მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა არჩილ კბილაშვილის ლოგიკა ადეიშვილის დროინდელი პროკურორების უწყებაში დატოვების შესახებ.
” მე ავიღე ასეთი სტანდარტი: შეცვლილი ყოფილიყო ყველა ხელმძღვანელი ცენტრალურ და შუალედურ დონეზე, რადგან ვთვლიდი, რომ ისინი იყვნენ იდეების გენერატორები იმ პრაქტიკისა და მანკიერი სამართალგანხორციელების პრინციპებისა, რაც კი ხდებოდა. იყო ეს წყაროები და შეიცვალა. ის ნაწილი, რომ პროკურატურაში ადამიანები ასრულებდნენ ამ დავალებებს, ამ სტანდარტის მიღმა აღმოჩნდნენ და მუშაობენ ჩვენთან, ოღონდ აქ მეორე სტანდარტი შემოვიტანე. თუ იქნება ინდივიდუალური საჩივარი, რომელიც მათ ამხელს იმაზე მეტ დარღვევაში, ვიდრე იყო დავალების შესრულება, ეს საკითხები განიხილება ინდივიდუალურად. ვფიქრობ, რომ ეს უფრო სამართლიანი მიდგომა იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ერთად, ოთხასამდე ადამიანი ხელაღებით უნდა გაგვეშვა და მთლიანად დაცლილიყო პროკურატურის სისტემა. ეს რთული იყო, ტექნიკურადაც რთული იყო. მთლიანად გამოიწვევდა საქმიანობის პარალიზებას და მეორე, არც მაინცდამაინც სამართლიანად მიმაჩნია.” _ აცხადებდა არჩილ კბილაშვილი “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ თუკი იქნებოდა ინდივიდუალური საჩივრები რომელიმე პროკურორთან დაკავშირებით, მას ინდივიდუალურად განიხილავდნენ.
რადგან ვთვლით, რომ მარიკა ტოკლიკიშვილის საქმე სწორედ იმ ინდივიდუალურ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის შესახებაც მთავარი პროკურორი საუბრობდა, გადავწყვიტეთ, გამოხმაურების შემდეგ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაგვეწერა.
“გურია ნიუსი” მარიკა ტოკლიკიშვილს კარგად იცნობს გახმაურებული სასამართლო პროცესებიდან, სადაც ის ხშირად იყო მიწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში და არაერთი დასკვნის სიყალბე უმხელია, რაც პროკურატურის მხრიდან იყო ჩადენილი. სასამართლოს, რა თქმა უნდა, ეს მხედველობაში არ მიუღია, მაგრამ პროფესიონალი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით ყველაფერი ისედაც ნათელი იყო.
მარიკა ტოკლიკიშვილის პროფესიული ბიოგრაფია ასე გამოიყურება: საქართველოში ფონოსკოპიური ექსპერტიზა შეისწავლა პროფესორ გურამ რამიშვილთან და გურამ კაპანაძესთან. გავლილი აქვს სპეციალური მომზადება მეტყველების ჩანაწერის კრიმინალისტიკური კვლევის დარგში, რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ–პეტერბურგის საერთაშორისო “მეტყველების ტექნოლოგიების ცენტრში, აკადემიკოს ს.კოვალთან.
გავლილი აქვს სპეციალური მომზადება, პიროვნების მეტყველების კრიმინალისტიკური–საიდენტიფიკაციო გამოკვლევების დარგში ქ. კიევში აკადემიკოს ს.კოვალთან.
გავლილი აქვს სპეციალური მომზადება პიროვნების მეტყველების მიხედვით გარეგნული და ფსიქოსოციალური მახასიათებლების დიაგნოზირების დარგში. უკრაინა, ქ.კიევში სამეცნიერო სემინარებზე.
შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, 2005 წლიდან მუშაობდა. მანამდე, სანამ 2005 წელს შსს და უშიშროების სამინისტროები გაერთიანდებოდა, მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკურ სამმართველოში 1998 წლიდან.
ამჟამად მარიკა ტოკლიკიშვილი მუშაობს დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში “ვექტორში.”
ის “გურია ნიუსთან” იმ დაკვეთების შესახებ ყვება, რომლის არშსრულების გამო, ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან და პროფესიონალ ექსპერტს რეჟიმმა მისთვის ჩვეული განაჩენი გამოუტანა. რა ხდებოდა შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, ამის შესახებ მარიკა ტოკლიკიშვილისგან შეიტყობთ.
მარიკა ტოკლიკიშვილი: ” შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში 2009 წელს მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა მთავარი სამმართველოს უფროსის გიგი ჯანყარაშვილის მეთაურობით. მათი მოსვლის შემდეგ ძალიან დაიძაბა სიტუაცია ხელმძღვანელობასა და ჩემს მიმართულებაში მომუშავე ექსპერტებს შორის. ვინაიდან ფონოსკოპიური ექსპერტიზა ძალზე შრომატევადი და რთული შესასრულებელია, ამიტომ შემოსულ საქმეებსა და ჩვენს მიერ გაშვებულ დასკვნებს შორის ბალანსი დაირღვა.
თვეში საშუალოდ შემოდიოდა 20 საქმე, ხოლო ჩვენგან გადიოდა 7–8 დასკვნა. ამის გამო ჩვენ ვმუშაობით შაბათსაც და ზოგჯერ კვირა დღესაც. მიუხედავად ამისა, ახალი ხელმძღვანელობის მიერ მოყვანილმა მონიტორინგის სამსახურმა დევნა დაუწყო ჩემს თანამშრომლებს და მათგან ითხოვდა 1 წუთის დაგვიანებაზე პატაკის დაწერას და ახსნა–განმარტებას. ამის შედეგად სამსახურიდან საკუთარი განცხადებით განთავისუფლდა: დეკემბერში _ გ,ხურციძე, იანვარში _ ს,ბექაური, მარტში_ დ.ანფიმიადი და მაისში–დ.ბუაჩიძე. მიმართულებაში დავრჩით მე და ერთი ექსპერტი.
_ იყო თუ არა ზეწოლა იმ მოთხოვნით, რომ დასკვნა გაგეყალბებინათ? ხშირ შემთხვევაში ხომ სწორედ ამ დასკვნებზე იყო აგებული მთელი ბრალდება?
_ დიახ, იყო. 2010 წელს საქალაქო სასამართლოდან შემოსულ ერთ–ერთ საქმესთან დაკავშირებით, ხელმძღვანელობა ჩემზე ახორციელებდა ზეწოლას და დაჟინებით ითხოვდა ყალბი დასკვნის გაცემას. მიუხედავად ყველაფრისა მე კატეგორიული უარი განვაცხდე დასკვნის გაცემაზე. მაშინ სამმართველოს უფროსმა მითხრა, რომ თუ დასკვნას არ დავწერდი, უნდა დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი სამსახურიდან. მე ვუთხარი, რომ არც დასკვნას დავწერდი და არც განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ, ვინაიდან მე პირნათლად ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, ვამზადებ სტაჟიორებს, ვეხმარები სხვა ექსპერტებს რთულ საქმეებში და ზოგადად იმაზე მეტს ვმუშაობ, ვიდრე მევალება-მეთქი. მაშინ გიგი ჯანყარაშვილი დამემუქრა, “კარგი, ამ საქმეს ჩვენ მივხედავთო”.
შსს გენერალურ ინსპექციაში ჩემზე შეიტანეს საჩივარი, თითქოსდა მე არ ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას და ვაფერხებდი გამოძიებას. როდესაც მე დამიბარეს გენერალურ ინსპექციაში, მივიტანე ყველა მასალა, რითიც მტკიცდებოდა, რომ ხელმძღვანელობის მიერ ჩემს მიმართ წაყენებული ბრალდებები სიცრუეა და უსაფუძვლო. მიუხედავად ამისა, გენ.ინსპექციამ შეთითხნა ყალბი დასკვნა, რის საფუძველზეც მე გამანთავისუფლეს სამსახურიდან “სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის”. ჩემი განთავისუფლების შემდეგ ზეწოლა დაიწყეს მიმართულებაში დარჩენილ ერთადერთ ექსპერტზე უ.ხელაშვილზე, და ახლა მისგან ითხოვდნენ იმ ავბედითი დასკვნის დაწერას. ერთ კვირაში უკანასკნელმა ექსპერტმა დაწერა განცხადება და დატოვა სამსახური. ამით დაიშალა ამიერკავკასიაში ყველაძე ძლიერი ფონოსკოპიური ექსპერტიზის მიმართულება.
_ მთავარი პროკურატურის ახალ შემადგენლობას თუ მიმართეთ საქმის შესწავლის მიზნით?
_ მე მაშინვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში, თუმცა მაშინ საქმის შესწავლა კი არა პასუხიც არ მაღირსეს. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ისევ შევიტანე განცხდება, რეაგირება შოკისმომგვრელად სწრაფი იყო, თუმცა შედეგზე რა მოგახსენოთ. ქალაქის პროკურატურაში დამიბარა პროკურორმა, რომელსაც ჩემი საქმის შესწავლა ჰქონდა დავალებული. ეს პროკურორი აღმოჩნდა ყოფილი გენერალური პროკურატურის პროკურორი და ჩემს ხელმძღვანელობას ყველას ძალიან კარგად იცნობდა. საუბარი დაიწო იმით, რომ ახლა პროკურატურაში ყველაფერი შეიცვალა, რომ ზეწოლები აღარ ხდება პროკურორებზე და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც კი საქმიან ნაწილზე გადავედით, მოკლედ ასეო, ისეო… თქვენ ამას ამბობთ, ის იმას იტყვისო, ეს ზოგმა შეიძლება დანაშაულადაც არ ჩათვალოსო, ყველა პროკურორს თავისი ხედვა აქვსო. მოკლედ, ძალიან ბევრი მელაპარაკა, თუმცა ღირებული არაფერი. მეტი რომ აღარ გავაგრძელო ამაზეა ნათქვამი “კრება დარჩა მხიარულიო”. მადლობაც გადავუხადე და წამოვედი. აი მაშინ მივხვდი, რომ არაფერი არ შეცვცლილა ამ ქვეყანაში და ასეთი მიდგომით არც შეიცვლება.
_ თქვენ სოციალური ქსელით გამოეხმაურეთ მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ინტერვიუს, სადაც ის განმარტავდა, თუ რა მიზეზის გამო არ გაათავისუფლა ადეიშვილის დროინდელი პროკურორები და პროტესტიც გამოთქვით მის ამ მიდგომასთან დაკავშირებით.
_ დიახ , მასეა. ბატონი პროკურორის ლოგიკით, მაშინ მე უნდა დამეწერა ყალბი დასკვნა, რა ჩემი საქმე იყო ჩემი დასკვნის საფუძველზე ვინ გაუბედურდებოდა, მთავარია მე დღესაც იქ ვიმუშავებდი და ჩემს ოჯახსაც არ მოაკლდებოდა სოლიდური ანაზღაურება. თავი კი თურმე იმით უნდა მემართლებინა, რომ მე “დამავალეს” და ჩემი ბრალი არაფერი არ არის. მთელი უბედურება კიდევ იმაშია, რომ ის მოადგილე, ვინც მაშინ დანაშაულებრივ ქმედებებს გვავალებდა და ნივთმტკიცებებს აყალბებდა, დღეს დააწინაურეს და შსს საექსპერტო– კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. ასე რომ ფრთხილად იყავით და სამართლიანობის იმედიც ტყუილად ნუ გექნებათ.
_ ვისზე საუბრობთ, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ახლა თქვენი თქმით დააწინაურეს?
_ მთავარი სამმართველოს უფროსია ახლა ნუგზარ სუჯაშვილი, რომელიც ადრე გენერალური ინსპექციის მაღალჩინოსანი იყო და სპეციალურად იყო მოვლენილი საექპერტოში რათა გაეკონტროლებინა სიტუაცია
_ ქალბატონო მარიკა, მე ვიცი, რომ აუდიო და ვიდეოექსპერტიზას რაც შეეხებოდა, ძალიან ბევრი, სრული მონტაჟი იყო, არც კი ხდებოდა მათი შესწავლა და მოკვლევა ადასტურებთ ამას?
_ სანამ მე იქ ვმუშაობდი, მსგავსი რამ არ ხდებოდა და სწორედ ამიტომ აგვითვალწუნეს. იმ საქმეებზე, სადაც აღმოჩნდებოდა რომ მასალა დამონტაჟებულია, ახლანდელი უფროსი სუჯაშვილი წერილს აკეთებდა და საქმეები შეუსრულებლად მიჰქონდათ უკან, რომ არ დაგვეწერა რომ მონტაჟია.
ზოგჯერ თვითონ გამომძიებლები ითხოვდნენ ჩემგან რომ საქმე ჯერ არ გამეხსნა შესასწავლად.
_ ბევრი საქმე იყო ისეთი, რომელზეც გთხოვდნენ, რომ არ გაგეხსნათ?
_ ცნობისათვის, გეტყვით, რომ როცა წამოვედი, იქ დავტოვე 60 შეუსრულებელი საქმე. რა უქნეს იმ საქმეებს თქვენთვის კარგად ცნობილმა “ვითომ ექსპერტებმა” კუნელაშვილმა და ხიზანაშვილმა, არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ 4 თვეში ყველა საქმე გაშვებული ჰქონდათ, როცა ამ ყველაფერს გაცილებით დიდი დრო ჭირდებოდა…