შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აინტერესებთ მინისტრის ხედვა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესახებ. მაია ფანჯიკიძის თქმით, ის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის მიერ შეთავაზებული 14-პუნქტიანი დოკუმენტის გარკვეულ პუნქტებს არ ეთანხმება, თუმცა, ეს მხოლოდ სამუშაო ვერსიაა და საბოლოო ვერსიამდე შესაძლოა შეიცვალოს.
“საქართველოს რეალური ინტერესი არის დეოკუპაცია, საქართველოს რეალური ინტერესი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავისი ადგილის დამკვიდრება რეგიონალურ კონტექსტში, ის, რომ იგი იყოს მშვიდობის გამავრცელებელი ქვეყანა და არა დაპირისპირების. საქართველოს ინტერესია, რომ მან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მაგრამ ამავე დროს გათვალისწინებული იყოს მისი ყველა ეროვნული ინტერესი,” _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძის თქმით, ნატოსთან მიმართებაში იგეგმება ორი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება _ ბრიუსელში მიმდინარეობს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვიზიტი; რამდენიმე დღეში ბრიუსელში ჩავა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; წელს იგეგმება ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში; შემოდგომაზე გაიმართება სამხედრო კომიტეტის ვიზიტი.
მინისტრის თქმით, ნატოს მიმართულებით წინსვლა მოსალოდნელია, თუმცა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი ხელისუფლება არ შეეცდება ყალბი მოლოდინების გაღვივებას.