაგალითების ახსნით, თუ რა იყო 1 ოქტომბრამდე და რა ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა დარწმუნდეს, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს წინ და მიჰყავს დასავლეთის, ევროკავშირის და ნატოსკენ მიმავალ გზაზე,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.
იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-სა და ბელგიაში თვის ბოლოს დასრულდება.