“საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლი, როცა ბესარიონ ალავიძე გაამწესეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოში მოსამართლედ. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა დაირღვა მაშინაც, როდესაც ალავიძის კანდიდატურა წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად. მოსამართლე ალავიძეს არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, რაც წარმოადგენს მოსამართლედ გამწესების აუცილებელ წინაპირობას. დღეს უზენაესი სასამართლოს წევრია ადამიანი, რომელსაც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლებაც კი არ ჰქონდა,” _ აცხადებდა ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი “გურია ნიუსთან“.
“გურია ნიუსმა მოიპოვა მოსამართლე ალავიძის დიპლომის ასლიც, რომლის მიხედვითაც მას არ მინიჭებია იურისტის კვალიფიკაცია ან რაიმე იურიდიული ხარისხი.
ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადებით, მოსამართლე ალავიძის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება, ბათილობას ექვემდებარება.
ბესარიონ ალავიძის სახელი კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს, რომლის შესახებ “გურია ნიუსმა” “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან შეიტყო.
მოსამართლეს იურიდიული განათლების გარეშე, როგორც აღმოჩნდა, იმაზეც არ ჰქონდა წარმოდგენა, რას ნიშნავს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.”
რამდენიმე დღის წინ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI)” წერილობით მიმართეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებმა, ზურაბ ძნელაშვილმა და ნინო მამულაშვილმა. წერილში აღნიშნული იყო შემდეგი:
“იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გასაუბრების შემდეგ, 2008 წლის ივნისში კონკურსის საფუძველზე 7 მონაწილე ჩავირიცხეთ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად (ჩვენი ჯგუფი იყო რიგით მე-2 ჯგუფი სკოლის ისტორიაში). 14 თვიანი სრული სასწავლო კურსის (თეორიული კურსის, სტაჟირების და სემინარული მუშაობის) გავლის და შესაბამისი გამოცდების (ტესტირება და წერითი გამოცდა) ჩაბარების შემდეგ, 2009 წლის ოქტომბერში გავიარეთ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მოსამართლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად ჯგუფიდან მოსამართლედ დაინიშნა 4 მსმენელი, ხოლო დანარჩენი სამი მსმენელისთვის (რომელთა შორის, ჩვენც ვართ) მოსამართლედ დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზები არავის უცნობებია.
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ არაერთი განცხადებითა და საჩივრით მივმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლას (სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს) ჩვენთვის გაეცნოთ ჩვენ შესახებ მათთან არსებული ყველა ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე ეცნობებინათ კონკრეტულად რომელი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე და უშუალოდ რომელ დოკუმენტებზე დაყრდნობით იყო შედგენილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით, თუმცა რეალური პასუხი იქამდე ვერ მივიღეთ, ვიდრე საქმეში არ ჩაერთო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.”
როგორც ირკვევა, ბესარიონ ალავიძე გარდა იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, ამავდროულად გახლავთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრიც. სწორედ მან და კოტე კუბლაშვილმა გადაწყვიტეს, რომ არ გაესაჯაროვებინათ ინფორმაცია იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელთაც პირადად ეხებოდათ აღნიშნული ინფორმაცია.
“როგორც იუსტიციის სკოლაში სწავლისას, ისე იუსტიციის სკოლის დამთავრების შემდეგ, სკოლის დირექციიდან (შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სკოლის დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი გახლდათ, რომელმაც თანამდებობა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა.) გვეუბნებოდნენ, რომ არ მოგვეთხოვა არანაირი ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც კი სწავლის პროცესში დგებოდა ჩვენს შესახებ და იუსტიციის სკოლაში ინახებოდა” _ აღნიშნავენ წერილში ზურაბ ძნელაშვილი და ნინო მამულაშვილი.”
მიუხედავად აღნიშნულისა, 2012 წლის 9 ოქტომბერს მათ განცხადებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვეს მიეწოდებინათ მათ შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.
“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 2012 წლის 19 ოქტომბრის წერილებით გვეცნობა, რომ მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად ჩვენი კანდიდატურების განხილვისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, რაც საფუძვლად დაედო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას ჩვენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება არ გადმოგვცემია.” _ ნათქვამია წერილში.
2012 წლის 19 ოქტომბერსვე, წერილის ავტორებმა განცხადებით მიმართეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორს და მოითხოვეს გაეცნოთ მათ შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის 2012 წლის 26 ოქტომბრის წერილებით მათ გადაეცათ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.
“აღმოჩნდა, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ შედგენილი დახასიათება წინააღმდეგობრივი ხასიათის იყო, შეიცავდა ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის მქონე წინადადებებს, ხოლო შედგენის სტილისა და მეთოდის მიხედვით, მიმართული იყო იუსტიციის მსმენელის შესაძლებლობების დაკნინებით წარმოჩენისაკენ, მისი პიროვნების დისკრედიტაციისაკენ და არა ადრესატისთვის (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის) სრული ინფორმაციის მიწოდებისა და ადექვატური შთაბეჭდილების შექმნისაკენ.“ – აღნიშნავენ წერილის ავტორები.
2012 წლის 21 ნოემბერს მათ მიმართეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის საფუძველზე მოითხოვეს ეცნობებინათ კონკრეტულად რომელი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე და უშუალოდ რომელ დოკუმენტებზე დაყრდნობით იყო შედგენილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება მათ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
სწორედ ამ დროს ჩნდება საქმეში მოსამართლე ბესარიონ ალავიძე…
განცხადების პასუხად, წერილის ავტორებს გადაეცათ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ბესარიონ ალავიძის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) 2012 წლის 29 ნოემბრის წერილები, რომელიც არ პასუხობდა განცხადებაში დასმულ შეკითხვებს. წერილის ავტორი მხოლოდ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგიერთ ნორმათა გადმოცემით შემოიფარგლა.
2012 წლის 5 დეკემბერს ზურაბ ძნელაშვილმა და ნინო მამულაშვილმა ერთობლივად მიმართეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს – კონსტანტინე კუბლაშვილს და განმეორებით მოითხოვეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე ეცნობებინათ კონკრეტულად რომელი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე და უშუალოდ რომელ დოკუმენტებზე დაყრდნობით იყო შედგენილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება მათ კანდიდატურებთან დაკავშირებით
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ერთობლივი განცხადების პასუხად, კვლავ ბესარიონ ალავიძის 2013 წლის 9 იანვრის წერილები გადაეცათ, რომლის მიხედვითაც ეცნობათ, რომ განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები უსაფუძვლოა, რის გამოც უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თავის პასუხებში ბესარიონ ალავიძე აღნიშნავდა, რომ მოთხოვნები არ გამომდინარეობდა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმულირებიდან.
“ბესარიონ ალავიძის მიერ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაცია და აღნიშნული ნორმით შემოფარგვლა, ჩვენ განცხადებაზე პასუხის გაცემისაგან თავის არიდებაა, ვინაიდან მოქალაქის უფლება – სახელმწიფო დაწესებულებიდან მიიღოს მის შესახებ არსებული ინფორმაცია, დაცულია თვით საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით და არა მხოლოდ ალავიძის წერილში მითითებული კანონით.” – აღნიშნავენ თავიანთ არგუმენტებში ავტორები.
რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს მიერ განმცხადებლების ბოლო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მათ გადაეცათ გარკვეული დოკუმენტები. როგორც ზურაბ ძნელაშვილი და ნინო მამულაშვილი აცხადებს, ეს მოხდა არა კოტე კუბლაშვილის კეთილი ნების გამო, არამედ, იმის გამო, რომ საქმეში ჩაერთო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც ანალოგიური მოთხოვნით წერილობით მიმართა იუსტიციის უმაღლეს სკოლას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე კი ამტკიცებს, რომ დღეს მოქმედ ყველა მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს და ბესარიონ ალავიძის დიპლომზე დავას “განსხვავებული გემოვნებით” ხსნის.
თუმცა, მოსამართლის სტატუსი არა “გემოვნებით,” არამედ კანონით განისაზღვრება.