რომელიც პაციენტის, დაზღვეულის უფლებებს, კერძო სადაზღვევო კომპანიასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის დავებს არეგულირებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი სოფიო ლებანიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სფეროში დავა ძალიან კომპლექსურია; ის შეიძლება შეიცავდეს სამედიცინო, იურიდიულ, ასევე ფინანსურ საკითხებს და განხილვის პროცესი იურისტის, ფინანსისტის და ექიმის მონაწილეობით მიმდინარეობს. მედიაციის სამსახურს სამი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია – პაციენტის უფლებების დაცვა, დაზღვეულის უფლებების დაცვა და 2 იურიდიულ პირს შორის, კერძო სადაზღვევო კომპანიასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის დავების რეგულირება, ურთიერთობების მოწესრიგება.
_ სამედიცინო მედიაციის სამსახური 2012 წლის 1 ივნისს შეიქმნა, იმ ფორმით, რა ფორმითაც ამჟამად ფუნქციონირებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯანდაცვის სისტემაში მედიაციის ფუნქციის მატარებელი ორგანო დაახლოებით 4-წლიან ისტორიას ითვლის. მედიაციის სამსახურს საზოგადოება იცნობს, როგორც ჯანდაცვის ომბუდსმენს. რადგანაც იზრდებოდა დაზღვეულთა რიცხვი არა მხოლოდ კორპორატიული, არამედ სახელმწიფო პროგრამების ნაწილში. ამიტომ, სახელმწიფომ მიზანშეწონილად ჩათვალა გარკვეულწილად მარეგულირებლის – დავების განმხილველი ორგანოს ჩამოყალიბება.
_ კერძო სადაზღვევო კომპანიას _ “არქიმედე გლობალ ჯორჯია“ და სამედიცინო კლინიკებს შორის მიმდინარეობს დავა. შესაძლებელია თუ არა კონკრეტული საქმე მედიაციის სამსახურის გვერდის ავლით მოხვდეს სასამართლოში?
_ კანონმა გარკვეულწილად დააწესა შეზღუდვები, თუ რა არის ამ დავებში ჩვენი უფლებამოსილება. კანონმდებლობამ კალენდარული ციკლიც კი დაადგინა: 2012 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ნებისმიერი დავა არ არის მედიაციის სამსახურის უშუალო უფლებამოსილება დავის განხილვის ნაწილში. ხოლო, 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი დავები: პაციენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის, სამედიცინო დაწესებულებას და სადაზღვევო კომპანიას შორის, არის სამედიცინო “მედიაციის სამსახურის“ განხილვის საგანი. კანონმდებელმა მედიაციის სამსახურს განუსაზღვრა კიდევ უფლებამოსილება – სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი ყველა ასეთი ტიპის დავა, არის მედიაციის სამსახურის კომპეტენცია.
არის შემთხვევები, როდესაც დავა წარმოიშობა კერძო სადაზღვევო კონტრაქტებით დაზღვეულ ფიზიკურ პირებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. ან არის ისეთი დავა, რომელიც უკავშირდება კერძო, ინდივიადუალური კონტრაქტით დაზღვეულ ფიზიკურ პირს. ამ ნაწილში ფიზიკური და იურიდიული პირი უფლებამოსილია მიმართოს ან სასამართლოს ან მედიაციის სამსახურს.
_ სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბი-სი-აი“, რომელიც ქართულ ბაზარზე ფაქტობრივად მონოპოლისტია და… (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)
_ რატომ, მონოპოლისტი?! დღეს საქართველოში თუ სწორად მახსოვს, 8 სადაზღვევო კომპანიას გააჩნია ჯანმრთელობის დაზღვევის ლიცენზია…
_ “ალდაგი ბი-სი-აი“ 2012 წლის 26 სექტემბერს “თეთრ სიაში“ მოხვდა. ამ სიაში მოხვედრა პრივილეგიას ნიშნავს ანუ კომპანიას შეუძლია ყოველგვარი კონკურენციის გარეშე მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში.
_ არ ვიცი, ამის შესახებ პირველად გავიგე თქვენგან.
_ განიხილავს თუ არა ჯანდაცვის ომბუდსმენი დამსაქმებელ სამედიცინო დაწესებულებასა და დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს შორის წარმოშობილ დავას?
_ არა, ჩვენ ასეთი ტიპის დავას არ განვიხილავთ. ცალსახად, დამქირავებელსა და დასაქმებულს შორის წარმოშობილი შრომითი დავები, თუნდაც ეს იყოს ჯანდაცვის სექტორში წარმოშობილი, ეს არ არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის კომპეტენციის სფერო.
_ ამ ტიპის დავაში სამედიცინო პრესონალზე, ექიმების უფლებებზეა საუბარი.
_ გეთანხმებით, ეს არის ექიმების უფლებები, სამედიცინო პერსონალის უფლებები, რომელიც არ არის მედიაციის სამსახურის კომპეტენციის სფერო.
_ რატომ არ იყო ჩადებული ჯანდაცვის ომბუდსმენის სისტემაში ექიმების უფლებების დაცვა? მით უმეტეს, მედიაციის სამსახური ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დამხმარების სამინისტროს ბაზაზე გაიხსნა…
_ ექიმის უფლებების დაცვა არ არის ჩვენი სამსახურის კომპეტენცია. რატომ არ არის, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გეტყვით მარტივი მიზეზის გამო: როდესაც შეიქმნა ეს სამსახური და კონცეფცია იხილებოდა, მე არ ვიყავი პროცესის მონაწილე. ამ პოზიციაზე დავინიშნე კონკურსის პირობებით. ამიტომ, ვერ გეტყვით რატომ არ მოხდა ამ ფუნქციის ინტეგრაცია ამ სამსახურში; გარკვეულწილად, შემიძლია მხოლოდ ჩემი მოსაზრება მოგაწოდოთ.
_ ვის უნდა მიმართოს ექიმმა, როდესაც მისი უფლება ილახება?
_ სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ამ შემთხვევაში კანონმორჩილი ვართ და ვერ შევეჭიდებით იმ საქმეს, რომლის განხილვის კომპეტენცია კანონმა არ მოგვცა.
იმ შემთხვევაში, თუ დავა სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებითაა, კერძო სამართლის ნაწილს შეადგენს და თავიანთი უფლების დასაცავად, ექიმებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. თუ დავა წარმოშობილია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ეს რეგულირდება შრომითი კანონმდებლობით. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობების ნაწილს, რამდენად ეწინააღმდეგება შრომითი ხელშეკრულება კანონს, რამდენად არის მათი უფლებები დარღვეული, შეიძლება მათ მიმართონ შესაბამის პროფკავშირებს და ამ მიმართულებებითაც შეიძლება დაიცვან საკუთარი უფლებები.
_ როდესაც სამინისტრო უშუალოდ იღებს პასუხისმგებლობას შრომითი საკითხების მოგვარებაზე…
_ მოდით, შრომითი საკითხი გვერდზე გადავდოთ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში; არც ჩემი თავი მინდა ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში და არც ის მინდა, თქვენ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სამედიცინო პერსონალსა და დამქირავებელს შორის ასეთი დავის განხილვა არ არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის კომპეტენცია.
_ ბოლო პერიოდში რამდენი დავა განიხილა სამედიცინო მედიაციის სამსახურმა და რა შედეგი დადგა?
_ ჩვენთან დავის განხილვის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი პროცესია: I. როდესაც პაციენტის ან დაზღვეულის უფლების ნაწილში მედიაციის სამსახური იღებს განცხადებას, ამის შემდეგ ვიწყებთ განხილვის პროცედურას, ვსწავლობთ და ვიკვლევთ ინფორმაციას დეტალურად სადაზღვევო კომპანიიდან და სამედიცინო დაწესებულებიდან. თუ მოკვლევის შედეგად დადგინდა ფაქტი, რომ დაზღვეულის, ან პაციენტის უფლება დაირღვა, ვერ მიიღო სამედიცინო პოლისით განსაზღვრული მომსახურება, ამ შემთხვევაში, სამედიცინო მედიაციის სამსახური აიდენტიფიცირებს დარღვევას. II. ოფიციალური განცხადების გარეშე, ფიზიკური პირი სატელეფონო კავშირით მომართავს სამინისტროს “ცხელ ხაზზე“. ყველა სატელეფონო მომართვაზე მედიაციის სამსახური ახორციელებს უკუკავშირს მოქალაქესთან. ასეთი კომუნიკაციის შედეგად, ჩვენ ვუგვარებთ პრობლემას დაზღვეულს. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანიამ ან სამედიცინო დაწესებულებამ დაარღვია დაზღვეულის უფლება, მედიაციის სამსახური აიდენტიფიცირებს ამ ფაქტს, როგორც დარღვევას. ასევე, თუ ფიზიკური პირის უფლება დაირღვა და მას მიადგა ქონებრივი ზიანი, მას შეუძლია პროცესი გააგრძელოს მედიაციის სამსახურში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ფიზიკურ პირებს ვემსახურებით ყოველგვარი საფასურის გარეშე. მედიაციის სამსახური მთელ ამ პროცესს ახორციელებს ადმინისტრაციული წარმოების და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად. ჩვენი განხილვის პრინციპი არის არა მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით სასარჩელო წარმოება, რაც ანალოგიურია სასამართლოში ქონებრივი დავის განხილვის პირობებისა.
_ კომპანიებს შორის დავას რა მექანიზმით ახორციელებთ?
_ კომპანიებს შორის დავა სასარჩელო პროცესში ხვდება. აქ ფინანსურ დავაზეა საუბარი. კლინიკას შემოაქვს სარჩელი. მედიაციის სამსახური არბიტრის როლს თამაშობს. ცდილობს მხარეების მორიგებას. თუ პროცესი მორიგებით არ დასრულდა, იღებს გადაწყვეტილებას ან რეკომენდაციას. სასარჩელო წარმოების დროს, დავა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პრინციპების დაცვით, რაც სასამართლო პრინციპების ანალოგიურია.